გუშინ, ბლექ სი არენაზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი-საქართველო გაიხსნა.
საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგნენ: ანსამბლები „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“. საფრანგეთი (კორსიკა) – Spartimu წარმოადგინა, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo .
როგორც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ სურგულაძემ გვითხრა, _„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაფუძნდა. ფესტივალს საქართველომ უკვე ორჯერ უმასპინძლა. წლიდან წლამდე გაიზარდა მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა და შესაბამისად, ამ ღონისძიების მასშტაბები. მნიშვნელოვანია, რომ შარშან, ფესტივალის მასპინძლობაში გურიასთან ერთად უკვე აჭარაც აქტიურად იყო ჩაერთო, წელს კი რაჭა ჩაერთვება. წინა ორ ფესტივალში მონაწილეობდნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები იტალიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან , პოლონეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან. წელს მათ შეურთდებიან ანსამბლები იტალიიდან (სარდინია), საფრანგეთიდან (კორსიკა), ლიეტუადან და პოლონეთიდან. ფოლკოლის ფესტივალის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგო დონაძეს.“
წელს ფესტივალში მონაწილეობის პატივი გურიიდან ტრიოს „შალვა ჩემო“ ერგო.
_ჩვენს ფოლკლორულ ტრიოს „შალვა ჩემო“ არერთ ფესტივალში მიუღია მონაწილეობა.
2011 წელს ფესტივალ „ჩვენებურების“ პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიის დიდი სცენებზე წავრსდექით ამერიკელი მაყურებლების წინაშე. ამ ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ ტრიომ აშშ-ს 8 შტატის 16 ქალაქში გამართა კონცერტები. შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ვიყავით, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია და ბლექ სი არენაზე გამოსვლა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.
ჩვენ ცოტა ხნის წინ დიდი დანაკლისი განვიცადეთ. გარდაიცვალა ანსამბლის წევრი გური სიხარულიძე.. ახლა ტრიოში ანსამბლ „შვიდკაცას“ სოლისტი ლევან ნინიძე მღერის. ტრიოში არის უცვლელი წევრი მერაბ კალანდაძე. ჩვენ გავხსნით ფესტივალს სიმღერით „სისონაი დარჩიაი“.._გვითხრა ტრიოს ხელმძღვანელმა ტრისტან სიხარულიძემ.
კონცერტი მართლაც გრანდიოზული იყო. საქართველოს საუკეთესო ანსამბლები წარსდგენენ ბლქ სი არენის დიდი სცენიდან მაყურებლების წინაშე.
მაყურებლების განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა ტრიო „შალვა ჩემოს“,აჭარის უხუცეს მოცეკვავეთა ანსამბლ „ბერმუხას“ გამოსვლას და კორსიკელების მიერ აჟღერებულ ქართულ სიმღერას „თბილისო“.
ფესტივალმა დღეს რაჭაში, ქ. ამბროლაურში გადაინაცვა.აქ სცენაზე ლიეტუას და პოლონეთის ანსამბლებიც გამოვლენ. ფესტივალი ხვალ, საზეიმოდ ქ. ონში დასრულდება.