კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობები გრძელდება

დამატებულია: 2019-09-21
picture1

ალიონი. კურორტ გომისმთაზე უკანონო მშენებლობები კვლავ გრძელდება, პარალელურად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტები არსებული შენობების აღრიცვა-ნომრის მინიჭების სამუშაოებს ასრულებენ. მათ უკვე დანომრეს 850-ზე მეტი სახლი.

ამჟამად გომისმთაზე, გაღმა თუ გამოღმა ნაწილში, ხის სოლებით „შეიარაღებული“ ადამიანები კურორტის მიმდებარე ხეობასა თუ მთების კალთებზე გამალებით ნიშნავენ სააგარაკო სახლების დასადგმელ ადგილებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები ზაზა მენაბდე და დავით სალუქვაძე, კურორტზე მუნიციპალიტეტის მუდმივ წარმომადგენელ ზურაბ ჩხარტიშვილთან ერთად, ამ პირებს ადგილზე აფრთხილებენ, რომ მათი ქმედება უკანონოა, თუმცა, ისინი, თავისას არ იშლიან და ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების სხვა ადგილზე გადაადგილებისთანავე განაგრძობენ უკანონო ქმედებას.

გომისმთის გაღმა ნაწილში ხუთი მთვრალი მამაკაცი ედავებოდა ზურაბ ჩხარტიშვილს და ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებს, რომ სადაც სურთ, იქ დადგამენ სახლს, რაღაც „კუთხურობაზე“ საუბრობდნენ.

ილია ჭაღალიძე ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში ცხოვრობს. მისი სააგარაკო სახლი შუახევისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, ხარიათაღის ღელის გამოღმა მდებარეობს. ვესაუბრეთ და აზრი ვკითხეთ სააგარაკო სახლებზე ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით.

_ვერაფერს გეტყვით. ჩვენ აქ საქონელი ამოგვყავს და ყური წავკარი, რომ მომავალში დასახლებაში ძროხებს ვერ ვიყოლიებთ. ამას ვერ შევეგუებით. ისე ახლა რომ ნომრავენ, აქ როცა ხალხი იყო, მაშინ უნდა გაეკეთებინათ და მათი აზრი მოესმინათ. მე ვერც ერთი მეზობლის სახელს და გვარს ვერ გეტყვით. მათ უნდა ჰკითხოთ, _ გვითხრა მან. შუახეველმა ქათამაძემ (სახელი არ გვითხრა), მეზობელი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებით გამოთქვა აზრი.

_ სულ დავა იყო ორი მუნიციპალიტეტის საზღვართან დაკავშირებით. მე კი გავიგებ, რომ ადმინისტრაციული საზღვარი ხარიათაღის წყალზე გადის, მაგრამ სხვები გაიგებენ?

სააგარაკო სახლებზე ნუმერაციის მინიჭებასთან დაკავშირებით თავისი დადებითი აზრი გამოთქვეს სოფელ დანდალოს (ქედის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ტაკიძეების (შუახევის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებმა თამაზ მოსიძემ და რამაზ ტაკიძემ.

_ ძალიან კარგი საქმეა. სააგარაკო სახლები, სადაც ჩვენ გაზაფხულიდან მოყოლებული 4 თვის განმავლობაში ვცხოვრობთ, დაგვირეგისტრირდება და ჩვენი ოფიციალური საკუთრება გახდება. შუახევის მუნიციპალიტეტმა შუქი შემოიყვანა კურორტზე, კარგია. იმედია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გზებს მიხედავს, _ გვითხრეს მათ.

კურორტის გამოღმა მხარეს ამჟამად 50-მდე სახლი შენდება. ერთ-ერთი პირი პირდაპირ ოფროუდის ტრასის პირას დგამდა სახლს.

_ აქ სპორტული შეჯიბრებები უნდა გაიმართოს. ყველა გავაფრთხილეთ, რომ აქ სახლი არ დაედგა. რატომ არავის არაფერს ეკითხებით? _ მიმართა ვინმე გ. ტ.-ს ზურაბ ჩხარტიშვილმა და დაწყებული მშენებლობა შეაჩერებინა.

რამდენიმე მოქალაქეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მითითების წერილები გადასცა.

ირაკლი და გიორგი თავაძეებმა სახლები ყოფილი ნასაკირალის მოსწავლეთა ბანაკის თავზე, დაუსახლებელ ადგილას დადგეს. მუნიციპალიტეტი მათ ამ სახლების დემონტაჟს სთხოვს, რისთვისაც გარკვეული ვადა აქვთ მიცემული.

ოთარ ქათამაძეს დასადგმელი სახლის ჩაბეტონებული მილები ტრაქტორით ამოუთხარეს, თუმცა, მეორე სახლი გომისმთის წყლის მთავარ მაგისტრალზე დადგა. მისცეს წერილობითი მითითება, თუმცა ამის შემდეგ მან აშენებულ სახლს ქვემოთ ბეტონის გამაგრებითი სამუშაოები შეასრულა.

ხარიათაღის გამოღმა მთის ფერდობზე, სადაც დასახლება არასდროს ყოფილა და სპორტული შეჯიბრებს მართავდნენ, მურად ბერიძემ დადგა სახლი. მასაც გადაეცა გაფრთხილების წერილი.

აქვე ერთი მშენებარე და მეორე დასრულებული სააგარაკე სახლის მეპატრონეებს ადგენენ.

ქობულეთელმა ბადრი გოგმაჩაძემ მაღალი გორის თავზე რკინით შემოჭედილი უცნაური ნაგებობა დადგა და ზედ ჯვარიც გაუკეთა. როგორც გვითხრეს, აქ „ნუდისტები“ იკრიბებიან. გოგმაჩაძეც წერილობითი მითითებითაა გაფრთხილებული.

ვწერდით, და კიდევ გავიმეორებთ არაერთი „ვერმიცანა“ აშენებს სააგარაკო სახლებს კურორტ გომისმთაზე. მუშებმა „არ იციან“, ვის სახლებს აგებენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა ტრაქტორით 30-მდე სახლის კაპიტალურად დაბეტონებული ბოძები მოთხარა. თუმცა, რამდენიმე ადგილზე მოთხრილ ბოძებს გვერდით ახალი ორმოებია ამოღებული და უფრო მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს.

ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა იაონე თეზბიტელის მშენებარე ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარესაა. აქ ე.წ. „ელიტურ უბანში“ ყველაზე ძლიერადაა გაჩაღებული მშენებლობები და კიდევ ახალი სახლების დასადგმელ ადგილებსაც ამზადებდნენ.

უსამართლობის განცდა გეუფლება, როცა ხედავ ერთს დაუნგრიეს და მას შემდეგ იქვე, გვერდით ახალი შენდება. ბუნებრივია, ასეთი რამ არაოფიციალური ნებართვების გარეშე არ ხდება.

******

გვინდა კურორტ გომისმთის სხვა პრობლემებსაც შევეხოთ. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კურორტზე ბჟუჟჰესიდან მაღალი ძაბვის ხაზები აიყვანეს. სამწუხაროდ, მომდევნო წლებში ქვეყანაში განუკითხაობის დრო-ჟამი დადგა და ხაზები ჩამოხსნეს და თურქეთის გზას გაუყენეს. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ ხაზების აღდგენის ნაცვლად, 7 მაღალი ძაბვის ანძა მოთხარა და სხაგან გადაიტანა. ამჟამად კი შუქი გაცილებით დაშორებული ტერიტორიიდან, შუახევის მუნიციპალიტეტიდან შემოიყვანეს კურორტზე.

როგორც სპეციალიტებმა გვითხრეს, მართალია, შიდა დაქსელის სამუშაოები კარგად შესრულდა, მაგრამ მთავარი მაგისტრალის სუსტი ბოძები ვერ გაუძლებს დიდთოვლობას, მუდმივად ავარიები იქნება და საჭიროდ თვლიან ბჟუჟჰესი-გომისმთის ელექტრომაგისტრალის აღდგენას. მომავალ წელს ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა დაიწყოს, თუმცა აქ დგას მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების საკითხი. საქმე ისაა, რომ თავის დროზე ქობულეთის რაიონს 100 წლით გადასცეს გომისმთის მიმდებარე წიწვოვანი ტყეები, სადაც მათ ტყეკაფი აქვთ და სამასალე მერქანს ამზადებენ. მორების ტრანსპორტირება მძიმეწონიანი ავტომანქანებით გომისმთა-ბჟუჟჰესი-ოზურგეთის გზით ხდება, რაც ძალიან აზიანებს გზას. ასევე, იმის გამო, რომ ძალიან ვიწროა და დაზიანებულია გომისმთა-ჯვარიმინდორი -ჭვანას გზა (რაც ადგილზე ვნახეთ), შუახევის მუნიციპალიტეტის ტყეკაფიდანაც გომისმთა-ბჟუჟჰესის გზით ხდება მძიმეწონიანი მანქანებით ხის მორების ტრანსპორტირება, რაც გასათვალისწინებელია ახალი გზის მშენებლობისას.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.