20 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა ნალექმა თოვლით დაფარა აჭარა-გურიის მთები, სადაც თოვლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს. პრობლემები შეექმნათ კურორტ გომისმთასა და ბახმაროში მყოფ დამსვენებლებს, მშენებლებს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში კურორტიდან დამსვენებლების, პირვილ რიგში ბავშვებისა და ქალების გამოსაყვანად.
უფრო რთულადაა საქმე კურორტ გომისმთაზე, სადაც ამჟამად კურორტიდან ხარიათაღი-ჯვარიმინდორი-ჭვანის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია. ასევე თოვლითაა დაფარული ბჟუჟჰესი-გომისმთის (მოყორილი) გზის მონაკვეთი, სადაც მსუბუქი ავტომობილი ვერ გადაადგილდება. კურორტზე იმყოფებიან ტურისტები და იქ მიმდინარე მშენებლობებზე დასაქმებული ხელოსნები. როგორც კურორტზე მყოფმა დამსვენებელმა მერაბ სანიკიძემ გვაცნობა, ამჟამად კურორტზე 20-მდე ტურისტი და გაცილებით მეტი ხელოსანი იმყოფება. კვამლი საკმაოდ ბევრი სახლიდან ამოდის. მისი თქმით თოვლის საფარი უშუალოდ კურორტზე 20 სანტიმეტრს შეადგენს. ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით, რომელმაც სამაშველო სამსახურის უფროსის პაატა ლომთაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით გვითხრა, რომ კურორტ ბახმაროზე იყო ერთი გამოძახება, რომელიც შემდეგ გააუქმეს, ხოლო კურორტ გომისმთიდან დახმარების შესახებ შეტყობინება არ შესულა. სინოპტიკოსების პროგნოზით რეგიონში ხვალიდან გამოიდარებს.