ჩამოქცევამდე დარბეული ოთხთა მონასტერი და უჯვრო იშხანი...

დამატებულია: 2019-09-30
picture1

საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის ექსპედიცია თურქეთში

24-25 სექტემბერს საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის რეგიონულმა ორგანიზაციამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების წარმომამდგენლებთან და გაზეთ `ალიონის~ რედაქციასთან ერთად, პირველი ხანმოკლე ექსპედიცია გამართა თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ართვინისა და შავშეთის ვილაიეთებში.

სანამ ექსპედიციის შედეგების გაცნობას დავიწყებდე, ორიოდე სიტყვით საბაჟოზე გადამხდარი თავგადასავლებისა:

სარფის საბაჟოზე ქართველმა მებაჟეებმა დელეგაციის ყველა წევრი უპრობლემოდ გაატარეს, ხოლო მე, ამ სტრიქონების ავტორი, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 37 წუთი მაყურყუტეს ადგილზე და შემდეგ მომცეს უფლება თურქი მებაჟეებისკენ გადავნაცვლებულიყავი, თუმცა, იქამდე არმისულს უკან მობრუნება მომიხდა, რადგან ერთი ახალგაზრდა თურქი მებაჟე ჩვენი დელეგაციის რამდენიმე წევრს სხვის ბოსტანში გადასული პირუტყვივით მოერეკებოდა აქეთ, ყურში არც თურქული შეუშვა და არც ინგლისური. თავის ხელმძღვანელობას აუხსნა, რომ სურებელი პოეტისა და უცხო ენის მასწავლებლის ოტია ტრაპაიძის ლექსების კრებული აკრძალულ პოლიტიკულ ლიტერატურად მიიჩნია. სიტუაციის გარკვევის შემდეგ, თურქ მებაჟეს, ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა მართებდა მეზობელი ქვეყნის მოქალაქისადმი არაადამიანური მოპყრობისათვის, ისევე, როგორც ქართველ მებაჟეს _ 37 წუთის განმავლობაში ჩემი `კუთხეში დაყენებისათვის~.

ორიოდე სიტყვას თურქეთზეც ვიტყვი და მერე მივყვეთ მთავარ თემას. თანამედროვე მსოფლიოში, ალბათ თითზე ჩამოსათვლელიც არ არიან ისეთი სახელმწიფოები, რომელთაც ისტორიულად მოკლე მონაკვეთში, 25-30 წელიწადში, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, სპორტული თუ სხვა თვალსაზრისით, ისეთი ნახტომი გაეკეთებინოთ, როგორიც თურქეთმა გააკეთა. თურქეთი დღეს ერთ-ერთი მძლავრი სახელმწიფოა, სადაც, სოფლად თუ ქალაქად, მშენებლობების ბუმია, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა უმაღლეს დონეზეა, არნახული ეკონომიკური წინსვლაა. აქ უსაქმურად ვერავის ნახავთ, ყველა შრომობს და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ყველა სახელმწიფოებრივად აზროვნებს დასახელმწიფოს ძლიერებისთვის ზრუნავს.

ექსპედიცია ფაქტობრივად უძველესი ქართული ხეობის მაჭახელას (პროფ. იური სიხარულიძის ვრცელი ნაშრომის მიხედვით, ამ ხეობას მიჭიხიანიც ჰქვია) იმ ნაწილის მონახულებით დავიწყეთ, რომელიც დღეს თურქეთის საზღვრებშია.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ მხარეში ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან ჩვენს დრომდე თითქმის უწყვეტად მოდის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მაჭახელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, უპირველესად, ჭოროხის ხეობის მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. საბედისწერო ისტორიული ქარტეხილების შედეგად, დღეს მაჭახელის ერთი ნაწილი (ზემო) თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი _ საქართველოს შემადგენლობაში.

ხერთვისში, იქაურ ქართველებს შევხვდით და საჩუქრად წიგნები გადავეცით. ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანებით შეგვხვდნენ. საშუალო თაობა მეტ-ნაკლებად ფლობს ქართულ ენას, რასაც ვერ ვიტყვით ახალგაზრდობაზე. სამწუხაროდ, დიდად ვერც ამის სურვილი ამოვიკითხეთ უმეტესობის სახეზე.

გზა ართვინისაკენ განვაგრძეთ, სადაც ღამეც გავითიეთ. ართვინი ძირითადად მთის ციცაბო კალთაზე შეფენილი ქალაქია, ძველისა და ახლის შერწყმით. ახალი ჭარბობს და ქალაქი იშვიათი სილამაზისაა, განსაკუთრებით ღამით. სიძველეთაგან შთამბეჭდავია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ართვინის ციხე, რომელსაც `ქაჯეთის ციხესაც~ უწოდებენ.

მეორე დღეს იუსუფელის რაიონში სოფელ თექქალეში მოვინახულეთ კავკასიძეების ციხე. ეს ციხე, მართალია პატარაა, მაგრამ ძალიან პირქუში და მიუდგომელია. ასეთი მიუვალი ციხის პოვნა მთელ პროვინციაში გაგიჭირდებათ. ცნობილია, რომ ამ ციხეზე ასვლას ექვთიმე თაყაიშვილიც ოცნებობდა, თუმცა დიდმა მეცნიერმა ეს ვერ მოახერხა. ციხეზე ვერ ასულან ვერც დიმიტრი ბაქრაძე, ვერც აკადემიკოსი პავლინოვი და ვერც მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე. იმ დროს თექქალეზე მისასვლელი ერთად ერთი გზა უკვე ჩამორეცხილი ყოფილა. ექვთიმე თაყაიშვილი წიგნში `1937 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში~ ამ ციხეს ოთხთა ეკლესიის ციხედ იხსენიებს და ტაბულებში დართული აქვს ფოტო წარწერით _ `ციხე მდინარეთა ოთხთა ეკლესიის _ წყლის მარცხენა ნაპირზე~. ოთხთა ეკლესია, რამდენიმე ნაგებობას აერთიანებდა, მათ შორის იგულისხმა მეცნიერმა ეს ციხე და მისი დარბაზული ეკლესია. თუმცა, შემდეგ უკვე მას კავკასიძეების ციხეს უწოდებს, თექქალე (რაც ცალ ციხეს ნიშნავს) კი თურქული სახელია.

როგორც აღვნიშნეთ, კავკასიძეების ციხე მიუვალია, მაგრამ მას სხვა საფრთხე ემუქრება: გამორიცხული არ არის, რომ ციხის ბალავრებამდე მიღწეულმა ჩამორეცხვებმა კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვიოს, რასაც, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს.

ოლთისში ვნახეთ X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი და სულიერი სავანე ოთხთა ეკლესია. ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია და თუ სადმე განგაშის ზარია შემოსაკრავი, აქ უნდა შემოვკრათ, რადგან თუ სასწრაფოდ არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, გვიანდელი ხანის ბაზილიკების ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში ჩაიქცევა და გაცამტვერდება.

ოთხთა ეკლესია მდებარეობს მდინარე ჭოროხის ხეობაში, მარცხენა ნაპირზე, სოფელ დორთკილისესგან 5 კილომეტრში, 1350 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სამკუთხა ბაქანზე. მონასტერი შედგება ოთხი ნაგებობისაგან.

მთავარი ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის სიგრძე 29 მეტრამდეა, სიგანე - 19 მეტრამდე, სიმაღლწ 22 მეტრი. გარედან ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ტუფის ქვებით ტლანქად ნათალი ტუფი, აგურთან და რიყის ქვებთან ერთად, ასევე გამოყენებულია შიდა წყობისათვის. პილასტრები სუფთა თლილი ქვებისგან შედგება. სამხრეთი და დასავლეთი კედლები დაფარულია ორმეტრიანი ჩამოწოლილი ქანებით, რის გამოც საძირკველი მხოლოდ აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ჩანს.

ბაზილიკა X საუკუნის მეორე ნახევარში დავით დიდ კურაპალატს მოუპირკეთებია. მასვე აქ სემინარია დაუარსებია. საკურთხეველზე შემორჩენილია ფრესკები. მრავლად არის მსახვრალი ხელის მიერ გაკეთებული წარწერები. საკურთთხევლის სარკმელში არსებულ ფრესკაზე, როგორც ვარაუდობენ, წმინდა ელენე ან წმინდა ეკატერინე უნდა იყოს გამოსახული.

ბოლოს ერზრუმისკენ გავსწიეთ, სადაც მაღალ მთაში, ზღვის დონიდან 1760 მეტრ სიმაღლეზე VII საუკუნის უიშვიათესი ძეგლი იშხნის ტაძარი ვიხილეთ. ეს ის მონასტერია, სადაც, ილარიონ იშხნელის დაკვეთით, გადაუწერიათ სახარება, შემდგომში ე. წ. მესტიის სახარება. აქ 963 წელს შესრულდა ჭედური მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც, წარწერის თანახმად, 973 წელს ეპისკოპოს ილარიონს იშხნის მონასტრისთვის შეუკვეთია. ამჟამად ეს ჯვარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

კომპლექსში შემავალი ნაგებობებია მთავარი ტაძარი და მცირე ეკლესია. იშხნის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ მხარე ამიერტაოში, ოლთისის წყლის ხეობაში. სოფელ იშხანში. როგორც ბატონი იური სიხარულიძე ამბობს იშხანის ქართული სახელია კალმახი.

იშხანი ყოველთვის საეპისკოპოსო იყო. ტაძრის კედლებზე პირვანდელი სამშენებლო წარწერა არ არის. ისტორიულ ლიტერატურაში ცნობილია, რომ VII საუკუნის 40-იან წლებამდე იშხანში ეპისკოპოს-ქალკედონიკის ნერსეს მიერ იყო აშენებული ტაძარი. შემდგომში (652 წელს) ნერსე სომხეთის კათალიკოსად იკურთხა სახელით ნერსესი, სადაც ასეთივე ტიპის ტაძარი ააგო _ ზვარტნოცი ვაგარშაფატში. ცნობილია, რომ ტაოს იმ ნაწილში, სადაც იშხანი მდებარეობს, ძირძველ ქართველებთან ერთად, სომხებიც ცხოვრობდნენ. გეგმაში იშხნის ტაძარი იყო ტეტრაკონქი შემოსასვლელით. სავარაუდოდ, ტაძარი არაბებმმა მურვან ყრუს შემოსევის დროს დაანგრიეს.

იშხანი IX საუკუნის I ნახევარში გრიგოლ ხანძთელის დედის დისწულის და მისი მოწაფის საბას მიერ აშენდა. საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომლიდანაც გადარჩენილი საკურთხევლის ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და სახსოვრად საბას მთლიანად მოუქცევია ახალ შენობაში. საბა გახდა იშხანის პირველი ქართველი ეპისკოპოსი. ამ ტაძრის ეპისკოპოსებს იშხნელებს ეძახდნენ. საეპისკოპოსო კათედრამ იშხანში XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება. იშხანის ტაძარმა, მიუხედავად გადაკეთებებისა და ნგრევისა, მრავალი წარწერა შეინარჩუნა. ზოგიერთი საკმაოდ ვრცელია და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

იშხანის კომპლექსის ირგვლივ ბევრი ნაგებობა იყო, მაგრამ ჩვენამდე შემორჩა მხოლოდ მთავარი ტაძარი და მის ახლოს მდგომი მცირე ეკლესია.

ტაძარს 2016 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. ვიზუალი მთლიანობაში კარგად გამოიყურება, თუმცა, გუმბათის ქვემოთა სახურავი მარჯვენა მხარეს არასიმეტრიული ჩანს და, რაც ყველაზე უცნაურია, გუმბათი უგვირგვინოა, ანუ არ ადგას ჯვარი.

სამწუხაროდ, ორ დღეში ვერ მოვასწარით სხვა ქართული ისტორიული ძეგლების მონახულება, რომლებიც ამ მხარეში მრავლადაა.

წერილის მომზადებისას დავუკავშირდით პროფესორ იური სიხარულიძეს და მისი თანხმობით გამოვიყენეთ ამ სახელდებული ისტორიკოსის კვლევები.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: პოეტები _ ჯემალ დობორჯგინიძე, ოტია ტრაპაიძე; ჯემალ კეჭაყმაძე, თემურ მარშანიშვილი, ზეზვა გურიელი; მხატვარი ზაზა დობორჯგინიძე; გაზეთ `ალიონის~ რედაქტორი ნუგზარ ასათიანი; სოფელ სურების კოლორიტები _ მამია ბარამიძე, ვასილ რამიშვილი, დავით ტრაპაიძე, ლომგულ ტრაპაიძე, შოთა უნგიაძე.…

ექსპედიციის წევრები მადლობას უხდიან ნარუჯელ ახალგაზრდა კაცს, გოგიტა ბერიძეს, რომელმაც, მძღოლობასთან ერთად, გიდობაც იკისრა და ორივე საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.