პროექტი ქალთა გაძლიერებისთვის - იმისთვის, რომ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები და შეამცირონ გარემოზე მავნე ზემოქმედება

დამატებულია: 2019-10-04
picture1

პროექტი „ქალთა გაძლიერება შინამეურნეობაში ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე“ არასამთავრობო ორგანიზაცია „გურიის განვითარების კავშირმა“ განახორციელა. პროექტი გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავდა და მიზნად ისახავდა თემში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობას ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში მოხდა ქალების გადამზადება ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში „ანასეული“, სადაც 15 ქალმა გაიარა ტრენინგი მინერალური სასუქების თუ შხამ-ქიმიკატების მეურნეობაში სწორად და უსაფრთხოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება-წარმოების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა თუ ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და მათ როლზე გარემოზე ზიანის შემცირების კუთხით.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა თემში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობას ეკოლოგიური უსაფრთხობის საკითხებზე. სწორედ ამ მიზნით, პროექტში ჩართულმა ქალებმა დაგეგმეს და ჩაატარეს თავიანთ თემებში სხვადასხვა სახის შეხვედრები, მათ შორის - საინფორმაციო შეხვედრა, გამწვანების, დასუფთავების აქცია თუ სხვა სახის აქტივობები.

ფერმერი იზა გოგუაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ზემოთ ხსენებულმა აქტივობებმა ბიძგი მისცა ახალგაზრდა ქალებს უფრო მეტად გააქტიურებისკენ.

იზა გოგუაძე: ვფიქრობ, პროექტმა სტიმული მისცა პროექტში ჩართულ ახალგაზრდა ქალებს აწარმოონ ჯანსაღი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, იყვნენ ჯანმრთელნი და ამასთან პოპულარიზება გაუწიონ და დაეხმარონ თემის წარმომადგენლებს დანერგონ ახალი, მარტივი ტექნოლოგიები და ამით შეამცირონ გარემოზე ზემოქმედების რისკები.

ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საოჯახო მეურნეობაში, თუმცა, სოფლად მცხოვრები ქალები თავიანთ თავს ძალიან იშვიათად აღიქვამენ ფერმერებად, რადგან შრომას, რომელსაც ეწევიან, ოჯახურ მოვალეობად აღიქვამენ“ - ასე აფასებს ჩოხატაურელი ნინო კუტუბიძე ქალების როლს და ადგილს შინამეურნეობაში. ნინო თავის თემში სიახლეების დანერგვის მიზნით ჩაერთო პროექტში, რომელსაც „გურიის განვითარების კავშირი“ ახორციელებს.

პროექტის დირექტორი თამარ კუპრაძე გვეუბნება, რომ ქალი ფერმერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის სწორად მიწოდებას და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.

თამარ კუპრაძე: სოფლის მეურნოების პროდუქტების წარმოება ჩემთვის ერთგვარი ჰობი იყო. გვქონდა და გვაქვს საოჯახო მეურნეობა, თუმცა წარმოებულ პროდუქტს თვითონ მოვიხმარდით. ამჟამად ვარ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც თითქმის ერთი წელია მუშაობს გურიაში და ერთ-ერთ მიმართულებას სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში არსებული პრობლემების კვლევა და ტრენინგ-სემინარების ჩატარება წარმოადგენს. ამჟამად ვახორციელებთ პროექტს „ქალთა გაძლიერება შინემეურნეობაში ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე“, რომელიც დააფინანსა ორგანიზაციამ „ქალთა ფონდი საქართველოში“. „გარემოს დაბინძურებამ გამოიწვია უამრავი დაავადებების გავრცელება. ქიმიური საშუალებები, რომელიც დღეს აქტიურად გამოიყენება მეურნეობაში, საფრთხის შემცველია, როგორც თავად კონტაქტში მყოფი პირებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. დღეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნა არის, თუმცა, ქალებს მათი რეალიზების პრობლემა აქვთ. გადასახადები თუ მეწარმეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ტრენინგები კი სიახლეების გაცნობასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც მისცემს ქალებს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ „გურიის განვითარების კავშირმა“ განახორციელა პროექტი „ქალთა გაძლიერება შინამეურნეობაში ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე“, რომელიც მიმდინარეობდა ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“ და რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული საქმიანობისთვის.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.