რამდენი კარიერი მუშაობს სოფელ ნაგომრის ტერიტორიებზე მდინარე სუფსის აუზში? ამ მარტივ კითხვაზე დღესდღეობით ზუსტი პასუხი არ არსებობს. ინერტული მასალების მაძიებლები აქაურობას ისე მონდომებით ითვისებენ, სავსებით შესაძლებელია, გუშინდელი სტატისტიკა რეალობისაგან შორს აღმოჩნდეს, ანუ კარიერების რაოდენობა ბევრად მეტი იყოს გუშინდელთან შედარებით.
გასულ პარასკევს, 4 ოქტომბერს კარიერების მიმდებარედ არსებული საყანე ფართობების მეპატრონეები, შექმნილი სიტუაციის გამო, აქციის გამართვას აპირებდნენ, მათი ინფორმაციით, ქვიშა-ხრეშის მომპოვებლებმა მოუტეხავი ყანების გავლით დაიწყეს ინერტული მასალის გატანა. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ეს აქცია ორი დღით გადაიდო.
პარასკევსვე, მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მომავლის ოზურგეთის“ თავმჯდომარემ ლევან მგელაძემ, სამაუწყებლო კომპანია „გურიასა“ და გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტების თანხლებით, გადაწყვიტეს ადგილზე გაცნობოდნენ სიტუაციას.
სოფელ ნაგომრის ცენტრიდან ნახევარ კილომეტრში, ოზურგეთი- ჩოხატაურის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს, პირველვე მოსახვევში, საყანე ფართობების იქეთ, დაახლოებით 300 მეტრში ერთ კარიერს მივაგენით. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ის კარიერი , რომლის ბოლოდროინდელ ქმედებაზე გვატყობინებდნენ ნაგომრიელები. თუმცა, ვიზუალურად აქაც ჩანდა ამ „ახალის“ საზიანო მოქმედება გარემოზე, კერძოდ ერთგან, აშკარად ჩანდა პირდაპირ მდინარეში რეწვის, ხოლო მეორეგან ხე-მცენარეების, კერძოდ, თხმელის მთელი კორომის გაჩანაგების ცხელი კვალი.
ადგილზე ორი მეექსკავატორე დაგვხვდა, ტექნიკა გაფუჭებოდათ და სათადარიგო ნაწილის მოტანას ელოდებოდნენ. მათი თქმით, კარიერი ბათუმში მოქმედ „გზამშენს“ ეკუთვნოდა. ტელეფონით დაუკავშირდნენ თავიანთ უფროსს, რომელიც ბატონი დიმიტრი ქუტიძე აღმოჩნდა. ჩვენთან სატელეფონო საუბარში დიმიტრი ქუტიძემ გვითხრა, რომ კარიერი კომპანია „ჯეო-ენერჯის“ ეკუთვნის და ორი თვე არ არის გასული, რაც მუშაობას შეუდგნენ. როცა დარღვევებზე მივუთითეთ, დასძინა: როგორ გეკადრებათ, გარემოს დაცვის ინსპექტორებმა შეგვამოწმეს, ყველაფერი წესრიგშია. შემიძლია, შესაბამისი დოკუმენტაცია გადმოგიგზავნოთო.
რა თქმა უნდა, დაველოდებით დოკუმენტაციებს, მაგრამ ჩვენ მიერ დაფიქსირებული ვიზუალური მასალებით თუ ვიმსჯელებთ, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“, ისე გამოუვიდა ბატონ დიმიტრი ქუტიძეს. ხუთიოდე წუთში უკვე ხსენებული კომპანიის იურისტი თემურ გორგაძე ირმა გორდელაძეს დაუკავშირდა ტელეფონით, მე გიპასუხებთ, მითხარით, რა გაინტერესებთო. გორგაძემ დააკონკრეტა, რომ ლიცენზიის მიხედვით, 25 აგვისტოს შეუდგნენ მუშაობას და ეკოსაფარის მოხსნისა და 3 მეტრ სიღრმეში ჩასვლის უფლება აქვთ.
გორდელაძის კითხვაზე - ვინ გასცა ეს ლიცენზია, უპასუხა, რომ გარემოს დაცვამ, რასაც ირმა გორდელაძის რეპლიკა მოჰყვა: არ ყოფილხარ შენ იურისტი, ლიცენზიას წიაღის ეროვნული სააგენტო გასცემსო.
გორგაძე არც ლევან მგელაძის შენიშვნებს შეეპუა და საკრებულოს დეპუტატთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ მზად არის ნებისმიერს გაგვეჯიბროს ქვეყნის სიყვარულში.
არავის ქისიმში არ ვუდგებით, მაგრამ კონკრეტულად ამ კარიერის საქმიანობაში სახეზეა ორი აშკარად დარღვევის ფაქტი: პირველი - ინერტულ მასალას მოიპოვებენ უშუალოდ მდინარეში, რაც კატეგორიულად დაუშვებელია; მეორე - არც თუ ისე მცირე მონაკვეთზე განადგურებულია თხმელის რაყა. არ გამოვრიცხავთ, რომ შესაბამისი დოკუმენტაციების გაცნობისა და ანალიზის შემდეგ, ეს ჩამონათვალი გაიზარდოს.
ჩვენი აზრით, ვერაფერი გამამართლებელი საბუთია ის, რომ ეკოსაფარი კარიერის სამოქმედო არეალის კონტურებში იყო მოქცეული. თუმდაც ასეც რომ ყოფილიყო, ხომ შეიძლებოდა გარემოს დაცვისა და ლიცენზიანტის შეთანხმებით, ინერტული მასალის აღების დაწყებამდე, მომხდარიყო კონტურების კორექტირება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარი არ არის რამდენიმე ხე-მცენარის ამოძირკვასა თუ მოჭრაზე, აქ ტყის არც თუ ისე მცირე ნაწილია განადგურებული, რასაც აღარაფერი ეშველება.