ევროკავშირის დახმარებით სოფელ ნაგომარში ჩაის წარმოება დაიწყო

დამატებულია: 2019-10-12
picture1

გასული საუკუნის 90-იანი წლებში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი დარტყმა მიაყენას ჩაის წარმოებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომრის კოლმეურნეობა ჩაის მსხვილი მწარმოებელი იყო. აქ მუშაობდა ჩაის ფაბრიკა, რომელიც დრო ჟამის ცვალებადობისას დაანგრიეს და მანქანა-დანადგარები ჯართად ჩააბარეს.

სხვა სოფლებისაგან განსხვავებით ნაგომარში ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი გადაურჩა ამოძირკვას. ოთხი წლის წინ კი სოფელ ნაგომარში ჩაის წარმოება ნულიდან დაიწყო.

ნანა ყირმელაშვილი, კოოპერატივ „ნაგომრის“ დამფუძნებელი:

_კოოპერატივი „ნაგომარი“ 2015 წლის ბოლოს დავაფუძნეთ. მომდევნო წლებში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა ჩაის გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა და 12 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია შევძელით. ამ დრომდე, კოოპერატივის მიერ სოფელ ნაგომარში ჯამურად რეაბილიტირებულია 25 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია. რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციები შესაძლებლობას მისცემს კოოპერატივს წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 12-13 ტონამდე გაზარდოს.

კახა ნაჭყებია, ტექნოლოგი: _„7 -8 წლის წინ სოფელში 270 ჰექტარი ჩაის პლანტაცია იყო, მაგრამ დარგისადმი არასწორმა დამოკიდებულებამ ნიჰილიზმი გააჩინა ადამიანებში და ბევრმა ამოძირკვა და თხილი გააშენა. თუმცა ამჟამად სოფელში 150 ჰექტარი ჩაის მოუვლელი ფართობია შენარჩუნებული, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება. რომ არა ევროკავშირის თანადგომა, ჩვენ ვერ შევძლებდით ჩაის გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების შეძენას. მათ ჩვენ 40 ათასი ევრო გადმოგვცეს ტექნიკის შესაძენად და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისათვის. პირველად 10 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაცია მოხდა. ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონა ნედლეული უნდა მივიღოთ, მაგრამ მოსავლიანობაზე გარკვეულ გავლენას ახდენს გვალვა, სხვა ფაქტორები, მაგრამ ეს მცენარე მშიერს არ დაგტოვებს. წელს ჩვენთან ჩაის ფოთოლს კრეფდნენ 77-80 წლის ქალბატონები. მათი საშუალო დღიური გამომუშავება 50 ლარი იყო.სულ დავასაქმეთ 74 ადამიანი. 16 ტონა ნედლეული გადავამუშავეთ და 4 ტონა მზა პროდუქცია მივიღეთ.

_რა სახის პროდუქციას უშვებთ და როგორია მისი გაყიდვები?

_ აქ ვამზადებთ შავ, მწვანე ჩაის. ასევე ვამზადებთ ჩაის მოცვის ფოთლიდანაც. ამჟამად ჩვენი პროდუქცია ძირითადად ქ. თბილისში, „გუდვილის“ ქსელში იყიდება.ჩვენი ჩაით აშშ-ში და მაკედონიაში მიწოდებით არიან დაინტერესებული. ვფიქრობთ მომავალში უფრო დიდი სწარმო გავხსნათ.

ლელა სიხარულიძე: _ კოოპერატივის წევრი ვარ. 0,8 ჰექტარი ჩაის პლანტაცია მაქვს. 2,7 ლარს მიხდიან ჩემს პლანტაციაში მოკრეფილ ჩაის ფოთოლში, ხოლო საიჯარო ფართობზე _2 ლარს.

0,6-0,3 ჰექტარი ჩაის პლანტაციებით არიან კოოპერატივის წევრები ნანა ნაჭყებია, ნატო ბირბიჩაძე, ლია ხელაძე. მათი თქმით ევროკავშირის დახმარებამ მათ სამუშაო ადგილი და შემოსავლის წყარო გაუჩინა. დღეს კოოპერატივ „ნაგომრის“ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დაათვალიერა. იგი ესაუბრა კოოპერატივის დამფუძნებლებს, სპეციალისტებს, მეჩაიეებს. შემდეგ კი გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან ერთად ჩაის პლანტაციები დაათვალიერა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.