სოფელ ვაკიჯვარში შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის“ წარმომადგენლება ჰესის მშენებლობის მეორე რაუნდი დაიწყეს

დამატებულია: 2019-10-23
picture1

მას შემდეგ, რაც 26 ივლისს სოფელ ვაკიჯვარში უშედეგოდ დაასრულა მოსახლეობასთან შეხვედრა შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის“ წარმომადგენლებმა 9,085 მეგავატი სიმძლავრის ნატანები 3 ჰესის მშენებლობის შესახებ, ისინი სხვა გზას დაადგნენ და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან დაიწყეს დახურული შეხვედრები.

გუშინ ასეთი დახურული შეხვედრა სოფელ ვაკიჯვარის საჯარო სკოლის პედაგოგებთან გაიმართა. შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის“ პროექტის მენეჯერი გიორგი მარგებლაძე პედაგოგებს შეხვდა.

_შეხვედრამდე ერთი საათით ადრე დაგვიკავშირდნენ. მე ამ დროს ოზურგეთის რესურსცენტრში ვიყავი სკოლის დირექტორების თათბირზე და შეხვედრას არ დავსწრებივარ. როგორც პედაგოგებმა მითხრეს, შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის“ წარმომადგენლები პედაგოგებს დაჰპირდნენ, თუკი ისინი თანახმა გახდებიან ჰესის აგებაზე, ვაკიჯვრის მოსახლეობას უფასო მიაწოდებენ განსაზღვრული რაოდენობის, _ თვეში 40 ლარის ღირებულების ელექტროენერგიას. ასევ დაპირდნენ ბიბლიოთეკის მოწყობას და სკოლის ბუფეტში ბავშვების კვებაზე დახმარებას. სკოლის ბუფეტი 2 წელია გაიხსნა, მაგრამ ბავშვები უსახსრობის გამო ბუფეტს ვერ იყენებენ. ისე, ვიცი, სოფელში მხარდამჭერთა სიებასც აგროვებენ _გვითხრა სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის დირექტორმა ანეტი გედევანოვმა.

მანვე გვითხრა, რომ პედაგოგებს რა თქმა უნდა, სურთ ტურიზმის განვითარება, ჯანსაღი ჰაერი, თუმცა რასაც დაჰპირდნენ, ამაზეც მათ არგუმენტირებული პასუხები ვერ მიიღეს.

ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ ვაკიჯვარში ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

_შპს „ უნივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის“ წარმომადგენლებმა იციან ჩემი პოზიცია, ამიტომ არც დამკავშირებიან, თუმცა ინფორმირებული ვარ შეხვედრის შესახებ. ფაქტიურად ამას შეხვედრას არც დავართქმევდი, რადგან პედაგოგების ნაწილი არც შეხვედრია კომპანიის წარმომადგენლებს. ისინი შენობიდან გარეთ გამოსულ პედაგოგებს ესაუბრნენ.

რომელ ბიბლიოთეკას მოაწყობენ? სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში გვაქვს მოწყობილი ბიბლიოთეკა. ადრინდელი წიგნებიც იყო შენახული და ახალი წიგნებიც მოგვაწოდა ოზურგეთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ. ბიბლიოთეკით უფროსებიც სარგებლობენ და სკოლის მოსწავლეებიც.

კი ბატონო, რამდენიმე ადამიანი არის სოფელში, რომლებიც მხარს უჭერენ მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს სოფლის უმრავლესობის აზრს.

_თქვენი პოზიცია როგორია?

_სოფელ ვაკიჯვარს კურორტის სტატუსი აქვს და მისი ლანშაფტით, ბუნებრივი რესურსებით ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. თვადაპირველად 3 ჰესის აგებას გეგმავდნენ, ასე აქვთ მოთხოვნა შეტანილი სამინისტროში. როგორ ფიქრობთ, ერთს რომ ააშენებენ,გაჩერდებიან? გავითვალისწინოთ უნდა ისიც, რომ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ქორბუდე, სადაც ვაკიჯვარი-ბახმაროს ტურისტული მარშრუტი გადის. ან მდინარე ნატანები, რომელიც 4,5 კილომეტრზე 1,2 მეტრი მოცულობის მილში უნდა მოემწყდეს? ჩვენი კანონით ხომ მდინარეში მხოლოდ წყლის 10 პროცენტი დარჩება. ან რატომ არ ჩამოდის თავად კომპანიის მფლობელი დავით ბეჟუაშვილი. წინა ხელისუფლების დროს არც ეკითხებოდნენ სოფელს , ისე წყვეტდნენ ასეთ საკითხს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ხალხის აზრის გამოკითხვა სავალდებულოა. ამიტომ, არა მგონია, ვაკიჯვრელები დათანხმდნენ ჰესის მშენებლობას _გვითხრა ნიჟარაძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა სოფელ ვაკიჯვარში გიორგი მდინარაძემ კი გვითხრა, რომ იცის სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის აზრი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. იგი საჯარო მოხელეა და მუდამ მზადაა ხელი შეუწყოს ენერგოკომპანიისა და მოსახლეობის დიალოგს, მაგრამ „ენივერსალ ენერჯი ქორფორაიშენის“ წარმომადგენლები მას არ შეხვედრიან.

გაზეთი „ალიონი“ ვერ დაუკავშირდა შპს „უნივერსალ ენერჯი კომპანიიის“ წარმომადგენლებს, რადგან მათ მედიასთან კონტაქტი არ ჰქონდათ დაგეგმილი.

(ფოტო, 2019 წლის 26 ივლისის შეხვედრიდან).

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.