დავით შემოქმედელი ისრაელში ქართული კულტურისა და ხელოვნების საზოგადოების საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს

დამატებულია: 2019-11-03
picture1

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის დესპანი დავით შემოქმედელი ქართულ-ებრაული კულტურული ურთერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი დამსახურებისთვის ისრაელში ქართული კულტურისა და ხელოვნების საზოგადოების საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

დავით შემოქმედელი ლექსების, მოთხრობების და პუბლიცისტური წერილების 20-ზე მეტი კრებულის ავტორია. შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავთან დაკავშირებით მისი რედაქტორობით აშშ-ში, ქ. ნიუ იორკში, ინგლისურ ენეზე გამოიცა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების ნაშრომების კრებული, რომლის პრეზენტაცია შარშან გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა.იგი რამდენიმე ლიტერატურული პრემიის ლაურეატია.

დავით შემოქმედელი (ტაკიძე) წარმოშობით ოზურგეთელია (სოფელი შემოქმედი) მისი ლექსები გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან გაზეთ „ალიონში“ იბეჭდებოდა. 1981 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული „სიმაღლე.“მუშაობდა ოზურგეთის საპროექტო ბიუროში არქიტექტორად. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ოზურგეთში, _ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დედაქალაქში გადავიდა, რუსთაველის საზოგადოების ცენტრალურ ოფისში. იყო საქართველოს მწერალთა კავშრის თავმჯდომარის პირველი მოადგილე...

_ დიდი მადლობა ისრაელში მცხოვრებ ქართველ-ებრაელ კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეებს ჩემი ასეთი დაფასებისათვის! 26-საუკუნოვან დიდ მეგობრობას ღირსეული გაგრძელება სჭირდება! მიგულეთ თქვენ გვერდით!! _წერს დავით შემოქმედელი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

გაზეთ „ალიონის“ რედაქცია ულოცავს სახელოვან პოეტს მორიგ აღიარებას.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.