დღეს, დილიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ისინი შენობის მეორე სართულზე სპეციალური საშვის გარეშე ჟურნალისტებსაც არ ატარებენ. ამის მიზეზი „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერის მიხეილ გოგოტიშვილის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია გახლდათ.
დაახლოებით დილის 9 საათსა და 20 წუთზე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე აქტივისტი მიხეილ გოგოტიშვილი, ჯაბა ღლონტი, ლევან ჩხაიძე, მაია ქოქჩიშვილი და კიდევ 2-3 მხარდამჭერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობაში შევიდნენ და მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიუროსკენ გაემართნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა პოლიციასთან ერთად მათ არ მისცეს საშუალება დაებოქლომებინათ ბიუროს კარები.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიხეილ გოგოტიშვილსა და ბიუროსთან მყოფ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ დეპუტატ ბონდო ღლონტსა და სხვა მოქალაქეებს შორის. შემდეგ კი შენობის გარეთ სიტყიერი დაპირისპირება მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძისა და აქციის მონაწილეებს შორის.
აქციის მონაწილე მაია ქოქჩიშვილმა ადმინისტრაციული შენობის კედელზე მიაკრა მცირე ზომის პლაკატი წარწერით „დაბოქლომებულია.“ „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერის, მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, ისინი „ქართული ოცნების“ შეპირებულ 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმას აპროტესტებდნენ.