2020 წლიდან საბავშვო ბაღებში ხელფასი 50 ლარით მოიმატებს

დამატებულია: 2019-11-26
picture1

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გამართა.

ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ წარმოადგინა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ა (ა) იპ „ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დაფინასება 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით 4 530 000 ლარითაა განსაზღვრული.

დისკუსიის დაწყებისას გაზეთმა „ალიონმა“ დასვა კითხვა, თუ რატომ ემატებოდათ სკოლამდელი აღზრდის თანამშრომლებს მხოლოდ 50 ლარი, როცა მუნიციპალიტეტი კარგა ხანია აცხადებდა სკოლამდელებში ხელფასის 100 ლარით მატებას.

პავლე ჭყონიამ „ალიონს“ გასცა პასუხი, რომ მათ ეკონომიის ხარჯზე 500 ათას ლარზე მეტი გამოყვეს ხელფასების ყველა თანამშრომელის მომატებისთვის, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა განმარტა, ამ ეტაპზე ხელფასის მატების წინააღმდეგი ფინანსთა სამინისტრო წავიდა,რადგან სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლებს 100 ლარით უნდა გაეზარდოთ ხელფასი, რასაც დაახლოებით 800 000 ლარი დასჭირდება. ისინი 1 იანვრიდან საბავშვო ბაღის არა მარტო პედაგოგებს, არამედ სხვა პერსონალსაც გაუზრდიან ხელფასს 50 ლარით. მასწავლებელთა ხელფასის დამატებითიო ზრდა გამოცდების გავლის შემდეგ მოხდება.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამაც თქვა, რომ „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დაგეგმილია ხელფასის მხოლოდ 50 ლარით მატება.

მოგვიანებით, განხილვაზე მოსულმა მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა,რომ წინა წლებში, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სოფლების გამგეობის, ისე ქ. ოზურგეთის მერიის მიერ ხდებოდა საბავშვო ბაღებში საშტატო ნუსხის გადამეტება, რამაც განაპირობა ამ ეტაპზე ხელფასების მხოლოდ 50 ლარით მატება.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.