თორმეტწლიანი განსაცდელის მიუხედავად, ცხოვრებაში მაინც პოზიტივს ხედავს

დამატებულია: 2020-01-01
picture1

თამუნა შავაძემ დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა, მკითხველო! გასულ კვირას სოფელ მთისპირში შევხვდით ერთმანეთს. წინასაახალწლო მილოცვების გაცვლის შემდეგ დავმეგობრდით კიდეც.

რასაკვირველია, ჩემ ახალ მეგობარს `ალიონის~ მკითხველთან განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. თამუნა შავაძეს, ყველა ადამიანური ღირსებით შემკულ გოგონას, გაუსაძლის ტკივილთან მედგრად მებრძოლ ადამიანს, მტკიცე და ლოგიკურად მოაზროვნე, კომუნიკაბელურ პიროვნებას გაცილებით ფართო აუდიტორია იცნობს, ალბათ, მთელი საქართველო.

რომ არა 12 წლის წინანდელი საბედისწერო შემთხვევა, რის გამოისობითაც თამუნა დღეს მხოლოდ ეტლით გადაადგილდება, ის რომელიმე დარგში, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი წარმატებული ქალი იქნებოდა. თუმცა, არც არსებულ სიტუაციაში აკლია წარმატებულობა და ავტორიტეტი. აკი თვითონ ამბობს, ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს, კარგი ფსიქოლოფი ვიქნებოდი, რადგან საუბარიც შემიძლია და დარწმუნებაცო. პროფესიით მედდაა, ახალდამთავრებული ჰქონდა ბათუმის სამედიცინო კოლეჯი და რომ არ გავიმეორო, მკითხველი ისედაც მიხვდება, რატომ ვერ განაგრძო სწავლა.

ვერ გეტყვით, თვითონ და სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, გარკვეულწილად თამუნას დამსახურებაა, რომ თავის დროზე მთისპირს ელექტროენერგიის პრობლემა მოეხსნა და ისიც, რომ შემდეგ ეს სოფელი ინტერნეტითაც უზრუნველყვეს. პირველ შემთხვევაში თამუნას თხოვნა მაშინდელმა გურიის გუბერნატორმა რამაზ ნიკოლაიშვილმა უმალ შეასრულა, ხოლო მეორე შემთხვევაში მას ნატვრა აუხდინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. თამუნას თქმით, ორივე თავისი გამორჩეული მეგობარია და ოჯახის წევრებთან ერთად, უპირველესად, ამ პიროვნებების, მერე კი სხვა მეგობრების დამსახურებაა, რომ ის გარე სამყაროს არ მოწყვეტილა, არანაირად არ ჩამორჩენია ქვეყნის მაჯისცემას.

ვატყობ, მეგობრებზე საუბარი სიამოვნებს და ვცდილობ, არ შევაწყვეტინო:

`ბევრი მეგობარი მყავს _ კლასელები, კურსელები, თანასოფლელები. მაგათ გარეშე ნამდვილად ვერ გადავიტანდი, რაც თავს გადამხდა. მაიკო მაინც განსაკუთრებულია, განა იმიტომ, რომ სოფლის ხელმძღვანელია, უბრალოდ შეუდარებელია, ყველაზე თბილია. აბა, ის რა დღეა, რომელ დღესაც მაიკო ჩავლეიშვილს ვერ ვნახავ და ვერ ჩავეხუტები?! მიყვარს ეს გულწრფელი ხალხი, ვგრძნობ მათ განცდებს, სუნთქვას. ზოგჯერ მომანატრებენ კიდეც თავს, აი, მაგალითად, მერაბ ჭანუყვაძე, რომლის გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ. თითქოს ხვდება, როდის მომენატრება და მაშინ გამოჩნდება ხოლმე, ან ნატო ხომერიკი, ნატალია, რომელიც ხშირად მსტუმრობს ფოლკლორის ბიჭებთან ერთად. ნამდვილი ზეიმია მაშინ ჩემს ოჯახში, პარლამენტარი ნინო წილოსანი კიდევ... გითხარით, ბევრი მეგობარი მყავს-მეთქი და ვშიშობ, რომელიმე არ გამომრჩეს. ასეც რომ მოხდეს, მგონი არ ეწყინებათ, რადგან იციან, რომ მაგათ გარეშე მე არაფერს წარმოვადგენ. დეპრესიის წლები ხომ მაგათ გადამატანინეს. მართალი გითხრათ, ყურადღება არც დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლებიდან მაკლია~.

ბევრს კითხულობს, უფრო ინტერნეტში, ვიდრე პირად, საკმაოდ მდიდარ ბიბლიოთეკაში. უყვარს მითოლოგიური ლიტერატურა, ქართული პოეზია, ქართული ფილმები, სერიალებიც, ოღონდ შინაარსიანი. უსმენს მშვიდ მუსიკას, ინტერნეტით ეცნობა სახვითი ხელოვნების კორიფეთა ნამუშევრებს. რეალისტია, არარეალური და არაადამიანური არაფერი მიყვარსო, _ მეუბნება. ვერ იტანს ტყუილს და მატყუარებს, არ ქილიკობს ადამიანებზე. სპორტის დიდი გულშემატკივარია, აფანატებს ფეხბურთსა და კალათბურთზე. ემოციურია, საყვედურებს პოლიტიკოსებს, რომელთაგან ამ ბოლოს ერთმანეთის ძაგების მეტი არაფერი ესმის, ნაცვლად ამ გაუბედურებულ ქვეყანაზე ზრუნვისა...

იმდენად თბილი საუბარი გამოგვივიდა, `ბიძი~ შემარქვა. ხელს ვერ იმორჩილებს, ტელეფონის ეკრანზე ხელის მტევნის ზურგის შეხებით ახერხებს სასურველ პროგრამაში შესვლას. მითხრა, რომ ასე წვალებით წერს საზოგადო თემებზე, იმაზეც, რაც თავს გადახდა. გაგაცნობ, შემდეგო, _ შემპირდა:

`ეხ, ბიძი, რთულია ჩემი ცხოვრება, ხე დამეცა და კისრის მოტეხილობით ჩამიყვანეს ქუთაისში, სადაც ჩამიტარდა თითქმის ათსაათიანი ოპერაცია, რომელიც სიკვდილთან სიცოცხლის გამარჯვებით დამთავრდა, მერე წელიწადნახევარი ყირიმში ვმკურნალობდი, შემდეგ თურქეთში მიტარებდნენ გამოკვლევებს, მერე იყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ორი თვე ტატიშვილში გავდიოდი რეაბილიტაციას. ახლა თურქეთში უნდა წავიდე, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ხელი მოვიხმარო. ჯერჯერობით მსოფლიო მედიცინაში არ ჩანს ისეთი საშუალება, რომ განვიკურნო, მუდმივი რეაბილიტაცია მჭირდება, მაგრამ თუ საკუთარი ხელით წყლის დალევას შევძლებ და კალამს დავიჭერ, მაშინ ვიტყვი, რომ ამდენ ტანჯვა-წამებას და მეგობრების დახმარებას ტყუილად არ ჩაუვლია, ჩავასწორებ, ბიძი, ჩემს ჩანაწერებს და აუცილებლად გაგაცნობ~.

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, თამუნას წუწუნი არავის გაუგონია, ყველაფერს პოზიტიურად უყურებს.

მთისპირში, ფერდობზე შეფენილ შავაძეების კარმიდამოს დღეს თამუნას დედა, ქალბატონი მერი შავაძე უვლის, მამა, ბატონი ჯემალი დიალეზზე მკურნალობას გადის და მისი ფიზიკურად დატვირთვა არ შეძლება, ძმა რამაზი კი საკონტრაქტო ჯარში მსახურობს, ერთხანს თამუნას გულისთვის იკავებდა თურმე თავს:

`გავიგონე, დედას და მამას რომ ეუბნებოდა, ვერ წავალ, თამუნას ვერ დავტოვებო. დავუძახე, შემოვიდა და ვუთხარი, რამაზ უნდა წახვიდე, ეს ჩემი თხოვნაა-მეთქი. დავითანხმე და ახლა ვნერვიულობ, ქვეყანა რომ აირიოს და რაიმე დაემართოს, რა უნდა ვქნა?~

თითქოს აქ უნდა დამესვა ამ საგაზეთო მასალისთვის ბოლო წერტილი, მაგრამ წამოსვლისას თამუნამ, ანალოგიურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ჯერ კიდევ საკუთარი თვალით დაუნახავი მეგობრის წერილი გამაცნო. გადაჭარბებულად დრამატიზებულიც რომ გამომივიდეს, მცირეოდენი შემოკლებით ამ წერილის გამოქვეყნება საჭიროდ მივიჩნიე, რა თქმა უნდა, თამუნას ნებართვით:

`თამუნია!!!

ჩემო კარგო, ჩემი თამუნიაო _ ასე გამაცნო შენი თავი ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, ჩემმა მანუგეშებელმა ინგამ, რომელიც ასევე შენი მეგობარი ყოფილა.

მე ბაჩო ვარ. ალბათ, ინგა ჩემს შესახებ მოგიყვებოდა. თავს არ შეგაწყენ. მეც შენებრ მომიხდა და მიხდება იმ სიმძიმის ტარება, რაც ცხოვრებამ და უფალმა გვიბოძა. მთავარი ისაა, თამუნია, რომ სიცოცხლე შეგვიძლია, ჩვენს ახლობლებს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვხედავთ, ვეფერებით, მათ სუნთქვას ვუსმენთ.

ინგასგან ვიცი, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ, სულიერად მტკიცე. მეც ასეთი ვარ, სხვანაირად არ შეიძლება რომ ვიყოთ, ხო? ძალას არ ვიშურებ, რომ ვიცოცხლო, თუნდაც იმ ფორმაში, რა ფორმაშიც ვიმყოფები ახლა. ოღონდაც სამყაროს ვუცქირო, ყველაფერს შევებრძოლები. თამუნია, გთხოვ, გემუდარები, არ დანებდე, ფარ-ხმალი არ დაყარო, თვალიდან ცრემლი არ გადმოაგდო. შენი დასკვნა კარგ იმედებს იძლევა ჩემისგან განსხვავებით. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ექიმებმა შეძლონ შენამდე მოღწევა. ახლა ურთულეს ოპერაციას ვერკინები, ვერ დაგპირდები, რომ გნახავ, ეს ხომ უფლის ნებაა. თუ გნახე და გაგიცანი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება. უფალს ვთხოვ, სიცოცხლე მაჩუქოს. მინდა, გაგიცნო, თვალებში ჩაგხედო და გითხრა, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ, ჩვენ უფალი არ გაგვწირავს.

თამუნია, ჩვენ საუკეთესო მეგობარი გვაერთიანებს. მან მომცა ძალა, დარწმუნებული ვარ, შენც ასევე გადმოგცემს მის დადებით მუხტს. ყური უგდე მის ხმას და აუცილებლად მოგეცემა ძალა, სიმტკიცე და ნებისყოფა გამძლეობისა. გახსოვდეს, რომ ჩემი დარდი და ფიქრი შენსას ემთხვევა, გახსოვდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ოპერაციაზე შევდივარ, ექიმებს ხელი მოვუწერე თანხმობაზე. არ მეშინია, თამო!!!!! თუ ვერ გადავრჩი, ექიმებს ჩემი უკანასკნელი თხოვნა დავუბარე _ შენამდე მოვიდნენ და ყველაფერი გააკეთონ, რომ გაიარო და სიცოცხლე გაიხალისო.

უფალი გფარავდეს, ჩემო კარგო!

(ეს წერილი ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში გაუგზავნეთ ინგას თამუნიას) ყველანი მიყვარხართ!!!!

ბაჩო.~

დიდება შენ, შემოქმედო, რომ უკიდურესი გაჭირვების ჟამსაც ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანებს მიეცი ასეთი განცდის უნარი! როგორ გვანან ამ წერილის ავტორი და თამუნა ერთმანეთს!!! გამომშვიდობებისას მეუბნება, რომ სიბრალულით არასოდეს შეუხედია საკუთარი თავისთვის, რომ ასეთია, ალბათ, თავისი გასავლელი გზა და უფლის ნებაა ყველაფერი. ღიმილით მაცილებს, იმედიანი ღიმილით, რომ მალე წამაკითხებს თავისი ამოქმედებული ხელით დაწერილ მოცულობით მომცრო, შინაარსობრივად კი საინტერესო დღიურებს. ასეთი რამ მხოლოდ თამუნასავით ძლიერ ადამიანებს ძალუძთ. თამუნა შავაძემ დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა, მკითხველო!

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.