საქართველო პატარა ქვეყანაა და შეუძლია დეცენტრალიზაცია ადვილად მოახდინოს

დამატებულია: 2020-01-14
picture1

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობისთვის მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა და მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარისა და გურიის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა სალომემ და გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მედიასთან შემდეგი სახის კომენტარები გააკეთეს:

სალომე ზურაბიშვილი: „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან, გუბერნატორთან, სადაც განვიხილეთ გურიაში მიმდინარე პროექტები. ამ პროექტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გურიის ეკონომიკის განვითარებისათვის, ისინი ამავე დროს, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და დასაქმებას.

შეხვედრაზე სამი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა დასაძლევად იმუშავებს ჩემი ადმინისტრაცია და სხვა უწყებებიც. ეს სამი პრობლემა, სხვათა შორის, არ არის მხოლოდ გურიის პრობლემა, არამედ ზოგადია.ესენია:

- ტენდერები - ძალიან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორია ამ კუთხით, რაც ადგილობრივ კომპანიებს არ აძლევს განვითარების საშუალებას.

- დეცენტრალიზაციის ბოლომდე მიყვანა, ამ კუთხით კანონმდებლობა იხვეწება, საჭიროა,დაჩქარდეს, რომ ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობას მიეცეს ეფექტური მუშაობის საშუალება. ესენი არიან ყველაზე ახლოს ადგილობრივებთან ,პირდაპირ ანგარიშვალდებული არიან მოსახლეობასთან. იციან მოსახლეობას რა სჭირდება, ამიტომ მეტი თავისუფლება, მეტი დამოუკიდებლობა, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. საქართველო პატარა ქვეყანაა და შეუძლია დეცენტრალიზაცია ადვილად მოახდინოს

- მიწებისა და მიწის რეგისტრაციის საკითხი, რომლის მოუგვარებლობა ხელს უშლის ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ინიციატივების გამოვლენაში. მეტი საშუალებების წარმოჩენაში “

ზურაბ ნასარაია: „საქართველოს პრეზიდენტს სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად შევხვდით, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც დღეს აქვს გურიას, გავაცანით ჩვენი შეხედულებები. ვიმსჯელეთ პროექტებზე, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, გვქონდა საუბარი ინფრასტრუქტურის იმ პროექტებზეც, რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით ხორციელდება; ასევე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, იმ საგზაო და წყალმომარაგების პროექტებზე, რომელიც დღეს გურიაში მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ დაჩქარდეს დეცენტრალიზაცია და მეტი უფლებები და მეტი საშუალებები ჰქონდეს ადგილობრივ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოსახლეობის მიერ წამოჭრილი პრობლემები მყისიერად და დროულად იქნეს გადაწყვეტილი“.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.