„სახლი თავზე გვექცეოდა, სამუშაო ვერ ვიშოვე“

დამატებულია: 2020-02-04
picture1

წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელს ვსტუმრობთ, ზოგს ორ-სამჯერაც. სოციალურად დაუცველი რამდენი ოჯახი გვინახავს, მაგრამ ის, რაც სოფელ ასკანაში ვნახეთ, აზიისა და აფრიკის უღარიბეს ქვეყნებზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებში თუ შეხვდებით. 38 წლის გია (გერასიმე) მელუას ფაქტიურად სახლ-კარი არ გააჩნია.

როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, გიას ბაბუა გერასიმე მელუა კოლმეურნე იყო და წესიერი და პატიოსანი ოჯახი ჰქონდა. ძველი სახლის განახლება ვერ შეძლეს. შემდეგ შვილი ვაჟა დაოჯახდა. მეუღლე მალინა ერქომაიშვილი პედაგოგი იყო, ბიოლოგიას ასწავლიდა სოფელ მთისპირის, ასკანის, ბახვის სკოლებში. გია 6 წლის იყო, დედა რომ გარდაიცვალა...მამამ გაზარდა.

_ვერ აეწყო ცხოვრება.ბავშვობაში ბაბუას ნაქონი თოფის ლულა გამისკდა და მარცხენა ხელზე სამი თითი დავკარგე დიდობას ციხეში მოვხდი. 10 წელი მოვწყდი სამყაროს. 2010 წელს გამოვედი ციხიდან და დავქორწინდი.. ვაჟი დამეღუპა 2 გოგო გვყავდა. მძიმე სოციალური პირობები აუტანელი გახდა სახლი თავზე გვექცეოდა, სამუშაო ვერ ვიშოვე. თურქეთში ვმუშაობდი სეზონურად, დეპორტი მომცეს...მოკლედ, დავშორდით. მეუღლე ბავშვებთან ერთად გორში დაბრუნდა მშობლებთან _მოგვიყვა თავისი ცხოვრების ტრაგედიაზე გია მელუამ.

_მერედა, რითი არსებობთ...

_სოფელი მშიერს არ დაგტოვებს. მეც ჩემი თანასოფლელების გვერდით ვარ. მაგრამ სიმინდის ფართობის მარგვლაში, ყანის მოტეხვისას ან შეშის დაჩეხვაზე რომ მიეხმარები მეზობელს, ფულს მოსთხოვ? სოფელში ნადზე მეზობლებს ჯერ-ჯერობით ფულს არ ვახდევინებთ.

2014 წელს ძველი ფიცრული სახლი დავშალე_ შემეშინდა, ქარში ან თოვლში თავზე არ ჩამომქცეოდა. პატარა ფიცრული შევჭედე, სულ 8 კვადრატული მეტრი, თავად ხედავთ, რა მიდგას შიგ: საწოლი, პატარა ღუმელი. მაგიდის დასადგმელი ადგილი არ არის და საჭმელს საწოლზე ჩამომჯდარი ვჭამ. ერთი ნათურა მაქვს, კედელზე რაღაც თარო გავაკეთე და პატარა ტელევიზორი მიდგას ცოცხალი კაცი მთლად ხომ ვერ მოწყდები სამყაროს _გვითხრა გია მელუამ.

_და მაინც, რითი არსებობთ?

_ეს კითხვა სოცაგენტმაც დამისვა. გულწრფელად ვუპასუხე, რომ ხანდახან ქირაზე ვმუშაობ, მიწის ფართობის გაწმენდა-დამუშავებაზე, მაგრამ ასეთი დღეები თვეში 2-3 თუ გამოგეკრება. სოც.აგენტზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ შარშან აპრილში 88 800 მოქმედი სარეიტინგო ქულა რაში მივიღე ვერ ვხდები, როგორ ანგარიშობს ამ ქულებს პროგრამა. მეზობელმა 1978 წელს გამოშვებული ძველი საბჭოთა სარეცხი მანქანა მაჩუქა. ოთახში ადგილი არ მაქვს და გარეთ მიდგას. ხანდახან დარში სარეცხს ვრეცხავ...ადრე თვეში 2 ლარს ვიხდიდი ელექტროენერგიის გადასახადს, ახლა ხან 3-4 ლარამდე ავდივარ.

_მიწის ნაკვეთს რატომ არ ამუშავებ?

_8 წლის წინ ბამბუკით შემოვღობე ეზოს წინა მხარე, ახლა ისიც დაზიანებულია. ვიფიქრე, რაიმე სესხს ავიღებ, საკარმიდამოს შემოვღობავ, თხილს გავაშენებ-მეთქი. რომელი ბანკი მომცემდა მე სესხს?

_კი, მაგრამ მსჯავრდებულთა რესოციალიზმის პროგრამები არსებობს. ოზურგეთში არასამთავროები მუშაობდნენ ამ თემაზე, ყოფილმა მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმოები გააკეთეს. _არ ვიცი, არც არავინ დამკავშირებია და არც მე მსმენია ამის შესახებ.

_ადგილობრივი ხელისუფლება არ დაგეხმარა?მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს არ მიმართეთ?

_ტყუილს ვერ ვიტყვი. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსათვის არ მიმიმართავს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, 2-ჯერ თუ 3-ჯერ შევიტანე განცხადება ასკანის წარმომადგენლობაში საბინაო პირობების გამო, მაგრამ დღემდე არავინ შემხმიანებია ოზურგეთიდან.

გია მელუას ოჯახს სოფელ ასკანის მაჟორიტარ დეპუტატ ლევენ ნინიძესა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელ გურამ ცქვიტინიძესთან ერთად ვესტუმრეთ. ისინი შეწუხებულნი არიან არსებული მდგომარეობით და ამბობენ, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

გაზეთ „ალიონის“ რჩევით გია მელუა კვლავ შეიტანს განცხადებას მუნიციპალიტეტში.

გია მელუა მუნიციპალიტეტში მორიგი განცხადების შეტანას აპირებს.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.