„ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ანუ სიტყვათა „პაექრობა“ მელოდიასთან

დამატებულია: 2020-02-10
picture1

იდგა სცენაზე ლექსთა შეუდარებელი წამკითხველი, სიო ირხეოდა ნელი-ნელ. მერე ქარმა დაუბერა მომეტებით, დარბაზს გადასწვდა და ასე ქარში მიმორწეული სული ელამუნებოდა მსმენელის სულს და გონებას..

იდგა სცენაზე მურმან ჯინორია, თითქოს დუელში იწვევდა წინა ეპოქათა ბუმბერაზებს. ოღონდ სიცოცხლის დუელში.

დრამატულ ლიტრატურული კომპოზიცია. არტისტი მისტიური ხმით, მოძრაობით,და... დრომ ისე, როგორც იტყვიან, თვალსა და ხელს შორის ჩაირბინაო, ერთი ამოსუნთქვით თითქოს.

სევდის პოეტს, გრანელს დაეთმო პირველი სიტყვა.მერე ხიდან ხეზე გადაფრენილი ჩიტივით ტიციანის, გალაკტიონის ბობოქარ სულს მოუხმო. შეეხმიანა თავის სეხნიას, მურმანს, ნიშნიანიძის ჩქარი მატარებლით იმოგზაურა.გაზაფხულიდან ზაფხულამდე, შემოდგომიდან ზამთრამდე.ბავშვობის დღეებიდან მოყოლებული, ფიქრიან დღევანდელობამდე.. წარსულმა აწმყოს კარი გაუღო, შეესიტყვა მყოობადს . და აი ასე „მიჰქრის წუთისოფელი“...

ამ გაქროლებიდან გადმოშვებული, ბარათაშვილის მერანი. პეგასი ბერძნული მითოლოგიიდან. „სულმა სივრცე ისურვა როცა“. თითქოს შორიდან მოჰკიოდა არტისტს მფრინავი რაშის ფრთათა ქარიშხალი, ჩაფიქრებული სული და გრძნობათა დუღილი გულში. სიტყვებს მიჰყვებოდა, ხან მაღლა აფრენილს, ხანაც დაბლა დაშვებულს.დახეთქებით. სიტყვათა ემოციაში მოგზაურობდა და გარინდებულ დარბაზსაც მიაქანებდა წამიანი წუთისოფლის შუქ-ჩრდილიან ლაბირინთებში. დიახ, წამი - წ- არსული, ა-წმყო, მ-ყოობადი.

სიტყვათა მარგალიტები ხალხური პოეზიიდან და, მამულის იმედად ნათქვამი, ანდერძი ილიასგან, „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ან „სხვისი მისაბაძი რა გვჭირს, თვარა კი...“ შემოძახილი მუხრანისა, მორის ფოცხიშვილი და გრძნობა, გულში ვერ დამალული, „ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.“...

არ იყო გათვალისწინებული შესიტყვება გურამ რჩეულიშვილთან. მოკრძალებით ითხოვეს დარბაზიდან. ისევ საოცრება. „სამყაროს ორი ხმა, კაცის და მხეცის. ...დამალეთ, დამალეთ ეს ქვეყანა“... რჩეულიშვილის, და, არა მხოლოდ მისი განწირული სულის ძახილი,.რადგან მხეცის ხმათა მძლავრობამ შეიწირა ამ დიდთა შორის ბევრი. ბევრსაც გაუმწარა სვე-ბედი.

„განწირული სულის კვეთება“ შეიწირა თქო, აჰა ეს სიტყვაც, თავისი ფილოსოფიურ-რელიგიური დატვირთვით.

ძნელია თავი დააღწიო გრძნობათა ფორიაქს, მარტივად ისაუბრო, ქრონოლოგიურად მიჰყვე სიუჟეტის განვითარებას, რადგან არტისტმა მოახერხა, სიტყვათა და მელოდიათა მოფერებით, მოვლენები, გულის და სულის ამოძახილი, სხვადასხვა ფერით წარმოეჩინა.

მაპატიოს კითხვათა ავტორებმა. მხოლოდ მურმან ჯინორიას სიტყვად ნათქვამს გავიმეორებ.სახარებისეული დასაწყისით „პირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთი.“ თუ სიტყვას ფიქრი არ ახლავს, ზეცამდე ვერ აღწევს..ყოველ სიტყვას აქვს თავისი მელოდია. თავად ლექსი გეუბნება თავის რიტმს და მელოდიას....

როცა ლექსს ვკითხულობ, ვკეცავ იმ ადგილებს, რომელსაც ჩემი წარმოსახვა იმპულსურად გაიგებს. მინდა ემოციით მივიდე იქ, რასაც წარმოსახვა მეუბნება. ერთი ვარიანტი მაინც უნდა ვნახო ჩემი ფატაზიიდან, რასაც ეს სიტყვები გამიფერადებს.“

ზაურ ბოლქვაძის ლექსით დაასრულა წარმოსახვათა მოგზაურობა, ასე რომ აიყოლ-ჩაიყოლია დარბაზი. „ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით, არ გაგვაჩენდა ისე“

დიახ, გაგვაჩინა და სიტყვათა ამ ფერადოვნებაში, ზოგჯერ სრულად წაკითხული ლექსებით, ზოგჯერ კი ლექსთა ფრაზებით გააერთიანა მონო სპექტაკლის ავტორმა და ერთ მთლიანობად შეკრა სხვადასხვა სტილის, რითმის, მელოდიის, ხმათა სიმძლავრის და სიმაღლის შემოქმედნი, ავ-კარგიანი ცხოვრების თავისებური შემოძახილ-შემომღერებით.

მადლობა ლამაზი დღისთვის ღონისძიების მესვეურთ.

ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილი ;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.