გაზეთმა „ალიონმა“ რამდენჯერმე გააშუქა სოფელ მთისპირში ფრანგულ კომპანია „იმერის ბენტონიტ ჯორჯიასა“ და შპს „ასკანგელ ჯგუფს“ შორის არსებული დაპირისპირების თემა. ეს დაპირისპირება იმაში გამოიხატება, რომ, „ასკანგელ ჯგუფს“, რომელმაც წიაღის ეროვნულ სააგენტოში ბენტონიტური თიხების მოპოვების ლიცენზია აქვს, ფრანგული კომპანია მდინარე ბახვისწყალზე ქართული კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს არ აძლევს ხიდზე გადაადგილების უფლებას. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თავის დროზე, როდესაც აუქციონის წესით გაიყიდა მაღაროთა სამმართველო, ბერძნულ კომპანიას „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანს“ მაღაროთა სამმართველოს ქარხნებსა და ტექნიკასთან ერთად საკომუნიკაციო ნაგებობებიც გადასცეს.
ბერძნულმა კომპანიამ 20 წლის მანძილზე ის შეძლო, რომ ქართული თიხა ჩამოაშორა მსოფლიო ბაზარს და კუნძულ მილოსზე მათ კუთვნილ საბადოებიდან თიხის გაყიდვები 2-ჯერ გაზარდა. დღეს საოცარი სურათის მოწმენი ვართ: ციხისფერდის კარიერზე მიმავალი გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (საკადასტრო კოდი 26.24.14.116), ხოლო ხაზობრივი ნაგებობა_ 61 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის ხიდი _ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“(საკადასტრო კოდი26.00.366). ხიდზე გადაადგილებას კი დაცვის სამსახური შპს „ვიქტორია სექიურითი“აკონტროლებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უცხოური კომპანია ცდილობს, არ მისცეს მუშაობის საშუალება ქართულ კომპანიას და შესაბამისად ციხისუბნის კარიერის მაღალი ხარისხის თიხა კვლავ დაუბრუნდეს მსოფლიო ბაზარს. არას ვამბობთ უმუშევრობაზე და სოფელ მთისპირში მიგრაციული პროცესების გაძლიერებაზე.
+
გასულ კვირაში გაზეთ „ალიონის“ რედაქტორსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსთან რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა შპს „ვიქტორია სექიურითი“-ს პასუხისმგებელმა პირმა გია ჭანუყვაძემ. იგი „ალიონს“ ინფორმაციის არასწორ გავრცელებაში ადანაშაულებდა, კერძოდ, გაზეთ „ალიონის“ #5-ში გამოქვეყნებულ წერილში „მთისპირელები „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“მიერ გადაკეტილი ხიდის გახსნას ითხოვენ“. (ეს წერილი 28 იანვარს ვებ.გვერდზე http://alion.ge/?view=article&id=1247 დაიდო.)
გასულ ხუთშაბათს იგი გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში მოვიდა და მათი პრეტენზია გაგვაცნო, თან გვითხრა, რომ საუბარს იწერდა:
_თუ თქვენ არ გაასწორებთ, სხვა მედიასაშუალებას მივმართავთ. ის, რომ თქვენი გაზეთი წერს, რომ მდინარე ბახვისწყალზე გამავალ ხიდზე, სადაც შპს დაცვის სამსახურის „ვიქტორია სექიურითის“ ჯიხური დგას ოზურგეთის მერის ავტომანქანას სპორტულ ფორმაში დაცვის სამსახურის თანამშრომელი გადაუდგა, არასწორია, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, უფრო სწორად, ის ადამიანი ჩემს ჯიხურში იყო იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჯიხურის დაზიანება და ქონების მოპარვა (მისი თქმით უდგათ ტელევიზორი). მათ მუშაობას შსს მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს და პრესტიჟი შეელახათ, რადგან მათი კომპანია საქართველოში ევროკავშირის ობიექტებსაც იცავს. ამასთანავე მან გვითხრა, რომ წინა პერიოდში შპს „ასკანგელ ჯგუფმა“ არასამუშაო დღეს მოახდინა ციხიუბნის კარიერზე ტექნიკის გაყვანა, ამის შესახებ 3-ჯერ აცნობეს საპატრულო სამსახურს და მოხდა ხიდის ჩაკეტვა.
გია ჭანუყვაძის თქმით, თავის დროზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ. „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ მდინარე ბახვისწყალზე 110 მეტრი სიგრძის კიდევ ერთი ხიდი ეკუთვნის, რომლის საშუალებითაც უნდა გადაადგილებულიყო მძიმეწონიანი ავტომანქანები მთისპირი-ოზურგეთის მიმართულებით. ასევე მათვე ეკუთვნის სოფელ დვაბზუში ცენტრალური გზიდან ოზურგეთის მიმართულებით ყოფილ მაღაროთა სამმართველომდე შემოვლითი გზა.
2019 წლის 23 დეკემბერს შპს „ვიქტორია სექიურითის“გენერალურ დირექტორ გიორგი გუგეშაშვილსა და შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ დირექტორ სპარტაკ ლავრელაშვილს შორის მოხდა ადრე დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, რომლითაც 2016 წლის 1 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„1.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ობიექტის“ დაცვას შემსრულებელი განახორციელებს 5 მცველით გრაფიკის შესაბამისად.
2. ყოველთვიური მომსახურების თანხა ნაცვლად 2 000 ლარისა განისაზღვროს თვეში 3 000 ლარით დღგ-ს ჩათვლით 2019 წლის 23 დეკემბრიდან.“
მეორე შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ 2020 წლის 23 იანვარს დაიდო, ამჯერად „ობიექტის“ დაცვაზე 3 მცველით შეთანხმდნენ თვეში 2000 ლარის ოდენობით.
საბოლოო ხელშეკრულება კი 2020 წლის 1 თებერვალს გააფორმეს, რომლითაც განსაზღვრულია, რომ შპს „ვიქტორია სექიურისმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში არსებულ ხიდზე საზოგადოებრივი წესრიგი უნდა დაიცვას 2 მცველით,რაშიც „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ „ვიქტორია სექიურისს“ თვეში 1000 ლარს გადაუხდის. როგორც გია ჭანუყვაძე ამბობს, ისინი ოფიციალურ მუშაობას 1 თებერვალს შეუდგნენ.
გაზეთ „ალიონის“ კითხვაზე, თუ ვინ იყო ის პიროვნება, რომელიც 27 იანვარს, სპორტულ ფორმაში გამოწყობილი იდგა ხიდზე(ფოტო ვაჩვენეთ) გია ჭანუყვაძემ გვიპასუხა, რომ კონკრეტულ პიროვნებას არ იცნობს, რადგან მის სამსახურში 150 კაცი მუშაობს და არაა ვალდებული ყველას იცნობდეს (?!).მანვე გვითხრა, რომ მათ აქვთ რვეული, სადაც „ასკანგელ ალიანსისა“ და „ასკანგელ ჯგუფის“ მიერ ხიდზე უნებართვოდ გადაადგილებები აქვთ დაფიქსირებული (?!).
გია ჭანუყვაძემ ასევე გვითხრა, რომ კამათის დროს ოზურგეთის მერი, მას ჯიხურის მდინარე ბახვისწყალში გადაგდებით დაემუქრა.ისიც აღნიშნა, რომ ხელმძღვანელი რომ იყოს, ორთავე კომპანიის წარმომადგენელს დაიბარებდა და გადაწყვეტილებას ქართველი ხალხისა და სოფლის ინტერესების დაცვით მიიღებდა. 27 იანვარს გაზეთი „ალიონი“სოფელ მთისპირში, სოფლის კრებებაზე იყო, სადაც ამ სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. სწორედ ამ კრებაზე ადგილობრივმა ამირან კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ფრანგულმა კომპანიამ ხიდი გადაკეტა და ქართულ კომპანიას საშუალებას არ აძლევს , ციხისფერდის კარიერზე თიხა მოიპოვოს.
მას სხვებმაც დაუჭირა მხარი და მთისპირელების მოთხოვნა იყო გადაწყდეს ხიდის საკითხი.
კრების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე, სოფელ მთისპირის მაჟორიტარდეპუტატ ვლადიმერ ჩავლეშვილთან და ოზურგეთის მერიის წარმომადგენელ სოფელ მთისპირში მაია ჩავლეშვილთან ერთად მდინარე ბახვისწყალზე ხიდზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მერიის პრესსამსახურმა შესაბამისი ფოტოებიც გადაიღო. 2019 წლის 24 დეკემბერს, გაზეთ „ალიონის“ მიერ გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ შპს „ვიქტორია სექიურსის“ პასუხისმგებელი პირი გია ჭანუყვაძე როგორ ესაუბრება ოზურგეთის საპატრული სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მთისპირელებმა გამოიძახეს ხიდის გადაკეტვასთან დაკავშირებით.თუ ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული, როგორ აკონტროლებდნენ ამ დროისათვის ხიდს ?!(ელექტრონული ვერსია იხილეთ http://alion.ge/?view=article&id=1241).
არ ვაპირებთ „ვიქტორია სექიურსთან“ კამათს, რადგან ისინი „იმერის ბენტონიტ ჯორჯიას“ჩანაფიქრის უბრალო შემსრულებლები არიან, (ისინი ამაში ოფიციალურად იღებენ ანაზღაურებას),რომ თიხის მომპოვებელ ქართულ კომპანიას პრობლემები შეუქმნან და უნიკალურ ქართულ თიხას -მსოფლიო ბაზარი დაუკეტონ, თუმცა ჟურნალისტებთან ხელების გადაგრეხის პოლიტიკაც არაა სწორი.