ეს კითხვა კარგა ხანია დაისვა ზამთრის სპორტის მოყვარულთა შორის და უკვე გადაიდგა ამისთვის პირველი ნაბიჯები.
როგორც გომისმთაზე ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული, ოზურგეთელი ინჟინერი მერაბ სანიკიძე გვიყვება, ზამთრის კურორტით სნოუბორდისტები დაინტერესდნენ. გომისმთას აქვს პოტენციალი ფრირაიდისა და ფრისტაილის მოყვარულთა დაინტერესებისათვის.
_პირველად სნოუბორდისტები 2016 წლის აპრილში ამოვიყვანეთ გომისმთაზე. ამ დროისათვის საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი დასრულებული იყო, გომისმთაზე კი ამ დროს 2 მეტრის სისქის გაყინული თოვლი დახვდათ, რაც საუკეთესო სასრიალო თოვლია.
ისეთი გაოცებული და კმაყოფილები დარჩნენ, ამის შემდეგ ყოველ გაზაფხულზე (გომისმთაზე ამ დროს ღრმა ზამთარია), ამოდიან სასრიალოდ.
ერთ-ერთმა სნოუბორდისტმა გიორგი წერეთელმა რამდენიმე მაღალხარისხიანი ვიდეო გადაიღო და სოციალური ქსელებით ათიათასობით ადამიანმა შეიტყო ზამთრის გომისმთის შესახებ.
გომისმთის ზამთრის პოტენციალის შესახებ შეხვედრა გვქონდა გურიის მხარის იმჟამინდელ გუბერნატორ გია სალუქვაძესთან. როგორც სნოუბორდისტებმა აღნიშნეს, ზამთრის გომისმთის განსაკუთრებულობა ის არის, რომ გაზაფხულზე სხვა ზამთრის კურორტებზე სასრიალო თოვლი აღარ არის და ამ დროს გომისმთაზე საუკეთესო პირობებია_ გვითხრა მერაბ სანიკიძემ.
მერაბ სანიკიძე, მეგობრებთან ერთად 6 თებერვალს ავიდა კურორტ გომისმთაზე, სადაც მათ ერთ კვირაზე მეტი დაჰყვეს.
(გომისმთიდან გაზეთ „ალიონისთვის“ მოწოდებულ რეპორტაჟი იხილეთ ფეისბუქგვერდზე _გაზეთი „ალიონი“ და ვებ.გვერდზე ALION.GE http://alion.ge/?view=article&id=1253).