დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმენა, რომელიც ამ კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ წარმოადგინა.
მოხსენებაში საკმაო ადგილი სოფელ მთისპირში, მდინარე ბახვისწყალზე ფრანგული კომპანია „იმერის ბენტონით ჯორჯიას“ მიერ ციხისუბანში გადასავლელი ხიდის ჩაკეტვას დაეთმო.
_ სოფელ მთისპირში კომპანია „ასკანგელ ალიანსს“ მდინარე ბახვისწყალზე გადასავლელ ხიდზე შეზღუდული აქვთ გადაადგილება. ჩვენ ამ საკითხზე გავიარეთ შესაბამისი კონსულტაცია, კომისიამ მოამზადა დასკვნა თუ როგორ მოგვარდეს პრობლემა მოლაპარაკების გზით. წერილიც გადავაგზავნეთ საფრანგეთში _აღნიშნა ლავრენტი ბიგვავამ.
_მსოფლიოში მსგავსი შემთხვევა არ ვიცი, მუნიციპალიტეტის მიწაზე ხიდი იყოს და იქ ხალხს არ ატარებდნენ. ასეთი მდგომარეობაა, როგორც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დროებით საზღვართან: ბეტონის ბლოკებით გადაკეტილია ხიდი, სადაც დაცვა დგას. თავდაპირველად კომპანიის წარმომადგენლობამ საფრანგეთში, სათაო ოფისის მისამართიც კი არ მოგვცა. ამჟამად მუნიციპალიტეტიდან წერილი გაგზავნილია საფრანგეთში და პასუხს ველოდებით. ვცდილობთ არ იყოს დაპირისპირება. მდინარე ბახვისწყლის მეორე მხარეს არის საქართველოს ენერგოსისტემის მაღალი ძაბვის ანძები, სატყეო უბანი, სოფლის მოსახლეობის სახნავ-სათესები, თხილის პლანტაციები.
კომპანია „ასკანგელ ალიანსში“ 150-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. სოფელ მთისპირში ათეულობით ოჯახი რჩება ულუკმაპუროდ. თიხის გადამამუშავებელ ქარხანას რესურსი ამოეწურა და პროდუქციას ვეღარ გამოუშვებს. კვლავ იკარგება ბაზარი.
ჩვენ ვთავაზობთ ხიდის წესრიგში ჩვენი სახსრებით მოყვანას. თუ ხიდს გადმოგვცემენ, სახელმწიფომ თანხა უნდა გადაუხადოს ფრანგულ კომპანიას.
ერთადერთი წიაღისეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თიხაა და ჯერ ბერძნული, ახლა ფრანგული კომპანია ხელს გვიშლის, რომ აქ ხალხი მუშაობდეს _აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.
გაზეთმა „ალიონმა“ რამდენჯერმე გააშუქა სოფელ მთისპირში ფრანგულ კომპანია „იმერის ბენტონიტ ჯორჯიასა“ და შპს „ასკანგელ ჯგუფს“ შორის არსებული დაპირისპირების თემა. ეს დაპირისპირება იმაში გამოიხატება, რომ, „ასკანგელ ჯგუფს“, რომელმაც წიაღის ეროვნულ სააგენტოში ბენტონიტური თიხების მოპოვების ლიცენზია აქვს, ფრანგული კომპანია მდინარე ბახვისწყალზე ქართული კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს არ აძლევს ხიდზე გადაადგილების უფლებას. პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობასაც. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თავის დროზე, როდესაც აუქციონის წესით გაიყიდა მაღაროთა სამმართველო, ბერძნულ კომპანიას „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანს“ მაღაროთა სამმართველოს ქარხნებსა და ტექნიკასთან ერთად საკომუნიკაციო ნაგებობებიც გადასცეს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ცენტრალური ხელისუფლებიდან პრაქტიკულად გადადგმული ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად არ ჩანს. სოფელ მთისპირის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ამ თემაზე იხილეთ ბმულები:http://alion.ge/?view=article&id=1151; http://alion.ge/?view=article&id=1247; http://alion.ge/?view=article&id=1252;
+