დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა, სადაც მან განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს,„ ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აგრეთვე, საკრებულოს პარტია „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება. აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნების“ გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული.
საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!\" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.