„ღმერთი სიკეთით გადაუხდის ამ მოწყალე და კეთილ ადამიანებს“

დამატებულია: 2020-04-08
picture1

გასულ კვირაში კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართულმა გალობამ“. ქალაქ თბილისის მერიას 1000 ბენეფიციარისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა . კვირის ბოლოს კი მათი მადლიანი ხელი ოზურგეთსაც გადასწვდა და 100 ბენეფიციარს გამოუგზავნეს ამანათი. ამ კეთილი საქმის ორგანიზატორი ფონდი „ქართული გალობის“ თავმჯდომარე ნანა გოთუა გახლდათ.

კომპანია „შილდა“ ახალი ბრენდია ქართული ღვინის ბაზარზე და უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია უცხოურ ბაზარზეც. რაც შეეხება ფონდ „ქართულ გალობას“ მას დიდი წვლილი შეაქვს ქართული ხალხური სიმღერის და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის აღორძინების საქმეში. 2006 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაფუძნებულ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ჩამოყალიბება სწორედ ქალბატონ ნანას მეუღლის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამჟამად ფონდი „ქართული გალობა“ მხარში უდგას არა მარტო ამ სასწავლებელს. შუახევის მუნიციპალიტეტში ანსამბ „ჭვანას“ ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძისაგან მომისმენია ფონდის „ქართული გალობა“მხარდაჭერაზე ჭვანას ხეობის უნიკალური ფოლკლორის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში, რაშიც თავადაც დავრწმუნი გასული წლის შემოდგომაზე შუახევში, ოზურგეთის კულტურის ცენტრის ანსამბლ „შემოქმედისა“ და ანსამბლ „ჭვანას“ ერთობლივ კონცერტზე დასწრებისას.

რაც შეეხება ოზურგეთში გამოგზავნილ ნობათებს, შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მომეღო ამ კეთილშობილურ აქციაში და ვწვეოდი 30 ბენეფიციარს, მომესმინა 30 სხვადასხვა ისტორია და ადამიანების მადლიერების გამოხატვა კეთილი საქმისადმი.

ბუნებრივია ჟურნალისტიკის ეთიკის ნორმების დაცვით მოხდა რამდენიმე ბენეფიციარის ჩაწერა:

მონიკა ს_ ი 99 წლისაა, მარტოხელა.

_კარგია თუკი ვინმეს გავახსენდები. თავად ხედავთ ღრმად მოხუცი ვარ, მარტოხელა, .. მადლობა ქალბატონ ნანას ყურადღებისათვის. ღმერთი სიკეთით გადაუხდის ამ მოწყალე, კეთილ ადამიანებს.

ლალი გ-ს ასაკოვანი არ ეთქმის, 73 წლისაა, მაგრამ უბედურება დაატყდა თავს. ტუბერკულოზით ჯერ ერთი ქალიშვილი, ხოლო შემდეგ მეორე გარდაიცვალა. ახლა სახლში შვილიშვილი, მისი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილიშვილი ჰყავს.

_შვილიშვილი კი მუშაობდა ბლოკის საამქროში, მაგრამ ახლა სამუშაო არაა და ჩემი პენსიის და სოციალური დახმარების ამარა დავრჩით. დიდი დახმარებაა ჩემი ოჯახისთვის ეს ამანათი. ვიცნობ მაგ კეთილ ხალხს. ღმერთმა შეაძლებინოთ ჩვენნაირი ადამიანების დახმარება _გვითხრა ქალბატონმა ლალიმ.

მ. ჯ, 85 წლისაა. 2 წლის წინ შვილი და შვილიშვილი ერთ დღეს დაეღუპა. მოკრძალებული მადლობა გადაიხადა, როგორც ეს ჩვევიათ დარბაისელ ქალბატონებს. სიკეთე და უფლის წყალობა უსურვა ამანათის გამომგზავნებს.

ცაცა ჯ 81 წლისაა, ანასეულში ცხოვრობს. მეუღლე მძიმედ ჰყავს ავად. პენსიის მოიმედე არიან. არ უყვარს წუწუნი, სამაგიეროდ დიდი მადლიერება გამოხატა კომპანია „შილდას“ და ფონდ „ქართული გალობა“-ს დამფუძნებელ ნანა გოთუას მიმართ.

ლალი ფ, 78 წლის. უფროსი ქალიშვილი შშმ პირია. ზრდის 2 არასრულწლოვან შვილიშვილს.

_ღმერთი გადაუხდის სიკეთით. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ამ დახმარების ფასი ორმაგია _აღნიშნა მან.

ლამარა ფ. 82 წლისაა. ექადიაზე ცხოვრობს.

_ღმერთი გაახარებს ამ ოჯახს. მე ექადიის კოლმეურნეობის მოწინავე მეჩაიე ვიყავი. ჩვენი თავმჯდომარე იყო და კარგი ურთიერთობაც მქონდა მიხეილ ჩხარტიშვილის ოჯახთან. ყველაფერი კარგი გადაეცით ქალბატონ ნანას _აღნიშნა ქალბატონმა ლამარამ.

89 წლისაა რ. კ, მრავალსართულიან ბინებში ცხოვრობს. ვაჟი შარშან დაეღუპა. სახლში ქალიშვილი ჰყავს, უმუშევარი.

_ღმერთი შეიწირავს. ნამდვილად საჭიროა ბიზნესმენებიდან, მეცენეტებიდან ჩვენნაირი ადამიანებისადმი ყურადღება. ასეთ დროს ადამიანი უფრო დაცულად გრძნობს თავს...

ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულს, რაც ჩვენ ღვაწლმოსილი პედაგოგის, 87 წლის ლ. ს ოჯახში დავინახეთ.მათი მადლიერება უპირველესად ყურადღებიდან გამომდინარეობდა.

_ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ფონდი „ქართული გალობა“. გავიგე, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ, ცნობილი მხატვარის მ.უ-ს ოჯახშიც ყოფილხართ. ვეცდებით თავად ქალბატონ ნანას დავუკავშირდეთ და პირადად ვუთხრათ მადლობა _გვითხრა შვილმა .

_დედა, გეხვეწებით დიდი მადლობა გადასცეთ. თავად ხედავთ როგორ სახლში ვცხოვრობ. შვილები უმუშევრები. მხოლოდ ჩემი პენსიაა ჩვენი შემოსავალი. საგანგებო მდგომარეობაა და ქუჩაშიც ვერ გავდივარ... სულზე მომისწრო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის _გვითხრა 79 წლის ნ. ჯ-მა.

ამ სიის გარძელება შეიძლება..

ქველმოქმედება, მოწყალების გაღება სულიერად აძლიერებს ადამიანს. ერთადერთი საკითხია, რაშიც ყველა რელიგია თანხმდება _მოუწოდონ ადამიანებს ურთიერთდახმარებისაკენ ჩვენი არსებობაც ხომ მხოლოდ უფლის კეთილი ნების _ სიქველის შედეგია.

სიკეთე კი გადამდებია.

დარჩით სახლში! _თქვენ უყურადღებოდ არ დაგტოვებენ!

ავტორი: ნუგზარ ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.