ოჯახური ძალადობა - მისი გავლენა ჯანმრთელობაზე და და სამედიცინო სექტორის რეაგირება

დამატებულია: 2020-06-06
picture1

COVID- 19-ის პერიოდმა გამოიწვია ოჯახური ძალადობის შემთხვებებისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების ზრდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რაც საყურადღებოა და საჭიროებს დროულ გამოვლენას და რეაგირებას.

არ არსებობს ქვეყანა ან ხალხი, რომელთაც ძალადობა არ ეხებათ. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 1,6 მლნ-ზე მეტი ადამიანი იღუპება ძალადობის შედეგად. ამასთან, თითოეულ გარდაცვლილზე მოდის გაცილებით მეტი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც ძალადობის შედეგად გაუჩნდათ პრობლემები ფიზიკურ, სექსუალურ, რეპროდუქციულ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

რა არის ოჯახური ძალადობა სიტყვა „ოჯახი“ ჩვეულებრივ უსაფრთხო ნავსაყუდელის ცნებასთან ასოცირდება, რომელიც გარესამყაროს ზეწოლისგან გვიცავს. მაგრამ უკანასკნელ გამოკვლევებს იმ აზრთან მივყავართ, რომ ეს „აღზრდის აკვანი“ შეიძლება „ძალადობის აკვანიც“ იყოს. ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური შეურაცხყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი ახორციელებს მეორეზე, მასზე კონტოლის და ძალაუფლების მოპოვების მიზნით. ძალადობა ოჯახში არის რეალური ქმედება ან მუქარა კონკრეტული პიროვნების მხრიდან, რომელიც სქესობრივ ან სხვა ურთიერთობაში იმყოფება პარტნიორთან. შემთხვევათა 95%-ში ძალადობის მსხვერპლი არის ქალი, ხოლო მოძალადე - მამაკაცი.

ჩვეულებრივ, ყველა ოჯახში მეუღლეების ურთიერთობაში ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა, რამაც შეიძლება კამათი და ჩხუბი გამოიწვიოს. ბუნებრივი და მისაღებია, რომ ორ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული აზრი და შეხედულებები. თუმცა ძალადობას არანაირი კავშირი არა აქვს კამათთან. ძალადობის პირობებში ორ ადამიანს შორის არ ხდება აზრთა გაცვლა. ძალადობა - ეს არის არა ურთიერთობების თანასწორი გარკვევა ადამიანებს შორის, არამედ ცემა, მუქარა, შანტაჟი და დამცირება. ამ დროს ერთი მხარე, შიშის და მუქარის გამოყენებით, კარნახობს მეორეს ცხოვრების წესს, ურთიერთობის მანერას და ქცევის სტილს. ხშირად ძალადობას წინ არ უსწრებს კამათი. მაგრამ მოძალადემ შეიძლება სპეციალურად მოახდინოს მისი პროვოცირება, რათა შემდგომ გაამართლოს თავისი ძალადობრივი მოქმედება და აიძულოს მსხვერპლი, იგრძნოს თავი დამნაშავედ. „მიზეზები“ შეიძლება იყოს: ცოლმა ქმარს პროდუქტებისთვის ფული სთხოვა, სადილი არ იყო მზად ქმრის სამსახურიდან მოსვლისთვის, ქმარს სადილი არ მოეწონა. ხშირად „უწყინარი შეკითხვა“, რომელიც დაისვა „შეუფერებელ დროს“, იწვევს ძალადობას მამაკაცის მხრიდან. ქალები ცდილობენ, შეცვალონ თავიანთი ქცევა მეუღლის მოთხოვნების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ძალადობა. თუმცა ბოლოს და ბოლოს ისინი ხვდებიან, რომ ეს მცდელობები არაფრის მომცემია. ძალადობა არ არის დამოკიდებული მსხვერპლის ქცევაზე.

ოჯახური ძალადობა ხშირად მოიცავს ფიზიკური, სექსუალური და ემოციური შეურაცხყოფის სხვადასხვა კომბინაციებს. ძალადობის „მიზანია“ მსხვერპლზე ძალაუფლების და კონტროლის დამყარება. ფიზიკური შეურაცხყოფა აძლიერებს არა-ფიზიკურს, უჩვენებს რა ქალს: „აი, რა შემიძლია გავაკეთო, თუ შენ შეეწინააღმდეგები ჩემს მოთხოვნებს“. ამდენად, ფიზიკური ძალადობა ყოველთვის არ არის „აუცილებელი“, ვინაიდან არა-ფიზიკურ ძალადობასაც იგივე გავლენა აქვს მსხვერპლზე და მისი „გამოსწორება“ გაცილებით რთულია. ძალადობა დიდი ხნის მანძილზე არ განიხილებოდა, როგორც ჯანდაცვის პრობლემა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ არ არსებობდა ძალადობის არსის ზუსტი განსაზღვრა. შეხედულებები იმაზე, თუ რა არის და რა არ არის მისაღები ადამიანის ქცევაში, ასევე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საზიანოდ, დამოკიდებული იყო მოცემულ საზოგადოებაში არსებულ კულტურულ ნომრებზე და ხდებოდა მათი მუდმივი გადახედვა ფასეულობების და სოციალური ნორმების ცვლილებების პარალელურად.

1996 წელს ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ძალადობა გამოცხადდა ჯანდაცვის №1 პრობლემად მთელს მსოფლიოში. ძალადობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ხშირ შემთხვევაში პიროვნებას არც აქვს გაცნობიერებული, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მიმართავს ექიმს. აქედან გამომდინარე, ექიმი არის სწორედ ის პირი, რომელსაც აქვს პირველი კონტაქტი მსხვერპლთან.

ოჯახური ძალადობა გავლენას ახდენს რეპროდუქტიულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე, იწვევს არასასურველ ორსულობას, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, მათ შორის აივ ინფექციას/შიდსს, და სხვა. ორსულობის პერიოდში იგი დაკავშირებულია ორსულობის პათოლოგიურ მიმდინარეობასთან, ნაადრევი მშობიარობასთან, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან.

ძალადობის შედეგად აგრეთვე ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ასთმა და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები, გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, მათ შორის წყლულოვანი დაავადება, დიაბეტი, ნევროლოგიური დარღვევები და ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიები.

პროცენტულად ხშირია ორსულ ქალებზე ძალადობა. . ორსული ქალები ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლს აკითხავენ ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში. ქალთა კონსულტაცია, სადაც ხორციელდება ანტენატალური მეთვალყურეობა, ხშირად ერთადერთი ადგილია, სადაც ორსული ქალი ეხება ჯანდაცვის სისტემას, აქვე ხდება სამედიცინო სერვისების მიწოდება და ხანგრძლივი მეთვალყურეობა ორსულზე, რაც უნიკალურ საშუალებას აძლევს ექიმს გამოავლინოს და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ ორსულ ქალს. აქედან გამომდინარე, ექიმის მიერ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, შესაძლოა, გახდეს ორსულ ქალზე ძალადობის პირველადი და მეორადი პრევენციის ოპტიმალური გზა.

ძალადობის გავლენა ორსული ქალის ჯანმთელობაზე გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით-: ვაგინალური/საშარდე გზების ინფექციები; ვაგინალური სისხლდენა; მუცლის ტრავმა; ჰემორაგია; ქრონიკული დაავადებების გამწვავება; გართულებები მშობიარობის პერიოდში; ორსულობის შეწყვეტა/აბორტი; დაბადებისას ახალშობილის დაბალი წონა; პლაცენტის აშრევება; საშვილოსნოს ინფექცია; ნაყოფის ტრავმა, მოტეხილობა და ჰემატომები; დეპრესია. გარდა ამისა გარდაცვალება (ჰომიციდი, სუიციდი).

რისკებს შეადგენს: ორსულობის შეწყვეტა/სპონტანური აბორტი; ნაყოფის დაზიანება ან სიკვდილი დედის ტრავმის გამო; მცირე წონის ნაყოფის დაბადება.

აგრეთვე დადგენილია რომ ორსულობის დროს ძალადობის მსხვერპლის შვილი იმეორებს ძალადობის ციკლს.

ქალთა ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი არის პროფესორი იათამზე ვერულაშვილი, 2000 წლიდან მუშაობს ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე თბილისში და რეგიონში მომუშავე ექიმებსა და ექთნებს შორის. ცენტრის დახმარებით, ექიმთა დიპლომის შემდგომ განათლების ინსტიტუტში შეიქმნა სპეციალური პროგრამა: -„ოჯახური ძალადობის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე”. ამ პროგრამის ფარგლებში მეან-გინეკოლოგები და ოჯახის ექიმები, ეცნობიან ძალადობით გამოწვეულ დაავადებებს. აღნიშნული პროგრამა დაინერგა, როგორც სასერტიფიკატო -სალიცენზიო პროგრამა და მისი დასრულების შემდეგ ექიმები იღებდნენ კრედიტ ქულას.

ამასთან, 2007 წელს, ქალთა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან და იმ პერიოდში თბილისის უწყვეტი განათლების ექიმთა გადამზადების რექტორთან ზაზა ბოხუასთან ერთად შეიმუშავა ოჯახური ძალადობის სკრინინგის ფორმა RADAR - დაფუძნებული ამერიკის ექიმთა ასოციაციის ( American Medical Association (AMA) გამოცდილებაზედა ადაპტირებული საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. ამასთან, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ექსპერტთა ჯგუფის მეშვეობით შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც დანერგილია სამედიცინო დაწესებულებებში. აღნიშნული სახელმძღვანელო ითვალისწინებს, რომ ყოველი სამედიცინო შემოწმებისას ჯანდაცვის მუშაკმა ყველა პაციენტს 14 წლის ასაკის ზემოთ უნდა ჩაუტარონ სკრინინგი ძალადობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არავითარი ნიშანი და სიმპტომი არ ბადებს ეჭვს.

ვის უნდა ჩაუტარდეს ძალადობის სკრინინგი? – ყველა ორსულს ყოველ ტრიმესტრში ერთხელ:

• 1 -ტრიმესტრში ( გესტაციის -13 კვირამდე);

• 2- ტრიმესტრში ( გესტაციის -13-27 კვირამდე);

• 3- ტრიმესტრში (27-40 კვირამდე);

ამასთან, ქალთა სკრინინგი უნდა მოხდეს მშობიარობის შემდგომ პერიოდში ყოველი ახალი გასინჯვის დროს; ყოველწლიურად; ექიმთან ყველა დაუგეგმავი ვიზიტის დროს, თუ ძალადობის რაიმე ნიშნებია გამოხატული; ოჯახის დაგეგმვის მიზნით ექიმთან ვიზიტის დროს; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციიების გამო ექიმთან/კლინიკაში ვიზიტის დროს; აბორტის გამო ექიმთან/კლინიკაში ვიზიტის დროს. ვინ უნდა ჩაატაროს სკრინინგი - სკრინინგს ატარებენ ექიმი-თერაპევტები, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები და ოჯახის ექიმები, მეან-გინეკოლოგები, ნარკოლოგები, ფსიქიატრები, რეაბილიტაციის ექიმები, სასწარაფო დახმარების ქირურგები, სტომატოლოგები და სხვა.

სად უნდა ხდებოდეს მსხვერპლის გამოვლენა? მსხვერპლის გამოვლენა შეიძლება მოხდეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში,სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო დაწესებულებაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ოჯახის დაგეგმვისა და ორსულთა ჯანმრთელობის კლინიკებში, ორთოპედიული ქირურგიის კლინიკებში, სამედიცინო სტაციონარულ კლინიკებში, ნარკოლოგიურ ცენტრებში, სამშობიარო სახლებში და სხვა.

ქალებს, რომლებიც არ არიან ორსულად, სკრინინგი უტარდებათ: რუტინული სამეანო –გინეკოლოგიური ვიზიტის დროს, ოჯახის დაგეგმვის გამო ვიზიტის დროს.

ორსულ ქალებს სკრინინგი უტარდებათ: -პირველი პრენატალური ვიზიტის დროს (ერთხელ ყოველ ტრიმესტრში);მშობიარობის შემდგომი კონსულტაციის დროს და სხვა.

ოჯახში ძალადობის გამოვლენის შემთვევაში, სამედიცნო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, გააკეთოს შემდეგი: ძალადობის ფაქტის დადგენა, სამედიცინო ანკეტის შევსება, უსაფრთხოების შეფასება, უსაფრთხოების გეგმის შემუშავება, შესაბამისი რეფერალის განხორციელება, პოლიციისათვის შეტყობინება.

2017 წლიდან სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზზე, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის და სექსუალური ძალადობის საკითხებზე კონსულტაციის მიღება ქართულ ენასთან ერთად შესაძლებელია ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. ცხელი ხაზი - 116 006, ძალადობის შემთხვევაში აგრეთვე დარეკეთ 112.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ქალთა ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „ბავშვთა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის პრევენცია“ (დონორი ორგანიზაცია European Union, UNDP, COBERM) ძდექ-ის გურიის რეგიონულ კომიტეტთან ერთად პროექტის მიზანია ოჯახური ძალადობის პრევენცია ადრეულ ასაკში.

სტატიის ავტორები: მედ. მეც. დოქტორი პროფესორი იათამზე ვერულაშვილი და ელენე გაბისონია

დაფინანსებული ფართი

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.