რა ბედი ელით მეორე მსოფლიო ომის გმირების ბიუსტებს?

დამატებულია: 2020-06-17
picture1

„ეს ოზურგეთის სირცხვილია. არ მგონია, ასე ექცეოდნენ ომის გმირებს ევროპაში....იქნებ მოხდეს ამ ძეგლების რესტავრაცია, გამოინახოს ადგილი მათ დასადგმელად“_ გაზეთ „ალიონის“ ამ პოსტს, რომელიც მუზეუმის წინ, მეორე მსოფლიო ომის გმირების უთავბოლოდ დაყრილი ბიუსტების ფოტოს დავურთეთ, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ ამ თემაზე კომენტარები ოზურგეთში ცნობილ ადამიანებს ვთხოვეთ:

ავთანდილ სურგულაძე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: _ დიდი ხანია დგას ეს პრობლემა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცნობილ არქიტექტორ საყვალა სალუქვაძესთან ერთად ვმსჯელობდით. იყო ასეთი, ალბათ ყველაზე ოპტიმალური მოსაზრება, რომ ძეგლებს უნდა გაუკეთდეს რესტავრაცია, შეიძლება ზომაში ცოტა დაპატარავდეს თუ ეს ძალიან დიდ თანხებს არ მოითხოვს და უნდა განლაგდეს გმირთა მოედანზე, სადაც ომში დაღუპულთა ობელისკი, მარადიული ცეცხლია.არა მარტო ეს ძეგლები, ასევე სხვა გმირებისაც, მაგალითად ზაზა დამენიას, ყველას ვინც შერაცხულია გმირად. გამიჯვნა უნდა მოხდეს ბაღის რა თქმა უნდა სპეციალური დაგეგმარებით.

ჩემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ცაიტნოტში ვიყავით, თუმცა ამ თემაზე იყო.მსჯელობა. ვფიქრობდით, ბაღი გაჭრილიყო „ბავშვთა სამყაროს“ წინ და ის ნაწილი უნდა დარჩენილიყო როგორც გმირების ალეა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობდით. მერე არჩევნებმა მოგვისწრო . დაიწყო საუბარი მუნიციპალიტეტის გაყოფაზე და სხვა თემებზე გადავერთეთ. ასევე განიხილებოდა და პროექტიც გაკეთებულია _ თეატრალურ სკვერში გამოჩენილი ქართველი ხელოვანების ალეა. იმიტომაც გავხსენით შესასვლელში ანსამბლ „შვიდკაცას“ ვარსკვლავი.. წელს სრულდება მიშა შავიშვილის 100 წლის იუბილე და შესაძლებელია ბიუსტის გაკეთება და დადგმა.

მანანა ლომაძე, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მცველი: _ ჩემი აზრით, გმირების ძეგლები უნდა განთავსდეს იქ, სადაც მარადიული ცეცხლია. მაგრამ უნდა იყოს შედარებით მცირე მასშტაბები.წარმოდგენილი ექვსი გმირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია. ეს ძალიან იშვიათობაა. ასეთები არიან ჩვენგან ლესელიძეები, ბიქტორი და კონსტანტინე. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სულ 11 ოჯახი იყო ასეთი.რადგან ყველაფერი ქრება და მეხსიერებიდან იკარგება, ჩვენს მომავალ თაობას რომ დარჩეს მოგონებებში, უნდა გაკეთდეს პატარა დაფა სადაც იქნება ინფორმაცია მოცემული, რამდენი წავიდა მეორე მსოფლიო ომში, რამდენი დაიღუპა. გარდა ამ ექვსი გმირისა ჩვენი რაიონიდან ძალიან ბევრმა გამოიჩინა თავი სამამულო ომში.( მე ვთვლი, რომ რასაც მეორე მსოფლიო ომს უწოდებენ იყო ჩვენი სამამულო ომი, რადგან მამულისთვის იბრძოდნენ. მტერი მოსული იყო ქლუხორის და მამისონის უღელტეხილთან, ქართველი კაცი იცავდა სამშობლოს. )კარგი იქნება დაფაზე იყოს მოკლე ინფორმაცია მათ შესახებ, მათივე სურათებით. ახალგაზრდები ნახავენ, მოიკითხავენ ინფორმაციას მათ შესახებ.სასურველია კეთილმოეწყოს სკვერი და აღდგეს ძველი ჭახრაკიანი ჭა რომელიც იყო საპარასკევოს უბანზე ამბაკო სალქვაძის ჭად ცნობილი. უკვე არსებული ძეგლები მას შემდეგ შეიძლება განადგურდეს, როცა გაკეთდება ახალი.

ხელისუფლებას დღევანდელსაც და წინასაც ამ პრობლემებზე ვესაუბრებოდით. მათგან უარი არასდროს არ იყო. მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. სანამდე შეიძლება, ჩვენთან იყოს დაზიანებული ძეგლები. სადაცაა მუზეუმი უნდა გაიხსნას და საჭირო გახდება ძეგლების აღება.

ბეგი სიორიძე, ბიზნესმენი, ქ. ოზურგეთის ყოფილი მერი: _მე ნიშნისმოგებით არ ვსაუბრობ, მაგრამ როგორც კი ქალაქის მერი გავხდი, პირველად მივედი მუზეუმში, ძეგლები რომ ვნახე მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა მოგვეხერხებინა ბიუსტებისთვის. მავანნი ცდილობენ დაარწმუნონ საზოდაგოება, რომ ძეგლები ჩემი მერობის პერიოდში ჩამოვხსენი და იმ ტერიტორიაზე გავეცით მაღაზიის მშენბლობის ნებართვა. ეს მოხდა დაახლოებით 2011 წელს, ბევრად ადრე, ვიდრე მე ქალაქის მერი გავხდებოდი. რაც შეეხება მაღაზიის ნებართვას ახლაც იგივე აზრზე ვარ, ბევრი მაღაზია უნდა გაიხსნას ჩვენს ქალაქში, ბევრი რესტორანი და სავაჭრო ცენტრი.ქალაქი ქალაქს უნდა დაემსგავსოს. მაღაზის ნებართვა გავეცით, მაგრამ ბიუსტები ჩვენ დროს არ ჩამოხსნილა. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მას შემდეგ რაც ე.წ. „დიდების მუზეუმი“ აღარ არსებობს და ნახევარ ფლიგელში გაიხსნა ფოლკლორის ცენტრი და მეორე ნახევარში დარჩა მუზეუმი ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუსტები უნდა განლაგებულიყო გმირთა მოედანზე ობელისკთან. სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, ვერ მოვასწარით. არ ვარ ბოღმიანი ადამიანი. კარგი იქნება, გამიხარდება, თუ ახლა გააკეთებენ, არ მეწყინება ნამდვილად. ეს მუნიციპალიტეტის გადასაჭრელი საკითხია, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ არავინ ყურადღებას არ მიაქცევს, ამ შეთხვევაში რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის თანხმობით, ჩვენ შევეცდებით ბიზნესმენები შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ ამ საქმის ირგვლივ.

_ სხვა ბიზნესმენებთან გქონდათ ამაზე საუბარი?

_ კი.რამდენიმე მეგობარ ბიზნესმენთან მქონდა საუბარი და წინააღმდეგი არავინ არ არის. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი დამსახურება ფაშიზმის დამარცხების საქმეში, რასაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. თუკი ამას არავინ არ გააკეთებს ამ შემთხვევაში ჩვენ მოვინდომებთ მაქსიმალურად. არ ჯდება ეს პატარა თანხა.

_როცა მერი იყავით ხომ არ დაგითვლიათ დაახლოებით რა თანხებთანაა ეს დაკავშირებული?

_ ვაპირებდით. რამდენიმე ბიუსტის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ რამდენიმე თავიდანაა ჩამოსასხმელი ისეთი დაზიანებულია და ვაპირებდით მათ ჩამოსხმას. ზუსტად არ მახსოვს რა თანხაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო სოლიდური თანხა. ამიტომ ვამბობ. შეიძლება თანადაფინანსების პრინციპით მოხდეს.

სწორად გამიგეთ ეს მინიციპალიტეტმა უნდა გააკეთოს, ეს არ არის საქველმოქმედო აქცია. მაგრამ თუ დადგება დღის წესრიგში საკითხი თუნდაც თანადაფინანსებით მუნიციპალიტეტმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა გავაკეთოთ, ეს იქნება კარგი საქმე. ისეთი საქმე, რომელიც სირცხვილია, რომ დღემდე გაუკეთებელია.ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის გასაკეთებელი. თუ მინიციპალიტეტი ამას არ აკეთებს, ჩვენ მათ შევთავაზებთ, იქნებ თანადაფინანსებით შევძლოთ. თუ თანადაფინანსებაზეც უარს გვეტყვიან, მაშინ იქნებ ნებართვა მაინც მოგვცენ, რომ ბიზნესის წარმომადგენლები გავერთიანდეთ და ბიუსტებს მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი ჩვენს ქალაქში.

ლავრენტი ბიგვავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე: _მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა აშკარად მიუღებელია და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად მდგომარეობა დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს. მუნიციპალიტეტის მერიამ გონივრულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ძეგლების განთავსებისათვის საათანადო ადგილის გამოყოფა და მოწყობა. რამდენადაც მე ვიცი და სპეციალისტები განმარტავენ, ძეგლები მონტაჟამდე საჭიროებს რესტავრაციას. აღნიშნილი სამუშაოების შესრულება მოითხოვს საკმაოდ სოლიდურ დანახარჯებს. მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ძეგლების რესტავრაციის საქმეში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. მათ შორის კერძო ბიზნესის წარმომადგენლებიც.

პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე სარებულოშიც იყო მსჯელობა. გარკვეული წინადადებები მომზადების სტადიაშია და უახლოეს ხანში გადაეცემა მერიას.

განთავსების ადგილს რაც შეეხება, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ უნდა იყოს მემორიალთან. ეს წინადადება ჩემთვისაც სავსებით მისაღებია. დასაშვებია ამ თემაზე კონკურსიც გამოცხადდეს. შეიძლება უკეთესი ადგილიც გამოინახოს.

ავთანდილ თავართქილაძე, ოზურგეთის სურათების გალერეის დირექტორი: _ გმირთა მოედანზე, ობელისკთან უნდა დაიდგას ძეგლები. მივალთ და პატივს მივაგებთ. ერთ სივრცეში უნდა მოვაქციოთ გაფანტული არ უნდა იყოს. სავსებით შესაძლებელია მათი რესტავრაცია. გაზეთმა „ალიონმა“ აღნიშნულ თემაზე კომენტარისათვის მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსს ეკატერინე მგელაძეს.

მგელაძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი აპირებს მეორე მსოფლიო ომის გმირების ბიუსტების რესტავრაცია-განთავსების თემა დარბაზის სხდომაზე განიხილოს, რომლის შემდეგაც მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.

მანამდე კი ძეგლები აღარ ყრია ფოლკლორის ცენტრისა და მუზეუმის შესასვლელებთან და ფოლკლორის ცენტრის ერთ-ერთ დიდ ოთახშია განთავსებული.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.