გურიის მდინარეებზე არსებულმა კატასტროფულმა მდგომარეობამ, რაც გამოიხატება ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიების ვანდალური მოქმედებით და გარემოზე მიყენებული ზიანით, მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და პერმანენტულად დაიწყო ბრძოლა გურიის მდინარეების ხეობების გადასარჩენად. ამას მოჰყვა სამოქალაქო მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“შექმნა. ამ თემაზე ადრეც იწერებოდა რეგიონის მედიასაშუალებების მიერ, მაგრამ მაკონტროლებელი ორგანიზაციების რეაგირება იყო ძალიან დაბალი.
ამჟამად კი სამოქალაქო ორგანიზაციის აქტივობებში მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი და ისინი აქტიურად მონაწილეობენ მათ ინიციატივებში.
_„ოპონენტებს ჩვენს მიმართ აქვთ ყოველთვის ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ჩვენ არ გვინდა მშენებლობა და წინსვლა, არ გვინდა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, რაც არასწორია. ჩვენი მიზანია ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება, იყოს მშენებლობები, არ იყოს ელექტროენერგიის დეფიციტი, მაგრამ ვითხოვთ, რომ ეს მოხდეს კანონმდებლობის ჩარჩოებში, არ იყოს ზეპირად გაწერილი შეფასებითი მშენებლობები. მივისწრაფით იქითკენ, რომ წარმოების კულტურა გაძლიერდეს საქართველოში,დაცული იქნას კანონმდებლობა და ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს. ჩვენი მოძრაობის პრიორიტეტი მოსახლეობაა, შესაბამისად მოსახლეობის გარემო _სოციალურიდან დაწყებული ეკოლოგიურად დამთავრებული“ _გვითხრა მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“და არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ.
_„თანამოაზრეებთან ერთად, ჩემს მიერ სამოქალაქო მოძრაობაში ჩაბმა გამოიწვია გურიის მდინარეების ხეობების მასაობრივმა აოხრებამ. სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყალზე არსებულმა მდგომარეობამ დაგვანახვა იმის საჭიროება, რომ მოქალაქეებს სცოდნოდათ, კონტროლდებოდა თუ არა წიაღის მოპოვება,რას აკეთებდნენ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები. მოსახლეობის პერნამენტულ აქციებს მოჰყვა სამოქალაქო მოძრაობის „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“ჩამოყალიბება, რომელშიც გარდა სამოქალაქო აქტივისტებისა, აქტიურად იყო ჩართული მედია, შემდეგ კი ჩამოვაყალიბეთ გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“ _გვითხრა სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარემ, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა ირმა გორდელაძემ.
ამჟამად გურიაში წიაღის მოპოვებაზე 55 ლიცენზიაა გაცემული წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, აქედან _38 ოზურგეთში.
„ეკომ“ გამოითხოვა და იდენფიცირებული იქნა ყველა მოქმედი კარიერი. დაადგინეს პროცედურების სქემა ლიცენზიის გაცემიდან წარმოების დასრულებამდე.იმის გამო, რომ კარიერებიდან მომავალმა მძიმეწონიანმა ტრანსპორტმა დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, „ეკომ“პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დააყენა საკითხი სასწორების დადგმის აუცილებლობს შესახებ.
ეს საკითხი მოიწონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ორი სასწორის შეძენის თანხა შესულია მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში. მერია ამ თემაზე აწარმოებს მოლაპარაკებას ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.
ირმა გორდელაძე: _„მოსახლეობის აქტიურობას საგანმანათლებლო კომპანიის გაძლიერება მოჰყვა იმ სოფლებში, სადაც აქტიურად იდგა გარემოსდაცვითი პრობლემები. მოქალაქეები გაეცნენ გარემოსდაცვით დემოკრატიას და მათ უფლებებს. სადაც მოქალაქეთა პროტესტი ვერ აჩერებდა კარიერულ წარმოებას, მოსახლეობამ„ეკოს“ დახმარებით მიმართა სასამართლოს. ასეთი იყო კომპანია შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, რომელიც ფლობს ლიცენზიას მდინარე აჭისწყლის ხეობაში. სასამართლომ კარიერული წარმოება შეაჩერა საქმის ბოლომდე გამოძიებამდე. ორი წლის წინ , სოფელ ლიხაურის მოსახლეობის საპროტესტო აქციებმა 5 ლიცენზიის ამოქმედება შეაჩერა.
„ეკომ“ ბოლო 4 თვეში 10-ჯერ გამოიძახა გარემოს დაცვის ინსპექტირება. გასულ წელს კი მათი დახმარებით გაჩერდა უკანონო კარიერული წარმოება სოფელ სილაურის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსაზე. შპს „ნატამ“ აქ მუშაობა შეწყვიტაა, ერთი პირი 1 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების ხეობაში „ნალუთოს“ დოკუმენტების შესწავლა მიმდინარეობს.
წლებია მიმდინარეობს მდინარე სუფსაზე ინერტული მასალის მოპოვება. უკონტროლო კარიერულმა წარმოებამ ძლიერ დააზიანა მდინარის კალაპოტი, ხეობა, მოსახლეობას წაერთვა სახნავ-სათესი ფართობები, დაშრა ჭები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მდინარე სუფსაზე კვლავ გრძელდება ახალი ინერტული მასალის მომპოვებელი კარიერების ამოქმედება.
სოფელ ძიმითის მოსახლეობა ითხოვს შეწყდეს მდინარე სუფსიდან წიაღის მოპოვების მცდელობა, რომელსაც ცდილობს შ.პ.ს. „აკეთი“ს და შ.პ.ს. „სამი ძმა.“ ეს კომპანიები შემოჭრილი არიან სოფელ ძიმითის მცხოვრებთა კუთვნილ მიწის ფართობებზე, ცდილობენ მდინარეზე ხიდის მშენებლობას, დიდი რაოდენობით წიაღის გატანას. მათ უკონტროლო წარმოებას შეეწირება როგორც მდინარის კალაპოტი, ისე ხეობა, ასევე მოსახლეთა სავარგულები.
სოფელ ძიმითის მოსახლეობას არ სურს ვანდალურად მოხდეს გარემოს განადგურება, როგორც ეს დაემართა მდინარე სუფსის ხეობას ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბუკნარი, გორაბერეჟოული, ქვემო აკეთი - კომპანია „აკეთის“ მიერ განხორციელებული კარიერული წარმოების შედეგად.
მოსახლეობამ ბრძოლამ ჭალის აქციებიდან სამართლებლივ ჭრილში გადაინაცვლა. მათ დაიწყეს ხელმოწერები თავიანთი უფლებების დასაცავად. „ეკოსთან“ ერთად შეადგინეს ელექტრონული პეტიცია, რომელზეც ხელმოწერები ამჟამად მიმდინარეობს, ასევე შესაბამისი სარჩელით მიმართავენ ოზურგეთის რაიონულ სამამართლოს“.
_„მე არ მაინტერესებს, ვინ დგას ამ კომპანიების უკან. ჩვენ კანონს ვცემთ პატივს და კანონიერად ვმოქმედებთ,“ _განუცხადა გაზეთ „ალიონს“ ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა სოფელ ძიმითში ზურაბ ხარატმა.
ძიმითელთა პროტესტის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ინფორმაცია გააკეთა დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ.
ლევან მგელაძე: _ „ძალიან აქტუალურია ძიმით-ნაგომრის სიტუაცია.ასევე მერიაში არსებული კარიერი.
წიაღის მოპოვების შესაბამის კანონში 2014 წლამდე გაწერილი იყო, რომ ქვიშახრეშის წყლიდან ამოღება არ შეიძლებოდა.2016 წლისთვის ეს მუხლი ამოღებული იქნა კანონიდან, რამაც საშუალება მისცა არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს, წყალში ჩააყენონ მძიმე ტექნიკა ამოიღონ ქვიშა-ხრეში, რაც საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას. ხარვეზებია კანონმდებლობაშიც. სოფელ მერიაში, მდინარე ნატანების აუზში წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 5-წლიანი ლიცენზია აქვს კომპანია „აქ-ვას“, მაგრამ ინეტრული მასალის მოპოვებას აწარმოებს ქვემოიჯარე კომპანია „ნალუთო“. ხელშეკრულებაში წერია, რომ ქვემოიჯარეს შეუძლია წლიურად შეისყიდოს 30 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში, როცა ლიცენზიის პირობებით „აქ-ვამ“ წლიურად მხოლოდ 5 ათასი კუბური მეტრი უნდა ამოიღოს(?!). ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგით დღეში დაახლოებით 50 დატვირთული ავტომობილი გადის კარიერიდან. ამ მონაცემებით ნახევარ წელშიც მოახერხებენ ამ ყველაფრის ამოღებას. ამ შემთხვევაში უკანონოდ ხდება მოპოვება, რადგან ნოტარიულად არ არის დამტკიცებული ქვემოიჯარესთან ხელშეკრულება.
ლიცენზიის გამცემი ორგანო არ ითვალისწინებს სხვადასხვა კანონებს, მაგ. კანონი მდინარის და წყლების შესახებ, სადაც გასათვალისწინებელია მდინარის სიგრძე. ჩვენთან ყველა მდინარე არის მცირე ზომის, გარდა სუფსისა, სადაც კატეგორიულად აკრძალულია ნებართვის გარეშე რაიმეს მოპოვება.
_ როგორია მუნიციპალიტეტის დამოკიდებულება ამ მწვავე საკითხის მიმართ?
_მე ამ თემაზე დიდი ხანია ვმუშაობ. ქ. ოზურგეთის საკრებულოში მინდოდა შემექმნა ფრაქციის ჯგუფი. იმ მოტივით, რომ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზირება არ არის მუნიციპალიტეტის ფუნქცია და მისი კონტროლის ქვემდებარე, ჩემი წინანდადება უგულვებელყოფილი იქნა.მუნიციპალიტეტს შეუძლია დაიცვას საკუთარი ეკოსისტემა, შეუძლია თანხმობა მისცეს ან არ მისცეს ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის გაცემაზე. გურიაში არის 35 ვადიანი ლიცენზია. ამ ეტაპზე და ყველა არის გაცემული 2017 წლამდე. შემდგომ არცერთ ლიცენზიაზე თანხმობა არ ყოფილა მუნიციპალიტეტის მიერ.
_თქვენი შეფასებით, როგორია მოსახლეობის აქტიურობა?
_თავიდან მარტო დავიწყე კანონმდებლობის შესწავლა, შემდეგ თანამოაზრეები გავიჩინე და შევქენით მოძრაობა „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“. მონიტორინგის ჩასატარებლად სახსრები დარჩა საჭირო. დავაფუძნეთ გარემოსდაცითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოვიპოვეთ გრანტი და ორი პროექტი განვახორციელეთ. საშუალება მოგვეცა მოსახლეობასთან კონტაქტის გაადვილების. მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდება სოციალური ქსელით და მედიით. ხალხმა ისწავლა, როგორ დაიცვას თავისი სოფელი.
პირველი ელექტრონული პეტიცია საკრებულოში შემოვიდა ლიხაურის თემიდან, რომლებიც ითხოვდნენ მდინარე აჭის ხეობის რეკრეაციული სტატუსის მინიჭებას, რომელიც დაიცავდა მას ვანდალიზმისგან. ამ პეტიციას შედეგი დიდად არ მოჰყოლია, მაგრამ მოსახლეობამ გააგრძელა ბრძოლა, თითქოს შეჩერდა მოპოვება. იყო გაცემული 7 ლიცენზია. წელს ერთმა კომპანიამ განაახლა მოპოვება, რაზედაც მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული. სოფელმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი. სასამართლომ მიიღო სარჩელი წარმოებაში, განაჩენის დადგომამდე 3 თვით შეაჩერა წარმოების უფლება. ახლა „ეკო“ და სოფლის მოსახლეობა ამზადებს მეორე პეტიციას.
ძიმითის მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა, დავმხმარებოდით . თავდაპირველად აქციები გამართეს, შემდეგ სოფელმა მოიწვია სოფლის ყრილობა, სადაც უარს ამბობენ საკუთარ ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე. გადაწყდა, რომ გაკეთდეს ელექტრონული პეტიცია. იმედია შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას.
პირველი ელექტრონული პეტიცია საკრებულოში შემოვიდა ლიხაურის თემიდან, რომლებიც ითხოვდნენ მდინარე აჭის ხეობისთვის რეკრეაციული სტატუსის მინიჭებას, რაც დაიცავდა მას ვანდალიზმისგან. შედეგი ამას დიდად არ მოჰყოლია, მაგრამ მოსახლეობამ გააგრძელა ბრძოლა, თითქოს შეჩერდა მოპოვება. იყო გაცემული რამდენიმე ლიცენზია.წელს ერთ-ერთმა კომპანიამ განაახლა მოპოვება, რაზედაც მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული . სასამართლომ მიიღო ლიხაურელების სარჩელი წარმოებაში, განაჩენის დადგომამდე 3 თვით შეაჩერა წარმოების უფლება. ახლა „ეკო“ და სოფლის მოსახლეობა ამზადებს მეორე პეტიციას.
ლიხაურს გარდა სამოქალაქო აქტივისტები გვყავს სოფლებში: წითელმთა, მერია, ძიმითი, ნაგომარი, ბაილეთი, სილაური, მელექედური. აქტიურობენ სოფლის დეპუტატებიც. მე ამ შემთხვევაში სოფელ მელექედურის და სილაურის მაჟორიტერებს ლევან და გოჩა კილაძეებს დავასახელებდი.“
გრიგოლ მახარაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი: _„ამ მოძრაობის მთავარი შედეგი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მან მოახერხა გურიაში, ადგილობრივ დონეზე საჯარო დღის წესრიგში დაეყენებინა გარემოსდაცვითი საკითხები. ეს საკითხები აქამდეც ისმებოდა, თუმცა ფრაგმენტულად. ამ მოძრაობამ მოახერხა საჯარო დისკუსიის ნაწილად ექცია გარემოსდაცვითი საკითხები, როგორც ქვიშახრეშის მოპოვების, ასევე ჰესების მშენებლობის და სხვა.
ერთი წლის თავზე რამდენიმე აქტივისტის გაერთიანება და სამოქალაქო მოძრაობა გარდაიქმნა საზოგადოებრივ ორგანიზაციად, რომელსაც უკვე ორი პროექტის განხორციელების გამოცდილება აქვს და გურიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაემატა კონკრეტულ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე და ამ კუთხით ექსპერტიზის მქონე ორგანიზაცია, რაც მისასალმებელია.
ჩემი აზრით და მე, როგორც თავდაპირველად მოძრაობის „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, ხოლო ამჟამად უკვე ორგანიზაცია „ეკოს“ გულშემატკივარი, წარმატებებს ვუსურვებ მას მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაში.
ავტორი: გიორგი ასათიანი