ვერ გეტყვით, როდის დააღწევს კაცობრიობა თავს „კოვიდ-19-ის“ განსაცდელისაგან, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ხსენებული ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ცხოვრების წესი შეცვალა დედამიწის თითქმის ყველა წერტილში. ამ თვალსაზრისით საქართველო რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა აღმოჩნდა, სულაც არ გვაძლევს მშვიდად ყოფნისა და მოსვენების უფლებას, რადგან საფრთხე ისევ ხახადაღებულია და ოდნავი ინერტულობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელია, სურათი მკვეთრად შეიცვალოს. ჩვენს სუბიექტურ აზრს ვამბობთ: რომ არა პრობლემის პოლიტიკურ სარჩულში გახვევა და პოლიტიკურ ჭრილში მოქცევა, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ეს მანამდე გაუგონარი მასშტაბის პანდემია იყო და მასთან უშეცდომოდ ჭიდილი თეორიულადაც კი წარმოუდგენელი გახლდათ. მოხდა ისე, რომ გურია მთელ ქვეყანაში ყველაზე მწვანე რეგიონი აღმოჩნდა, სადაც ყველაზე გვიან და მხოლოდ ერთადერთხელ დაფიქსირდა კოვიდ-19-ით დაავადების შემთხვევა. რამდენადაც საამაყოა, იმდენად საპასუხისმგებლოა ეს ფაქტი.
სამწუხაროდ , გაზეთი „ალიონი“, შექმნილი სიტუაციის გამო, იძულებული შეიქმნა ბეჭდვითი ვერსია შეეჩერებინა და მხოლოდ ვებგვერდისა და ფეისბუკის საშუალებით მომსახურებოდა მკითხველს, ოზურგეთის საზოგადოებას, სხვა ადგილობრივი მედიასაშუალებების მსგავსად, მჭიდრო კონტაქტი ჰქონოდა სამედიცინო, სახელისუფლო, სამოქალაქო სტრუქტურებთან, ვინც უშუალოდ იყო ჩაბმული პანდემიასთან ბრძოლაში.
ამ დროს ჩვენს თვალსაწიერში ერთ-ერთი პირველი მოექცა საქველმოქმედო ასოციაცია „ოზურგეთის საკონსულტაციო-სამკურნალო ცენტრი, ა(ა)იპ „ძლევაი“, რაც რასაკვირველია, მხოლოდ იმით არ იყო გამოწვეული, რომ ეს სამედიცინო დაწესებულება გეოგრაფიულად ყველაზე ახლოა რედაქციასთან. როგორ ასოციაციის თავკაცმა, ექიმმა ავთანდილ ჩხიკვიშვილმა გვითხრა, „ძლევაი“ საძლევისადმი დღესაც ცერზეა შემართული:
„რა თქმა უნდა, დღესაც მობილიზებულები ვართ. არ მიყვარს სახელისუფლო შტოს ქება, მაგრამ ამ სიტუაციაში რომ არა ხელისუფლების მიერ დროული და სწორი ნაბიჯები, მედპერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი, მოქალაქეთა ზნეობრივი პასუხისმგებლობა და მაღალი აქტიურობა, ცუდს კი არა, სავალალო შედეგს მივიღებდით. მოხარული ვარ, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებში ჩვენაც შევიტანეთ გარკვეული წვლილი. გვერდით გვედგა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურიის ფილიალის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია, რომლის სამსახურმა სამედიცინო საქმიანობისათვის ყველა საჭირო აღჭურვილობა უფასოდ გადმოგვცა. ჩვენი სამსახური, სამედიცინო პერსონალით, რეანიმობილით, 3 თვის მანძილზე, მთელ რეგიონს ემსახურებოდა. გადაგვყავდა „მედალფას“ და სხვა კლინიკების პაციენტები, რომელთა ჩვეულებრივი ავტომობილით ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში არ გვქონდა ცხელების ცენტრი, ამიტომ დარეკვა გვიწევდა 112-ზე, რომ საეჭვო პაციენტი ფოთის ცხელების ცენტრში გადაეყვანათ. გვქონდა ასეთი შემთხვევა,დედა-შვილი ჩამოვიდა გერმანიიდან.
რამდენიმე ხნის შემდეგ დედა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. შვილს კი, რომელიც თვითიზოლიაციაში იმყოფებოდა, ტემპერატურის მატების არანაირი სინდრომი არ ჰქონია. საბედნიეროდ, აღნიშნულ ქალბატონს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა.
ერთიც უნდა ვთქვა: ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მედავითნე ვარ. აღდგომას ტაძარსა და ტაძრის ეზოში სავალდებულო დისტანციის დაცვით ათეულობით ადამიანი იდგა. ყველას პირბადე ეკეთა. ტაძრის ეზოს გარშემო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იდგა. არც ერთ მომლოცველს მათგან შენიშვნა არ მიუღია. მიხარია, რომ იმ დღეს და შემდეგაც ოზურგეთელებმა მაღალი მოქალაქეობრიობის ეს ერთგვარი ტესტი წარმატებით გაიარეს“.
ზოგადად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველმა რგოლებმა ელექტრონული მმართველობის შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენებით და მართვის სტილის მოდიფიცირებით, შეიძლება ითქვას კარგად გაართვეს თავი მართვის მოწყობას შეზღუდული რესურსებისა და პანდემიის საშიშროების პირობებში.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ნანა თავდუმაძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ინოვაციური ციფრული მექანიზმების ხელმისაწვდომი ჩართულობით, გამორჩეულია ქვეყნის მასშტაბით, მისი საერთაშორისო გაზიარებაც კი ხდება:
„ციფრული მექანიზმების ხელმისაწვდომი ჩართულობით, ჩვენი მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ქვეყნის მასშტაბით, მისი საერთაშორისო გაზიარებაც კი ხდება. ამდენად არ დაგვჭირვებია ასეთ სიტუაციაში ადაპტირება. საგულისხმოა, რომ პირველად ჩავატარეთ საკრებულოს ბიუროს სხდომა ონლაინ რეჟიმში. ამ მიზნით საკრებულოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილება შევიტანეთ. ეს არ იყო სხდომა სხდომისათვის, პირდაპირი ტრანსლაციისას სხდომების მუშაობაში ელექტრონულად ჩაბმული იყო მოსახლეობა, ჩვეულებრივ ამბად იქცა ელექტრონული პეტიციის მომზადება, სმს შეტყობინების სისტემის ამოქმედება, ელექტრონული გამოკითხვები.
ცალკე უნდა აღინიშნოს პლატფორმა სამოქალაქო ბიუჯეტისა „იყავი თანამმართველი“.
რაც მთავარია, პანდემიის ურთულეს პერიოდში, ჩვენ მოვახერხეთ მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მოდიფიცირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. მსგავსი ტიპის ვებგვერდი იშვიათია. იგი მთლიანად დაფუძნებულია პრაქტიკაზე, რომელსაც ჩვენ მივმართავთ.
პირადად მე ვმუშაობ რამდენიმე პლატფორმაზე.
სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში ქმნის პარტიციპაციის ძალიან საინტერესო პლატფორმას. დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ღია მმართველობა (ოგპ) პარტნიორობის ახალი პლატფორმა საშუალებას მოგვცემს, რომ თვითმმართველობებმა ეფექტიანად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებანი.
კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გახლავთ თვითმმართველობა განათლებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას და მათთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მასში ჩართულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორები.
ყოველივე ამის შედეგად შევძელით, რომ შეზრუდული მობილობისა და რესურსების პირობებში უწყვეტ კომუნიკაციაში ვყოფილიყავით არა მხოლოდ მოსახლეობასთან, არამედ ჯანდაცვის, სახელმწიფო, სამოქალაქო დაწესებულებებთან და საჭიროების შემთხვევაში გვემოქმედა მათთან კოორდინებულად. ეს სიახლეები მსგავსი ტიპის სიტუაციებში განსაკუთრებულობას იძენს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვეულებრივ პირობებში.“
კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, როდესაც შეიზღუდა გადადგილების დრო და საშუალება, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, განსაკუთრებით ხანდაზმულების, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა ბავშვების დროულ დახმარებას. ტრადიციას არ უღალატა ოზურგეთის თოჯინების თეატრმა, რომელიც ამ საქმეში ერთ-ერთი პირველი იყო. მკითხველმა იცის, რომ ხსენებული ეს თეატრი პანდემიამდეც გამოირჩეოდა ანალოგიური საქველმოქმედო ქმედებებით.
თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა კუტალაძემ და თანამშრომლებმა ხელფასიდან დანაზოგებით 2000 ათას ლარამდე შეაგროვეს და დაეხმარენ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს სოფლებში: ბახვში, ბაილეთში, ჭანიეთში, გურიანთაში, ციხისფერდში, წითელმთაში.
ლაშა კუტალაძე: „ვიღებდით ინფორმაციებს შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების შესახებ. ვცდილობდით, იმ ღირებულების ტვირთი მიგვეტანა, რომ ოჯახს ცოტათი შვება ეგრძნო. მიგვქონდა აუცილებელი საკვები პროდუქტები, პანდემიის დროს საჭირო ჰიგიენური საშუალებები. იყო შემთხვევა, ერთშვილიანი ოჯახის დედამ დაგვირეკა და დახმარება გვთხოვა.აღმოჩნდა, რომ მისი ქმარი შშმ პირი იყო. სახელმწიფოსაგან დახმარება ჯერ არ მიეღოთ. რასაკვირველია, დავეხმარეთ შესაძლებლობის ფარგლებში.
სოფელ ვაკიჯვარში, ამ სოფლის მკვიდრმა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაამჟღავნა (ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერია) არაერთ თანასოფლელს გაუწია დახმარება.
როგორც ქალაქში, ისე სოფლად ახალგაზრდები ქმნიდნენ ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებოდნენ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, შშმ პირებს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენაში. ოზურგეთელებმა ინდივიდუალურადაც გამოავლინეს მოყვასისადმი ჭირში დგომის საუკეთესო თვისებები. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლავთ მაღალმთიანი სოფელ მთისპირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მაია ჩავლეშვილი.
„თანასოფლელებისადმი დახმარება, რა თქმა უნდა, მისი ერთ-ერთი პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ის დახმარებაზე გაცილებით მეტს აკეთებდა. საგანგებო მდგომარეობა რომ გამოცხადდა, განსაკუთრებით ცუდ მდომარეობაში აღმოჩნდა სოფლის ორი მცხოვრები, რომელთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ქ. ოზურგეთში, დიალეზის ცენტრში მუდმივი ვიზიტი, თანაც სხვადასხვა დღეებში უწევდათ ოზურგეთში ჩასვლა. ჩვენი ოჯახი სოფლის ცენტრიდან ყველაზე დაშორებულ, თოფურიათის უბანში ცხოვრობს. შვილი შშმ პირია, მეუღლე _ჯემალი დიალეზის პროგრამის ბენეფიციარი. საკუთარი ავტომობილით აკითხავდა მათ სახლებში და დაჰყავდა დიალეზის ცენტრში“, - გვითხრა მთისპირის მკვიდრმა, ჩვენი მეგობრის თამუნა შავაძის დედამ, ქალბატონმა მერი შავაძემ.
პანდემიის დროს არაერთ პედაგოგს და ობოლ მოსწავლეს დაეხმარა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია:
-მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან განუწყვეტელი ყურადღებისა, ჩვენ რამდენიმე ათეულ დედმამით ობოლ მოსწავლეს გადავეცით პაკეტები, - უთხრა გაზეთ „ალიონს“ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლელა დვალიშვილმა.
მოცულობით მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია 100-ზემეტ მხცოვან ადამიანებს და ხელმოკლე ოჯახებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კომპანია „შილდამ“. გაზეთ „ალიონს“, კერძოდ, მის რედაქტორს ნუგზარ ასათიანს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ კეთილშობილურ აქციაში და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, წვეოდა 30 ბენეფიციარს, მოესმინა 30 სხვადასხვა ისტორია და ადამიანების მადლიერების გამოხატვა კეთილი საქმისადმი.
ჟურნალისტიკის ეთიკის ნორმების დაცვით ჩავწერეთ რამდენიმე ბენეფიციარი:
მონიკა ს---- ი, 99 წლის, მარტოხელა: „კარგია თუ ვინმეს გავახსენდები. თავად ხედავთ ღრმად მოხუცი ვარ, მარტოხელა, მადლობა კომპანიის ხელმძღვანელს ვანო ჩხარტიშვილს და მის მეუღლეს ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს ნანა გოთუას ყურადღებისთვის. ღმერთი სიკეთით გადაუხდის ამ მოწყალე, კეთილ ადამიანებს“.
ლალი გ------ა, 73 წლის, ვისაც დიდი უბედურება დაატყდა თავს, ტუბერკულოზით ჯერ ერთი ქალიშვილი, შემდეგ კი - მეორე. ახლა სახლში შვილიშვილი, მისი მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილთაშვილი ჰყავს: „შვილიშვილი კი მუშაობდა ბლოკის საამქროში, მაგრამ ახლა სამუშაო არაა და ჩემი პენსიის და სოციალური დახმარების ამარა დავრჩით. დიდი დახმარებაა ჩემი ოჯახისთვის საზოგადოების ყურადღება. ვიცნობ მაგ კეთილ ხალხს. ღმერთმა შეაძლებინოთ ჩვენნაირი ადამიანების დახმარება. ნამდვილად საჭიროა ბიზნესმენებიდან, მეცენატებიდან ჩვენნაირი ადამიანებისადმი ყურადღება. ასეთ დროს ადამიანი უფრო დაცულად გრძნობს თავს. უფალი გადაუხდით ამ ამაგს“.
„კოვიდ-19-ს“ მაშინაც კი უნდა ვუფრთხილდეთ, როდესაც მის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან და ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდიან. ეს არ არის უბრალო გრიპი, როგორც ამას საზოგადოების მცირე, ინდიფერენტული ნაწილი მიიჩნევს. ეს ის ვირუსია, რომელმაც უკვე შეცვალა მსოფლიოს ცხოვრების წესი და რაც უფრო ფრთხილად ვიქნებით, რაც უფრო დავიცავთ ახალ და უკვე დამკვიდრებულ წესს, მით უფრო ავიცილებთ პანდემიას და მის მოსალოდნელ შედეგებს.