ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში გურიას ეწვია.

დამატებულია: 2020-07-08
picture1

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდა. სააგენტო ტურნეს სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში ახორციელებს.

შეხვედრაზე განხილული იყო აღნიშნული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც განსახორციელებელია. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას.

ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა, ახლახანს დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, სააგენტოს წარმომადგენლები და ახალგაზრდულ საკითხებში ჩართული თანამშრომლები.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.