ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს აწარმოებენ. რა ხდება კურორტზე, ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბა გომისმთაზე ბესიკ ლომინაძეს ვესაუბრეთ:
_ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს კურორტის ისტორიაში. ერთის მხრივ ეს არის უკანონო მშენებლობები, სააგარაკო ადგილების მაძიებელთა შემოსვლა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან და მეორეს მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რაც გულისხმობს უფასოდ განახორციელონ ყველა ნაკვეთის აზომვითო ნახაზები და შემდეგ მოხდეს მათი დარეგისტრირების პროცესის დაწყება, რაც ბუნებრივია კანონიერების ფარგლებში მოხდება.გვინდა ამ პროცესებმა მშვიდობიანად ჩაიაროს.
_ბატონო ბესო, მოქალაქეთა მონდომებამ, კურორტზე ჰქონდეთ სააგარაკო ადგილი, ყველა ზღვარს გადააჭარბა. მიმდინარეობს თითქმის ყველა ტერიტორიის დაკოლვა, მშენებლობები...
_გეთანხმებით და ჟურნალისტები არაერთხელ წერდით ამის შესახებ. შარშან დიდი მუშაობა ჩაატარა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა ამ პროცესები შესაჩერებლად, რაღაც ეტაპზე შეაჩერა კიდეც, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. ამას წელს მოჰყვა სოფელ გომში ოზურგეთის მერიისა და პოლიციის წარმომადგენლების მიერ ერთგვარი საგუშაგოს შექმნა, სადაც დღე და ღამ მორიგეობენ, ერთხანს შუახევის მხრიდანაც მორიგეობდნენ, ამ ბოლო დღეებში შუახევის მხრიდან კვლავ შემოდის სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომანქანები კურორტის ტერიტორიაზე.
_დაბის ტერიტორიაზე შენდება წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კოლებია დასობილი, მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული რამდენიმე სააგარაკო სახლის ასაგები ადგილი...
_ჩვენ უკვე დავიწყეთ ასეთი მონიშნული ადგილების გაწმენდა ე.წ. კოლებისაგან, რაშიც აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების სტუდენტები გვეხმარებიან. ხვალ (ინტერვიუ 17 აგვისტოს შედგა), ეკლიანი მავთულით შემოსაზღვრულ ადგილსაც გავათავისუფლებთ...ხეებს შეშათ ვიყენებთ, ხოლო რკინას ვასაწყობებთ. სეზონის დასრულებამდე დაბის ტერიტორიაზე ავკრძალეთ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები (ვგულისხმობ იმ შენობებს, რომლებიც 2007 წლამდეა აგებული). ეს უპირველესად დამსვენებლების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
_რა ინფრასტრუქტურა აქვს ამჟამად დაბას..
_კარგად იცით წყლის პრობლემა გომისმთაზე ძირითადად მოგვარებულია, ამჟამად სოფლის წყალსადენების აიპი შიდა დაქსელვის სამუშაოებს აწარმოებს; ელექტროენერგია კურორტს მიეწოდება; მუშაობს 5 სამრეწველო და სასურსათო მაღაზია და 2 პურის საცხობი. არის ადგილობრივი ფერმერების ნაწარმი: ხორცი, ყველი და ა.შ.
ყურადღება ექცევა ნაგვის გატანის თემას. ოზურგეთის მერიამ 10 ახალი ნაგვის ურნა დადგა დაბის ტერიტორიაზე. გომისმთაზე მოვლინებულია 2 პოლიციელი...
_რა სამუშაოებს ასრულებთ მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად?
_საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იწყება ოზურგეთი-გომისმთის ახალი გზის მშენებლობა. ამ გზამ დაბის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახური სწავლობს, ხომ არ არის გზის კვეთაში მოქცეული რომელიმე სააგარაკო სახლი, ამოწმებს სხვა კონტურებს _და მაინც მთავარო თემა ამჟამად მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტია..
_ყველანაირად ხელს ვუწყობთ. საჯარო რეესტრის წარმომადგენლები დაბის ტერიტორიაზე არიან დაბინავებულები. ამინდიც არ უწყობს ხელს მათ მუშაობას.ხშირია ნისლი. მაგრამ იმედი გვაქვს, ისინი თავიანთი პროფესიონალიზმით განსაზღვრულ ვადაში დაასრულებენ სამუშაოებს.
ესაუბრა ნუგზარ ასათიანი