ზვიად ქორიძე: „დღეს საქართველოში არაეთიკური ჟურნალისტიკა უფრო პოპულარულია“.დღეს, სასტუმრო „ქორთიანდ მერიოტში“ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საანგარიშო კრება გაიმართა.წარმოადგინეს ქარტიის საბჭოს და სარევიზო კომისიის ანგარიში.გაიმართა დისკუსია ქარტიის ფორმატის გაფართოების თემაზე.საინტერესო იყო ქარტიის საბჭოს წევრის, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის გამოსვლა ზოგადად ეთიკის ქარტიის მდგომარეობაზე ქართულ მედიასივრცეში და მის ახალ გამოწვევებზე. მისი თქმით,„დღეს საქართველოში არაეთიკური ჟურნალისტიკა უფრო პოპულარულია, ვიდრე ჟურნალისტური პრინციპების და ეთიკის ნორმების დამცველი მედია.“ქარტიის ფორმატით, ყოველწლიურად ქარტიის საერთო კრება ახდენს საბჭოს წევრთა ერთი მესამედის განახლებას. წელსვადის გასვლის გამო ქარტიის საბჭო დატოვეს ზვიად ქორიძემ, ია მამალაძემ და ია ბობოხიძემ.ქარტიის საბჭოში ასარჩევად ოცზე მეტი კანდიდატურა დასახელდა, საიდანაც მესამედმა კანდიდატურა მოხსნა. მაგალითად ქუთაისელი მაია მეცხვარიაშვილის პოზიცია ის გახლდათ, რომ იგი სამი წლის განმავლობაში იყო ქარტიის საბჭოს წევრი და საბჭოს ერთ წრეზე არ უნდა ემუშავა. საბოლოოდ 15-მდე კანდიდატის სახელი და გვარი შეიტანეს საარჩევნო ბიულეტენებში.ქ. თბილისის კვოტით ეთიკის ქარტიას ნინო ზურიაშვილი დაუბრუნდა, ხოლო რეგიონებიდან ნინო ნარიმანიშვილი („სამხრეთის კარიბჭე“) და ირინა ყურუა (ტელეკომპანია „აჭარა“) აირჩიეს.შემდეგ ქარტიის საბჭომ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ ნათია კუპრაშვილი აირჩია.ქარტიამ კონკურსში გამარჯვებულ სამ ჟურნალისტს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.