ოზურგეთის თეატრის ახალ დეკორაციას პირველად `დონ ჟუანი~ მოირგებს

დამატებულია: 2014-11-30
picture1

ოზურგეთის თეატრის ახალ დეკორაციას პირველად `დონ ჟუანი~ მოირგებს' title='ოზურგეთის თეატრის ახალ დეკორაციას პირველად `დონ ჟუანი~ მოირგებს' />
ახალი დეკორაციის და თანამედროვე სასცენო განათების რუსთავიდან ოზურგეთში ტრანსპორტირების ხარჯები ქალაქის მერიამ გაიღო

ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მორიგი პრემიერის ჩასაბარებლად ემზადება. პრემიერაზე თეატრი ახალ დეკორაციასა და თანამედროვე სასცენო განათებას მოირგებს, რომლის რუსთავიდან ტრანსპორტირების ხარჯები ქალაქ ოზურგეთის მერიამ გაიღო. მოკლედ, გურიის სათავო ქალაქის სცენაზე `დონ ჟუანი~ დეკემბრის დასაწყისში დაიბადება. ახალშობილს მაყურებელი მხოლოდ გაზაფხულზე ნახავს, როცა ცოტა დათბება და დარბაზში ხალხი არ გაითოშება.
`დონ ჟუანის დაბადება~ ოზურგეთში დიდ ინტერესს იწვევს. გასულ პარასკევს, 28 ნოემბერს `ალიონის~ რედაქციას შესაძლებლობა ჰქონდა, სცენაზე გადაეღო მომავალი პრემიერის კადრები და გასაუბრებოდა სპექტაკლის შემქნელებს ბატონებს, გიორგი კაჭარავასა და ვასილ ჩიგოგიძეს:
გიორგი კაჭარავა, დრამატურგი, რეჟისორი: `ვასოს გაუჩნდა იდეა, ამ პიესისათვის, რომლის მიხედვითაც ფილმიც არის გადაღებული, მიგვეცა სპექტაკლის სახე. ფილმები ძველდება, ხოლო სპექტაკლები აცოცხლებს ნაწარმოებს. მადლობის მეტი რა მეთქმის ამ სპექტაკლის გაცოცხლებისთვის სცენაზე, მით უმეტეს, ოზურგეთის თეატრის ისტორიულ სცენაზე.
დონ ჟუანის თემა ყველა დროში არსებობს და იარსებებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ღია ფორმით ის არ არის ქართული რეალობის თემა. სპექტაკლი ულტრირებულია, დონ ჟუანი ყველა ქართველისთვის ახლობელია და ამას ვამტკიცებთ დიდ რუსეთთან ურთიერთობაში. იუმორითა და არანაკლებად დონჟუანობით ცნობილი ხალხი ვართ. როგორც ვთქვი, შეიძლება ასეთი ღია თემები არ არსებობს ქართულ სივრცეში, მაგრამ მთავარია, რომ ფილმი მიიღო მაყურებელმა. მრავალი ფესტივალის პრიზიორია არა მარტო საქართველოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სპექტაკლიც მოივლის არამარტო საქართველოს მხარეებს, არამედ ქვეყნის გარეთაც სიამოვნებით ნახავენ, მით უმეტეს, ასეთი კარგი დადგმით, შესრულებითა და მუსიკით.
მე პირველად არ ვარ ოზურგეთში, ეს პირველი წელი არ არის ჩემთვის აქ მუშაობის, ჩვენ დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს, გვქონდა დიდი გეგმებიც, რომელთა განხორციელება არ მოხერხდა 25 წლის წინ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. ვასოს ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა, იგი არის ყოველთვის ცოცხალი, ორგანული, არ არის სნობიზმი.
ქართულ ხელოვნებაში, სამწუხაროდ, რეჟისორებსაც და დრამატურგებსაც უჩნდებათ სნობიზმი, რაც კლავს სპექტაკლს. ვასოს ხელოვნება ყოველთვის ხალასია, ბუნებრივია. მას აქვს დიდი და წარმატებული ისტორია, რა სპექტაკლიც უნდა მომეტანა მასთან, დარწმუნებული ვიყავი წარმატებაში. მე პიესა კიდევ ჩამოვიტანე, ჟანრი ასეთივეა, თემა_ სერიოზული. ამაზეც დავილაპარაკებთ. ოზურგეთის თეატრი დიდი ისტორიისა და ტრადიციების თეატრია. ყოველთვის სიამოვნებით შევთავაზებ ჩემი პიესებს, თუ თეატრი მათ დადგმას ისურვებს~.
ვასო ჩიგოგიძე, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი: `წლების წინათ ვაპირებდი ლიტვაში, მილტინისის თეატრში გიორგი კაჭარავას პიესის `ნერონის~ დადგმას. ხოლო `დონ ჟუანის დაბადების~ ამ ვარიანტის დადგმა გადავწყვიტე მაშინ, როცა ოზურგეთის თეატრში დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი. მოგეხსენებათ, გვქონდა პროექტები, რომელთა განხორციელება არ მოხერხდა დაპირებული დაფინანსების მიუღებლობის გამო, დაგვაღალატა კულტურის სამინისტრომ. სწორედ ამ მიზეზით დაგვიანდა ამ სპექტაკლის პრემიერა. ამ ზამთარში ჩვენ სპექტაკლს ჩავაბარებთ, რასაც ჰქვია ჩაბარება, ხოლო პრემიერას გავმართავთ გაზაფხულზე, მაყურებელს ვერ გავწირავთ გაყინულ დარბაზში გასაჩერებლად. ჩვენ კი ამ გამყინვარებაში განვაგრძობთ მუშაობას. უბრალოდ, არ მინდა მსახიობს გული გაუტყდეს, როცა დაინახავს, როგორ ტოვებენ მაყურებლები სპექტაკლს კი არა გაყინულ დარბაზს. ამასწინანდელი სახელისუფლებლო ღონისძიება იყო ამის ნიშანი, ნახევარ საათში დაცარიელდა დარბაზი.
ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, თეატრიდან წასვლამდე, 20 წლის წინათ ჩვენ თითქმის მზად გვქონდა პიესები, რომლებიც ვერ შედგა. გიორგი კაჭარავა არის ძალიან ნიჭიერი ხელოვანი, რომელსაც თავისი სიტყვა ნათქვამიც აქვს და კიდევ ბევრს გააკეთებს. გამოირჩევა ხალასი იუმორით, იყენებს ფარსს, ვოდევილს, რაც მე ძალიან მიყვარს. ჩვენ ვთამაშობთ თეატრს, ძალიან მისაღებია ეს თეატრალური ესთეთიკა. ჩვენ მყარად გადავწყვიტეთ, რომ ამ თეატრალურ სეზონში წავა `დონ ჟუანიც~ და `ნერონიც~, რადგან ეს არის ძალიან საინტერესო თემა და ამ ფორმით მიტანა მაყურებლამდე იქნება მომგებიანი და მისაღები.
არ ვმალავ, რომ ვფიქრობთ მაყურებლის აღზრდაზეც, ვფიქრობთ, როგორ მოვიდეთ მაყურებლამდე. ჩვენ გავაკეთებთ `ანტიგონეს~ ანუის ვარიანტში, შემდგომში შეიძლება სხვა ვარიანტში გავაკეთოთ კლასიკური ნაწარმოებები, ამ ფორმას არ დავკარგავთ. მაყურებელს ვუტოვებთ არჩევანს, მას უნდა უხაროდეს თეატრში მოსვლა.
მიხარია, რომ მაყურებელთან ურთიერთობის გზები სწორად გვაქვს ნანახი. თეატრი ესაა, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მაყურებელი.

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.