რატომ სურს გუბერნატორთან შეხვედრა მთისპირელ სერგო ინწკირველს რატომ სურს გუბერნატორთან შეხვედრა მთისპირელ სერგო ინწკირველს ალიონი. სოფ. მთისპირში, ყველაზე დაშორებულ უბანში, უკანავაში ვხოვრობ. ოჯახში მე და დედა ვართ- 80 წლის სულიკო ინწკირველი. 58 წლის კაცი ვარ და ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს. ადრე მეფუტკრეობის გაერთიანებაში ვმუშაობდი დამხმარე მეფუტკრედ. დრო რომ აირია, სოფელში საკუთარ მეურნეობას ვუვლიდი. თითქმის 2 ათეული წელი შუქი არ მიგვეწოდებოდა. „კარალიოკივით“ ანათებდა თვითნაკეთი „ჰესებიდან“ მიღებული შუქით ნათურები. აბორიგენი მოსახლეობიდან 7 კომლიღა დავრჩით. დათვმა და მგელმა რომ აღარ დაგვიტოვა არც ძროხა, არც ღორი, არც თხა და ჯანმრთელობის პრობლემაც შემექმნა და 2007 წელს სოციალურ სამსახურს მივმართე. დაბალი სარეიტინგო ქულა მომცეს და დახმარება დამინიშნეს. ჩემი ოპოზიციური შეხედულებები მალევე აცნობეს სოციალურ სამსახურს და 2008 წელს დახმარება მომიხსნეს.
რამდენჯერმე მივმართე სოციალურ სამსახურს, მაგრამ უშედეგოდ. ვინც ჩემს კარმიდამოს ნახავს, აუცილებლად იკითხავს, ვღებულობ თუ არა სოციალურ დახმარებას, მაგრამ.... იმჟამინდელ ხელისუფლებას ეს არ აწუხებდა.
ბოლოს მიზეზად ის მინახეს, რომ დისშვილი დადიოდა ჩემთან სტუმრად და ოჯახის წევრად ჩამითვალეს. 2011 წლის 6 ივნისს ( #01-05/2881) ოზურგეთის განყოფილების უფროსის ოთარ რევიშვილისგან წერილობითი რჩევა მივიღე, მიმემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი განყოფილებისათვის დემოგრაფიულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ის კი არა და, ჩემი დის ოჯახსაც მიწვდნენ და მოუხსნეს დახმარება წყალტუბოს რაიონის სოფ. მაღლაკში _გვითხრა თავისი გასაჭირის შესახებ სერგო ინწკირველმა.
_რატომ არ მიმართეთ სოციალურ სამსახურს შემდეგ წლებში?
_რა აზრი ჰქონდა. იგივეს არ მიზამდნენ? დღესაც მივედი სოციალურ სამსახურში. ხელი ამიქნიეს და ასე მიპასუხეს: _თუ ჩვენი ნათქვამი არ მოგწონთ, შეგიძლია სასამართლოს მიმართოო...არ მეამაყება, მაგრამ ნახონ ვინ ცხოვრობს სოფელში ჩემზე გაჭირვებულად... გუბერნატორთან შეხვედრა რა იმედს გაძლევს? მინდა ვუთხრა, რომ იმის გამო, რომ მხარს არ ვუჭერდი ნაციონალურ მოძრაობას, დავდიოდი ოპოზიციურ მიტინგებზე, ( ვარ საქართველოს კონსერვატორული პარტიის წევრი) სოციალური მომიხსნეს. მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა გლეხი ვიყავი თუ მოსამსახურე. ყველას ანგარიშს გვისწორებდნენ. მინდა პირადად აიყვანოს კონტროლზე ჩემი საქმე და სამართლემ იზეიმოს.