ახლადანიშნული გუბერნატორის მიმართ თავიანთი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს ნაციონალებმა ახლადანიშნული გუბერნატორის მიმართ თავიანთი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ოფისში ოზურგეთისა და ლანჩხუთის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა დავით მჟავანაძემ და კახა ასკურავამ ბრიფინგი გამართეს. თემა გურიის ახლადანიშნული გუბერნატორს, გია სალუქვაძეს შეეხებოდა. დავით მჟავანაძე _„ გვინდა,გამოვეხმაუროთ გურიის გუბერნატორად გია სალუქვაძის დანიშვნის ფაქტს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიუხედავად უამრავი დაპირებისა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არცერთი წინასარჩევნო დაპირება არ შესრულებულა და არცერთი ინვესტიცია არ განხორციელებულა, როგორც მთელს ქვეყანაში, ასევე გურიის რეგიონში. ყოველივე ამის ფონზე, ქვეყნის უუნარო მმართველმა, გურიის გუბერნატორის პოსტზე, ნაცვლად კრეატიულად მოაზროვნე კადრისა, რომლის მიზანიც იქნებოდა რეგიონში საინვესტიციო პროექტების, ინფრასტრუქტურისა და მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესება, დანიშვნა წარსულში პოლიციელის ცემისათვის ნასამართლევი პირი, რომელიც ამ გაუაზრებელი, საყოველთაო ამნისტიის შედეგად იქნა გათავისუფლებული და რომლის ირგვლივაც ბევრი კითხვა არსებობს.“ კახა ასკურავა: _„ ეს პირდაპირი გადაწყვეტილება იყო ბიძინა ივანიშვილის, რომ გია სალუქვაძე დანიშნულიყო გურიის გუბერნატორად, უბრალოდ აქ შუამავალი არის ძალიან საინტერესო. ბატონი სალუქვაძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილს გოგა ხაინდრავამ შესთავაზა. ალბათ ამ ორ კაცს შორის ურთიერთკავშირი არ გაგიკვირდებათ, ვინაიდან ერთი, კარგად ცნობილი რეჟისორია, ხოლო ახლადდანიშნული გუბერნატორი-ახლადშემდგარი რეჟისორი. მე არ მახსენდება არცერთი გუბერნატორი, ასეთი ნეგატიური ბეგრაუნდით ჩამოსულიყო გურიაში. ეს არის სამწუხარო ფაქტი და ამ ფაქტს აუცილებლად ექნება გავლენა გურიის რეგიონის განვითარებაზე. მისი მრწამსი „ნაციონალური მოძრაობის“ და განსხვავებული აზრის დევნაა. მე ერთ რამეს ვურჩევდი სალუქვაძეს, გურია „განწირულია“ მხოლოდ დემოკრატიული მმართველობისთვის და ნებისმიერი სახის ზეწოლით, ძალადობრივი მმართველობა გურიაში კრახით მთავრდება.“ გაზეთმა „ალიონმა“ ნაციონალების ბრიფინგის შემდეგ გუბერნატორის პრესსამსახურს მიმართა. ნინო ლომჯარის თქმით, გუბერნატორმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.ავტორი გაზეთი „ალიონი“