ბეგლარ სიორიძე: ვფიქრობ, რომ ხელოვნურად აგორებული კამპანია ქალაქის მერიის დისკრედიტაციის მცდელობის ციკლის ნაწილია, რომლის უკან კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ინტერესი დგას ბეგლარ სიორიძე: ვფიქრობ, რომ ხელოვნურად აგორებული კამპანია ქალაქის მერიის დისკრედიტაციის მცდელობის ციკლის ნაწილია, რომლის უკან კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ინტერესი დგას დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მომხდარ ინციდენტს. ბრიფინგს, ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ პირველი არხისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები. „მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მომხდარ ინციდენტს, რომლის მიმართ მასმედია ინტერესს არ კარგავს, უმეტეს შემთხვევაში ფაქტს არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებს და ცდილობს, საზოგადოება მერის წინააღმდეგ განაწყოს. ვფიქრობ, რომ ხელოვნურად აგორებული კამპანია ქალაქის მერიის დისკრედიტაციის მცდელობის ციკლის ნაწილია, რომლის უკან კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ინტერესი დგას. გამუდმებით მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია მერიის სხვადასხვა სამსახურის მისამართით, თითქოს კულტურის სამსახური ფულს ათეთრებს და კრიმინალშია ჩართული; თითქოს ზედამხედველობის სამსახური მცირე და საშუალო მეწარმეებს საკვებ პროდუქტებს ართმევს. ასეთი სახის ცილისწამების შემთხვევები ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ აუდიოჩანაწერში, რომელიც მედიასაშუალებით (იგულისხმება გურიის მოამბე, თ. მ.) გავრცელდა, აბსოლუტურად არ იკვეთებოდა მომხდარ ინციდენტში ჩემი მხრიდან ფიზიკური ჩარევა, ასევე, მერიის ყოფილმა თანამშრომლებმა არაერთხელ გააკეთეს რეალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით, აღნიშნული ჩანაწერი მაინც დამახინჯებულად იქნა გაგებული და ამ თემის ტირაჟირება საკმაოდ მასშტაბურად მოხდა. გავრცელდა საგაზეთო სტატიები და ტელესიუჟეტები, სადაც ჟურნალისტური ხრიკებით, აუდიოდა ვიზუალური ეფექტით ცდილობენ, მომხდარი ინციდენტისგან დრამა შექმნან და საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს ქალაქის მერი მოძალადე და კანონდამრღვევია. რეალობა კი ასეთია: მე თვითონ შევესწარი სურათს, რომელიც საჯარო მოხელეების ქცევას სრულიად არ შეეფერებოდა. ჩემი იმ მომენტში იქ ყოფნა სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მე აღნიშნულ კონფლიქტში რამე სახით ჩავერიე. ამაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ამას თვითონ თანამშრომლებიც დაადასტურებენ. ჩემი დისკრედიტაციით დაინტერესებულმა ადამიანებმა ისარგებლეს იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე და თანამშრომლების განცხადება, სამსახურიდან წასვლის თაობაზე, დავაკმაყოფილე. სწორედ ამ საბაბით დაიწყო სატელევიზიო ისტერიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, როგორი აჟიოტაჟიც არ უნდა მოჰყვეს ამ ფაქტს, დღემდე მივიჩნევ, რომ ქალაქის მერიაში, ორგანიზაციაში, რომელიც საზოგადოებრივი სახსრებით სწორედ საზოგადოებისთვის მუშაობს, საჯარო მოხელეები სამსახურში ალკოჰოლს არ უნდა იღებდნენ და შემდეგ დებოშს არ უნდა აწყობდნენ. ამაში, ალბათ, ყველანი დამეთანხმებით“, _ განაცხადა ქალაქის მერმა .