ირაკლი ღარიბაშვილი გურიას სტუმრობდა ირაკლი ღარიბაშვილი გურიას სტუმრობდა პროექტის „ძლიერი რეგიონი-ძლიერი საქართველო“ ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურიას სტუმრობდა. მან გურიის ახალ გუბერნატორ გია სალუქვაძესთან ერთად ახალი საწარმოები დაათვალიერა. დაბა ჩოხატაურში პრემიერმა ხილის გადამამუშავებელი მშენებარე საწარმო დაათვალიერა. ამ პროექტს 400 000 დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებით და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის აგროკრედიტით შპს „კახური ტრადიციული მეურნეობა“ ახორციელებს. საწარმო ექსპლუატაციაში ივნისის ბოლოს შევა და სხვადასხვა ჯემებს, მურაბებს და ტყემალს აწარმოებს.
როგორც ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, ქარხანა თურქული წარმოების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება და ძირითადად ექსპორტზე იმუშავებს.
ჩოხატაურიდან პრემიერ მინისტრი ქ. ოზურგეთში (ანასეული) გაემგზავრა. აქ მაისის ბოლოს ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება. აქ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 971 961 აშშ დოლარია, საიდანაც 388 784 აშშ დოლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა, ხოლო 485 982 აშშ დოლარი შეღავათაიანი აგროკრედიტია. საწარმო წელს 1000 ტონამდე ხილის გადამუშავებას გეგმავს, ხოლო მომდევნო წლებში გადასამუშავებელი ნედლეულის მოცულობა 3000 ტონას მიაღწევს.ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკას“ ეკუთვნის. საწარმო სეზონზე 200 ტონამდე დაუფასოებელ ჩაის აწარმოებს.ხილის საწამოს პერსპექტივებზე ირაკლი ღარიბაშვილს ამ საწარმოს ხელმძღვანელი გია ხუჭუა ესაუბრა.პრემიერ მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გურანთაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „ნატურა თი კომპანია“ დაათვალიერა.ეს საწარმო რამდენიმე დღის წინ შევიდა ექსპლოატაციაში. კომპანიის მფლობელმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლიზინგის კომპონენტით 59 778 აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლითაც ჩაის გადამაუშავებელი დანადგარები შეიძინა. სესხის 12 პროცენტს სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო იხდის, ხოლო 3 პროცენტს მეწარმე.საწარმო წელს 100 ტონა მაღალი ხარისხის ნედლეულს გადაამუშავებს, რომლისგანაც 25 ტონა პროდუქცია მიიღება.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ ჩაის დარგის აღდგენა მნიშვნელოვანია, რადგან ერთ ჰექტარ ფართობზე ყველა კულტურაზე მეტ მოსავალს იძლება და იგი ჰექტარზე 8-10 ტონას შეადგენს.ოზურგეთში პრემიერი მუნიციპალიტეტის გამგებლებს შეხვდა, ხოლო კოლეჯ „ჰორიზონტში“ ბიზნესმენებს.ამ შეხვედრების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან ისაუბრა გურიის რეგიონის პერსპექტივებზე, ახალ საწარმოებზე, ჩაის დარგის აღდგენაზე და ტურისტული პოტენციალის ათვისებაზე. მისივე თქმით შავიზღვისპირეთში მდებარე კურორტები _ ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, ხოლო მაღალმთიან ალპურ ზონაში _ ბახმარო და გომისმთა მართლაც უნიკალური რესურსია და აქ შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ტურიზმის განვითარება. პრემიერმა მაღალმთიან კურორტ გომისმთის პერსპექტივებზე ისაუბრა და
აღნიშნა, რომ მათი მიზანია ინვესტორების დაინტერესება და მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა გომისმთის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბების მიზნით. ტურიზმის კუთხით გურიის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გურიისთვის, არამედ მთლიანად, ჩვენი ქვეყნისათვის. ზოგადად, ამ რეგიონის შავ ზღვასთან სიახლოვე ქმნის ძალიან კარგ საფუძველს მისი სატრანსპორტო-ლოგისტიკური განვითარებისთვის.