ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „მანიბამ“ გაიმარჯვა.
გაზეთი „ალიონი“ დაუკავშირდა შპს „მანიბას“ დირექტორს, ქალბატონ თეონა ჯავახიშვილს:
_ ქ. ოზურგეთის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა.სათაო ოფისი ქ. თბილისშია. ჩვენ ასეთი საქმიანობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენი კომპანია კვების საკითხებში ემსახურება სხვადასხვა ფსიქიატრულ საავადმყოფოს, სხვა დაწესებულებებს. ჩვენი კომპანია მუშაობს რუსთავში, ტყიბულში, წალენჯიხაში, ჯვარში, ქობულეთში. კომპანიის ერთ-ერთი შპს „ნიგიოს 2009“ შსს სისტემას ემსახურებოდა.
_მაინც რა პრობლემები დაგვხდათ ოზურგეთის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოში?
_ ხვალ ქ. ოზურგეთის ვიცე-მერს შევხდებით და უფრო ჩამოვყალიბდებით. ჩვენ ამ ეტაპზე საყოფაცხოვრებო მაცივარი ჩამოვიტანეთ, რომელშიც ხორცპროდუქტები შეინახება. ქალაქის მერიის თანხმობის შემთხვევაში ვფიქრობთ პროდუქტების საწყობისთვის ფართის გამოყოფას.
ქალბატონ თეონა ჯავახიშვილის თქმით, მათ ამჟამად სამთვიანი ხელშეკრულება ექნებათ ქ. ოზურგეთის მერიასთან. - გვაქვს საკმაო გამოცდილება, რომ სიახლეები შევიტანოთ ამ სასადილოს მუშაობაში. სამომავლოდ ვფიქრობთ სატენდერო თანხიდან გარკვეული თანხის ეკონომია (არა კვების ხარისხის ხარჯზე) გავაკეთოთ და დაგროვილი თანხით სასადილოს რემონტზე ვიფიქროთ. მაინც ქ. ოზურგეთის მერიის და საკრებულოს დამოკიდებულება იქნება მთავარი სიახლეების დასანერგად.
ჩვენ გვაქვს ფილიალი ქ. სამტრედიაში, რომელიც ყოველდღიურ კონტროლს გაუწევს ამ სასადილოს მუშაობას - აღნიშნა მან.