ჯანო ჯიმშელეიშვილი: ხელოვნება, რომელიც არ რეალიზდება, მკვდარია

დამატებულია: 2015-07-08
picture1

ჯანო ჯიმშელეიშვილი: ხელოვნება, რომელიც არ რეალიზდება, მკვდარია ჯანო ჯიმშელეიშვილი: ხელოვნება, რომელიც არ რეალიზდება, მკვდარია;ჯანო კომპანის იმ აღზრდილებს შორის, რომლებიც საცირკო ხელოვნებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აოცებენ მაყურებელს, მალე ალბათ ოზურგეთელებიც გამოჩნდებიან ქართული საესტრადო და საცირკო ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ბატონ ჯანო ჯიმშელეიშვილს ოზურგეთში, ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში 1 ივლისს, ჯანო კომპანის გასტროლის ბოლო დღეს შევხვდით.საცირკო წარმოდგენამდე რამდენიმე საათით ადრე, მიუხედავად იმისა, რომ მოცლა არ ჰქონდა, ხელოვანი კაცი უყოყმანოდ დაგვთანხმდა დიალოგზე, რომლის შინაარსის შემოკლებულ ვარიანტს ვთავაზობთ ალიონის მკითხველს. წყალტუბოელმა ახალგაზრდა კაცმა შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისის საცირკო-საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში დაიწყო. პარალელურად, სწავლის პერიოდში ჰყავდა საკუთარი საესტრადო ანსამბლი. მუშაობდაქუთაისის სახელმწიფო ფილარმონიაში მუსიკოსად, ანსამბლის ხელმძღვანელად. მალე, დირექციის მოთხოვნით, გადაიყვანეს ადმინისტრაციაში და ჩააბარეს საკონცერტო განყოფილება, რომელშიც შედიოდა 17-18 საკონცერტო ჯგუფი. ბატონი ჯანოს ხელმძღვანელობით, წარმატებული აღმოჩნდა ამ საკონცერტო ჯგუფების გასტროლები როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მას შემდეგ რაც იგი ფილარმონიის დირექტორ-განმარგულებლად დაინიშნა, საგრძნობლად გაიზარდა ამ ორგანიზაციის საქმიანობის არეალი, სწორედ მისი მოწვევით ჩამოდის საქართველოში რამდენიმე უცხოური ანსამბლი, კონცერტებს მართავს ქართული საესტრადო ჯგუფები ივერია , 75, ქართული ესტრადისა და კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები სეფაშვილი, ამირეჯიბი, ისაკაძე და სხვები. 1988 წლის ზაფხულში, მის ხელმძღვანელობით, ჩატარდა იურმალა-88-ის ეგიდით გალა კონცერტები და შოუ-საღამოები, ლეგკასტუპოვას და სხვა ცნობილი სახეების მონაწილეობით. ბატონი ჯანოს თაოსნობით დაარსდა დასავლეთ საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალი, რომელიც ექვს ქალაქში გაიმართა და ერთ-ერთში მიწვეული ჰყავდა ცნობილი ქართველი კინოხელოვანი, კინოკლასიკად აღიარებული ქართული მხატვრული ფილმის ქეთო და კოტეს რეჟისორი, ბატონი ვახტანგ ტაბლიაშვილი...რაც შეეხება ცირკში მის მოღვაწეობას, როგორც თვითონ ამბობს, ამ სფეროში მისი წარმატება იგორ კიოს დამსახურებაა, რომელიც 1981 წლიდან 1988 წლის ჩათვლით, მართავდა გასტროლებს საქართველოში.90-იან წლებში, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, იძულებული გახდა საშოვარზე წასულიყო უცხოეთში, მაგრამ მაინც ვერ ელეოდა თავის ქალაქს: ყოველ ექვს თვეში ჩამოვდიოდი და შეძლებისდაგვარად ვატარებდი ღონისძიებებს ფილარმონიაში. შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის მთელი ქუთაისი იგებდა ჩემს ჩამოსვლას. მაშინ ფილარმონიას ჰყავდა უბრწყინვალესი გენერალური დირექტორი ბორის მელაძე. სწორედ მასთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ ჩემი გაჩერება აქ არ იქნებოდა. ისე, უცხოეთიდანაც ვახერხებდი დახმარებას შეძლებისდაგვარად . 1994 წელს, დედის გარდაცვალების გამო, ბატონი ჯანო იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო და ბატონების ოტია იოსელიანისა და თემურ შაშიაშვილის (ქალაქ ქუთაისის იმჟამინდელი მერი) თხოვნით, სათავეში ჩადგომოდა ფილარმონიას, სადაც 1997 წლამდე საქმიანობდა. როგორც თვითონ იხსენებს, საქართველოში შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა თავისუფლება შეუქმნა ხელოვნებაში მომუშავე პიროვნებებს: აღარ იყო საჭირო შემოქმედი ადამიანების მოქცევა ადმინისტრაციული ერთეულის მმართველობაში და მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ყველა შემოქმედს მისცემოდა დამოუკიდებელი საქმიანობის წარმოების საშუალება. სწორედ ეს გახდა საცირკო ხელოვნებაში ჩემი გადანაცვლების ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება. ამ პერიოდიდან დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა საცირკო ხელოვნების ახალ, დამოუკიდებელ საფეხურზე აყვანა. ხელოვნება, რომელიც არ რეალიზდება, მკვდარია. ხელოვნების ნებისმიერი სფერო დამოკიდებულია ხალხის ყოფასა და მის სოციალურ პირობებზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დუხჭირი ცხოვრების დროს ველოდოთ, ვინ გამოგვიცხობს და ვინ მოგვაწოდებს ხაჭაპურს. წლების მანძილზე ურთულეს პირობებში მოგვიხდა მუშაობა სცენებზე როგორც საქართველოში, ისე ჩვენს ახლომდებარე ქვეყნებში. ჩვენი გაზრდილი თაობები მართავდა წარმოდგენებს და, ჩემი აზრით, ამ დაუღალავი შრომით მივაღწიეთ შედეგს. 2006 წლის მაისში თურქეთში მივემგზავრებოდით ფესტივალზე. გზად გადავწყვიტეთ, ბათუმის მონატრებული ცირკი გვენახა. ველოდით განადგურებულს და ვიხილეთ განახლებული. იქვე დაიბადა იდეა, დაბრუნების შემდეგ, აუცილებლად გვეწარმოებინა საქმიანი მოლაპარაკება მეპატრონესთან. ასეც მოხდა და 2006 წლის 23 აგვისტოს, ანუ ცირკის შემოქმედებითი საქმიანობის იძულებითი შეჩერებიდან თითქმის 15 წლის შემდეგ, გაიმართა გრანდიოზული პრემიერა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბულგარეთის, რუსეთის და საქართველოს საცირკო ხელოვნების ოსტატები . ბათუმის ცირკში, მეპატრონის ძალისხმევით, ბატონი ჯანო და მისი კოლეგები დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ. ყოველწლიურად მზადდება ორი პროგრამა _ საზამთრო და საზაფხულო. აქვთ მოძრავი ცირკი და გასტროლებს აწყობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ოზურგეთში. ბატონი ჯანო ჯიმშელეიშვილი ემადლიერება ქალაქის მერიასა და კულტურისა და დასვენების პარკის ხელმმძღვანელობას _ გულთბილი მიღებისა და გულისხმიერებისათვის, მაყურებელს –აპლოდისმენტებისათვის.მადლობელი ვარ ქალაქ ოზურგეთის ხელმძღვანელობის, პირადად ქალაქის მერის ბეგლარ სიორიძისა ასეთი გულთბილი მიღებისათვის, მადლობას ვუხდით პარკის დირექტორს ქალბატონ ინგა დუმბაძეს, რომელმაც თითქმის პროდიუსერული საქმიანობა გაგვიწია, მადლობა მაყურებელს, რომელიც უხვად გვყავდა და აპლოდისმენტებით ხვდებოდა ჩვენს ყოველ ნომერს. ვიმედოვნებთ, მომავალში ურთიერთობის სხვა მხარე ჩამოყალიბდება, უკეთეს პროექტსაც წარმოვადგენთ.ბატონი ჯანო ამბობს, რომ მიუხედავად მეპატრონის დიდ მცდელობისა, საცირკო ხელოვნება თავისი შემოქმედების ექსპლუატაციით, ჯერჯერობით თავს ვერ ინახავს. შემოსავლები ცხოველების მოვლა-პატრონობასა და მივლინების ხარჯებსაც ვერ ფარავს. შიშველი ხელებით იბრძვიან ჟანრის გადასარჩენად. გამოგვიტყდა, რომ ხშირად ეხმარება თავისი ქალიშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, იქ დაქორწინდა და ჰყავს ორი შვილი, უფროსი თოთხმეტი წლისაა, უმცროსი ორისა. მიუხედავად მძიმე ფინანსური პირობებისა, ჯანო კომპანი შეძლებისდაგვარად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, უფასოდ ემსახურება სოციალურად დაუცველ და შშმ ბავშვებს. თითო გასტროლზე მინიმუმ 100 ბავშვი სარგებლობს ამ სერვისით.თითქოს დაუჯერებელია, რომ ჯანო კომპანის , თავისი მოღვაწეობის მანძილზე, 11 თაობა ჰყავს აღზრდილი და მისი აღზრდილები დღეს მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც თავიანთი საცირკო წარმოადგენებით აოცებენ მაყურებელს. მათ შორის ალბათ მალე ოზურგეთელებიც გამოჩნდებიან. საქმე ისაა, რომ ჯანო კომპანიმ ოზურგეთში გასტროლისას მიიღო გადაწყვეტილება საცირკო დასში მოსწავლეებად აიყვანოს ოზურგეთში მცხოვრები ძმები გიორგი და გოგი კოტუხოვები. ისინი დაეუფლებიან საცირკო ხელოვნების სხვადასხვა ჟანრს, სწავლის პერიოდში მიიღებენ სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით.და ბოლოს, 11-12 ივლისს ;ჯანო კომპანი გასტროლს გამართავს თურქეთში, სტამბოლთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქალაქში. ბატონი ჯანოს თქმით, მიზერულ ჰონორარზეა საუბარი, მაგრამ ალბათ დიდი ჰონორარის დროც დადგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს მაღალ საცირკო ხელოვნებას აღიარებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მაყურებელი .

ავტორი: administrator;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.