საკალანდოდ ოზურგეთის ბაზარში შესაძლოა შოკოლადით ნასუქი ღორები გამოჩნდეს საკალანდოდ ოზურგეთის ბაზარში შესაძლოა შოკოლადით ნასუქი ღორები გამოჩნდეს ალიონი. ხუმრობა იქეთ იყოს და ნიჭიერ ბიზნესმენს ღორების კვების ორიგინალურ მეთოდისთვის მიუგნია. დედაქალაქში რომელიღაც საკონდიტროს თუ შოკოლადების საწარმოს ვადაგასული შოკოლადის ნაწარმი მიუყიდია. მოკლედ, სოფელ ლიხაურში ყოფილი საყვავილე მეურნეობის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელიც ამჟამად წარმოშობით ოზურგეთელი კობა კვაჭანტირაძეა, ღორების ფერმაში საინტერესო ექსპერიმენტს ატარებენ. აქ, 50-მდე ღორს შოკოლადის ნაწარმით კვებავენ.როგორც ღორების მომვლელმა გვითხრა, ღორები ტკბილეულს კარგად ეტანებიან და წონაშიც იმატებენ. ამჟამად 3 ტონაზე მეტი საკვების მარაგი აქვთ...აქ, ღორების გარდა, ჰყავთ ცხვრები, იქვე ტბორში მოჩურჩულე იხვები გაუშვიათ.როგორც კობა კვაჭანტირაძემ ორიოდე სიტყვით გვითხრა (როგორც ამბობს, ჟურნალისტებთან ვრცელ კომენტარს ერიდება), ამჟამად სასათბურე მეურნეობაში, ვარდების გარდა, მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანის ჩითილებიც აქვთ დარგული.მისი აზრით, ბოლო ერთი თვის წვიმიანმა ამინდმა ზიანი მიაყენა თხილის მოსავალს. თხილის პლანტაციებში დიდი ოდენობით ტენი დაგროვდა, რაც ზიანს აყენებს ნაყოფს. თუმცა, ბიზნესმენი სამომავლოდ თხილის ახალი ფართობების გაშენებას კვლავ აპირებს.