ტელეფონების წვიმა, ხელჩართული ჩხუბი და ფარული კენჭისყრის მოულოდნელი შედეგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზესასამართლოზე გამოჩნდება, ვინ დგას ორგანიზებული დანაშაულის უკან და ვინ დემაგოგობს22 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დააყენეს საკითხი საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც უნდა შეაფასოს და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გააკეთოს სწორი პოლიტიკური არჩევანი, სწორედ ამიტომ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ვაცხადებ:მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ შეეფერება საკრებულოს თანამდებობის პირის სტატუსს, საჭიროებს შეფასებას, რეაგირებას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
ამიტომ ვიყენებ რა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლით მონიჭებულ უფლებამოსილებას, საკრებულოს წინაშე ვსვამ საკითხს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც ხაზს უსვამს ჩვენს პრინციპებს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებთან მიმართებაში, რომელიც გმობს არაკანონიერ, არასამართლებრივ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს“, – აღნიშნა სხდომაზე დავით დარჩიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იურიდიულად დასაბუთებული ამ განცხადების მიუხედავად, კენჭისყრის წინ ცხადი გახდა, რომ დეპუტატების ნაწილი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, კომისიის თავმჯდომარის გადაყენების წინააღმდეგი იყო.
დამსწრე 29 დეპუტატიდან ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენებას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა 21 დეპუტატმა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადასაყენებლად, რადგან საამისოდ, რეგლამენტის მიხედვით, მინიმუმ 22 ხმა იყო საჭირო. ფარულ კენჭისყრას წინ უძღოდა ხანგრძლივი, ხმაურიანი აყალ-მაყალი, რასაც მალე `ნაციონალი~ დეპუტატის დავით მჟავანაძისა და ქართული ოცნების~ რამდენიმე დეპუტატის ერთმანეთისკენ გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ინციდენტი ტელეფონების სროლასა და ხელჩართულ ჩხუბში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მჟავანაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემაზე ქართული ოცნების დეპუტატების გამოსვლას გამომწვევად და გამაღიზიანებლად არაერთხელ უწოდა ყაყანი.
„ნაციონალების“ მიერ ამ დღის გმირად შერაცხულმა დავით მჟავანაძემ იმავე დღეს ერთ-ერთ მედისაშუალებასთან საუბარში განაცხადა, რომ ინციდენტი მოჰყვა მის ლეგიტიმურ კითხვას, იღებდა თუ არა თავისთავზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ართმელაძის ქმედებაზე: „მინდა, გამოვეხმაურო იმ ინცინდენტს, რაც დღეს ოზურგეთის საკრებულოში განვითარდა, ვგულისხმობ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისადმი განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რომელიც ჩემს ლეგიტიმურ კითხვას მოჰყვა, კერძოდ, იღებდა თუ არა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მისი დეპუტატის შოთა ართმელაძისა და დაბა ნასაკირალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ტარიელ ანთაძის ქმედებაზე, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.ვიდეო და აუდიოჩანაწერებიდან ჩანს, რომ მჟავანაძემ კითხვაზე პასუხიც მიიღო და რეპლიკაც.
ინციდენტი კი ნამდვილად მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალმა“ დეპუტატმა კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“ მოყაყანეები უწოდა. რასაკვირველია, რაც შემდეგ მოხდა, ასევე მეტყველებს „ქართული ოცნების“ დეპუტატთა დიალოგის დაბალ კულტურაზე.ახლა ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ხომ არ იყო წინაწარ დაგეგმილი პროვოკაცია. თუ „ნაციონალების“ ხელწერას დავაკვირდებით, არაფერია გამორიცხული.
ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ფაქტი, შესაძლებელია, საამისოდ საფუძვლიან ეჭვს ბადებდეს კიდეც, მაგალითად: წინა დღეებში „ნაციონალებისა“ და მისი მხარდამჭერების მიერ ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელში გავრცელებული დაუსაბუთებელი ინფორმაციები; ინციდენტიდან რამდენიმე წუთში საკრებულოს შენობაში „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ოპერატიული გამოცხადება, მათ შორის ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძისა, რომელიც, საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, შარშან გამართული თოთხმეტი სხდომიდან დაესწრო მხოლოდ ორს, ხოლო წლეულს - 11-დან მხოლოდ სამს; ინციდენტის დაწყებისთანავე სხდომათა დარბაზში წითელპერანგიანი უცხო პირის გამოჩენა და ტელეფონით ინციდენტის გადაღება; ნაციონალების მხარდამჭერი მედიასაშუალების ჟურნალისტის მიერ ყველაზე უკეთესი რაკურსით გადაღებული კადრები, მაშინ, როცა, - არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, - მაგრამ ამ ჟურნალისტმა კადრის რაკურსი ისე იცის, როგორც ამ სტრიქონების ავტორმა- ჩინური (ასეთ კადრებს ფოტორეპორტიორები უმეტეს შემთხვევაში მაშინ აღწევენ, როცა წინაწარ იციან, რა უნდა მოხდეს.) მომხდარით ამ ჟურნალისტის აშკარად თვითკმაყოფილი სახე და დერეფნიდან ქირქილით მის მიერვე ტელეფონით გადაცემული ინფორმაცია...თუ ჭორებს მივყვებით, იმასაც ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის ე. წ. კოჰაბიტაციის შედეგად მიღწეული „გარიგება“ ცენტრალური ხელისუფლებიდან რეგიონებში მოცოცავს.
როგორც არ უნდა იყოს, თუ ხელისუფალი ხარ, გზა მანამდე უნდა დაინახო, სანამ ურემს გადაგიბრუნებდნენ, თუ მაინც გადაგიბრუნეს და ამ გადაბრუნებას შენი პასიურობით თუ უსუსურობით, ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყვე, თუ ქვეყანა თავზე დაგექცა, უკაცრავად ვართ და, მერე ვის რა ფეხებად უნდა შენ მიერ დანახული გზა?! მოკლედ, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანის არ იყოს, ჯერჯერობით გაუგებარია, „ვისი ვიოლინო ვის როიალშია“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ხელისუფლების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რაც ხაზს უსვამს ხელისუფლების პრინციპებს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებთან მიმართებაში, რომელიც გმობს არაკანონიერ, არასამართლებრივ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ინიცირებული საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი ხმა დააკლდა.
„ნაციონალების“ აზრით კი, ხსენებულ დანაშაულში მხილებული პირის თანამდებობიდან გადაყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ვარაუდს, რომ ართმელაძე და ანთაძე დამოუკიდებლად არ მოქმედებდენ და სახეზეა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები, რომლის უკანაც ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დგანან.ვიქონიოთ მოთმინება და ვენდოთ თემიდას. სასამართლოზე გამოჩნდება, ვინ დგას ორგანიზებული დანაშაულის უკან და ვინ დემაგოგობს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საკრებულოს აგრარულ საკითხთა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე შოთა ართმელაძე ასევე დაბა ნასაკირალის დეპუტატია, ტარიელ ანთაძე კი - მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ამ დაბაში. ისინი რამდენიმე დღის წინ შსს-ს ანტიკორუფციულმა სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ორივეს შეეფარდა სსკ-ს 338-ე მუხლის მეორე ნაწილის (გ) ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.ავტორი თემურ მარშანიშვილი