\\\"ოზურგეთის მომავლის\\\" წევრები თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ

დამატებულია: 2016-08-15
picture1

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია \"ოზურგეთის მომავლის\" წევრები საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ.

ამის შესახებ თამარ ნადირიძემ და ლევან მგელაძემ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოპერატიულად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

\"როგორც დეპუტატებმა, ვითხოვეთ, მოეწოდებინათ სრული დოკუმენტაცია ჭანტურიას და ა. წულაძის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

განცხადება შევიტანეთ 28 ივლისს, დღეს 15 აგვისტოა და ქალაქის მერიისგან არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. პასუხად პირად საუბრებში გვეუბნებიან პროექტი. არ გვაქვს, არ გვცალია. დაღლილები ვართ, – ზოგმა ასეც გვითხრა. ეს მაშინ, როცა საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მერიისგან ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია დაუყონებლივ უნდა მიიღოს.

დეპუტატებს გამოთხოვილი ინფორმაცია. დროულად კი არა, საერთოდ არ მოგვეწოდება. ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაცვას და მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს უარყოფა მხოლოდ ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურისგან არ ხდება, უამრავი ა(ა)იპ -ია დაფუძნებული, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციებიც მიუწვდომელია ჩვენთვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის და გადავწყვიტეთ, რომ სამართებრივად, სასამართლოს გზით მივიღოთ შესაბამისი ინფორმაციები\\\", – აღნიშნა ბრიფინგზე თამარ ნადირიძემ.

ლევან მგელაძის თქმით, ქალაქის მერია ხშირად უგულებელყოფს საკრებულოს წევრებს: ქალაქის მერიის მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს საკრებულოს წევრების უგულებელყოფას, გამოთხოვილ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტეთ სასამართლოში სარჩელის შეტანა.

მადლობა საზოგადოებას ამ თემაზე ჩართულობისა და აქტიურობისათვის. განსაკუთრებით, საინიციატივო ჯგუფს. მაქსიმალურად ვეცდებით, ერთად დავიცვათ კანონიერება. რაც შეეხება სკვერის გაჭრას, ეს არის დანაშაული. ესაა საზოგადოებისთვის ხელის შეშლა, იმ ფეხით მოსიარულეთათვის, ვისაც ამ რეკრეაციულ ზონაში შეუძლია გადაადგილება. არის კულუარული ინფორმაცია, თითქოს საკრებულომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დამერწმუნეთ, არც შესაბამის კომისიებში და არც საკრებულოს სხდომაზე, ეს საკითხი გატანილი არ იყო ამ ფორმით, როგორც აპელირებს ქალაქის მერი.

ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც გეტყვით ერთ მომენტს, მხოლოდ ტენდერის დოკუმენტაციაშია ნაჩვენები, რომ ა. წულაძის ქუჩას ემატება ერთი მონაკვეთი ამ სკვერის ხარჯზე. სხვათა შორის, ტოპონიმებიც დარღვეულია ოზურგეთში, მთავრობის მხრიდან, ცხრა აპრილის სკვერი არის შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციის წინ მდებარე სკვერი. ამ სკვერს ჰქვია იური სიორიძის სახელობის სკვერი. კარგი იქნება, ეს შეცდომა თუ გასწორდება.

საეჭვოდ მიმაჩნია ტენდერის შედეგები, რომელიც ორჯერ ჩატარდა. ალბათ, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან ამ თემით. პირველში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ და ორივეს მიეცა დისკვალიფიკაცია. ოქმში კონკრეტული მიზეზები არ არის მითითებული. იმავე პროექტზე,მეორედ ჩატარებულ ტენდერში წინა ტენდერში მონაწილე ერთ–ერთი კომპანია ისევ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ რატომღაც კიდევ ერთხელ მიეცა დისკვალიფიკაცია და გაიმარჯვა ახალმა პრეტენდენტმა, რაც, ჩემი აზრით, ყურადსაღები ფაქტია\\\", – განაცხადა ლევან მგელაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.