დავიწყოთ იმით, რომ ქალაქ ოზურგეთში ე.წ. 9 აპრილის სახელობის სკვერში საავტომობილო გზის გაყვანასთან დაკავშირებით, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, 16 აგვისტოს ჩატარებულ, აყალმაყალში გადაზრდილ საჯარო განხილვამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აღნიშნული სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, ღია წერილით მიმართეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს:
ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს მოგმართავთ ოზურგეთში „9 აპრილის სკვერის“ ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ ოზურგეთის მერიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების გამო.
9 აპრილის სკვერის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობა წარმოადგენს სკვერის სარეკრეაციო და საჯარო ფუნქციაში შეჭრისა და საჯარო სივრცის შემცირების უხეშ პრეცედენტს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გადაწყვეტილებების საჯარო ინტერესის ჭრილში განხილვის პრინციპებს. საჯარო სივრცე, მისი მნიშვნელოვანი საზოგადოებირივი დანიშნულებისა და პოლიტიკური ფუნქციის გამო, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია, ამიტომაც, აუცილებელია მისი დაცვა და შენარჩუნება, საჯარო სივრცის მიმართ ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საზოგადოებრივი განხილვის ფონზე, ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამჭვირვალედ წარმართვა. საქართველოს კანონმდებობით გარანტირებულია ქალაქგეგმარების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო ინტერესის გათვალისწინება, შესაბამისად, მიუღებლად მიგვაჩნია სრულიად მოულოდნელად, საზოგადოების მონაწილეობისა და დაინტერესებული პირების რეალური ჩართულობის გარეშე, სკვერის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობა, საჯარო სივრცის დაკავება და ეკოლოგიური გარემოს ცვლილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და საჯარო სივრცეების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები მოვითხოვთ: - დაუყოვნებლივ შეჩერდეს სკვერის ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები;
- აღდგეს ოზურგეთში, 9 აპრილის სკვერი პირვანდელი მდგომარეობით;
- დაუყოვნებლივ განხორციელდეს სკვერის ეკოლოგიური და სივრცითი რეაბილიტაცია\".
განცხადებას ხელს აწერენ, შემდეგი ორგანიზაციები: „მწვანე მუშტი“, „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“, „პარტიზანული მებაღეობა თბილისი“, „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“, „მწვანე ალტერნატივა“, „იარე ფეხით“, „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“.
პეტიცია
ოზურგეთში მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მიჩნევს, რომ ხსენებულ პარკში გზის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ერთპიროვნულად, მოსახლეობასთან შეუთანხმებლად. ქალაქის მერმა კი, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, მათ წერილს უაზრო უწოდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა პეტიცია დაარეგისტრირეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ბრიფინგები
პეტიციას მოჰყვა 15 აგვისტოს `დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში~ გამართული ბრიფინგი, სადაც თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიჩნიეს, რომ პროექტი სამართლებრივი ნორმების დარღვევით ხორციელდება. კერძოდ, `მმართველობითი სისტემების განვითარებისა~ და `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ წარმომადგენლებმა, მოქმედი კანონმდებლობის, ოზურგეთის საკრებულოს სხდომების ოქმებისა და მასალების ანალიზის საფუძველზე, დაასკვნეს, რომ 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.
მათ მიერ ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოების შედეგად ირკვევა, რომ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 25 ოქტომბერს მოიწონა საპროექტო წინადადება `ოზურგეთში დაზიანებული ქუჩების სავალი ნაწილის მოასფალტების სამუშაოები~. პროექტს, სათაურიდან გამომდინარე, უნდა მოეცვა მხოლოდ ქუჩის სავალი ნაწილის მოასფალტების სამუშაოები. სავალი ნაწილი კი `საგზაო მოძრაობის შესახებ~ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, გულისხმობს გზის ელემენტს, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისთვის და მასში არ მოიაზრება ტროტუარები, ქვეითთა ბილიკები, პარკები, სკვერები და სხვ. საპროექტო წინადადება შეთანხმებულ იქნა რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, რომელმაც 2016 წლის 4 თებერვალს გამოყო შესაბამისი თანხები პროექტის განხორციელებისათვის. 2016 წლის 11 თებერვალს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა შესაბამისი ცვლილებების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ქალაქის მერიის მიერ საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ მასალებში ჩამოთვლილი იყო იმ დაზიანებული ქუჩების ჩამონათვალი, რომელთა მოასფალტებასაც ითვალისწინებდა პროექტი. მასალებში არ იყო ნახსენები სკვერის ტერიტორიაზე ახალი გზის გაჭრა.
2016 წლის მარტში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, საკრებულოსა და სამინისტროსგან ფარულად, მერიამ სატენდერო დოკუმენტაცის ტექნიკურ დავალებაში დაზიანებული ქუჩების მოასფალტებასთან ერთად ჩაამატა წინადადება `არსებული სკვერის ხარჯზე, წულაძის ქუჩის მარცხენა ზოლისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა~. შესაბამისად, _ როგორც ბრიფინგზე ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კოკა კიღურაძემ და ლევან ხინთიბიძემ აღნიშნეს, _ პროექტის შეცვლილი შინაარსი და სკვერში მიმდინარე სამუშაოები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23 დადგენილებას, რადგან ის ხორციელდება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწონებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანხმობის გარეშე. იმავე დღეს, აქვე ოპერატიულად გამართულ თათბირზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლის“ წევრებმა თამარ ნადირიძემ და ლევან მგელაძემ ოპერატიულად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართავენ სასამართლოს.
`როგორც დეპუტატებმა, ვითხოვეთ, მოეწოდებინათ სრული დოკუმენტაცია ჭანტურიას და ა. წულაძის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. განცხადება შევიტანეთ 28 ივლისს, დღეს 15 აგვისტოა და ქალაქის მერიისგან არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. პასუხად პირად საუბრებში გვეუბნებიან პროექტი. არ გვაქვს, არ გვცალია. დაღლილები ვართ, – ზოგმა ასეც გვითხრა. ეს მაშინ, როცა საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მერიისგან ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია დაუყონებლივ უნდა მიიღოს.
დეპუტატებს გამოთხოვილი ინფორმაცია. დროულად კი არა, საერთოდ არ მოგვეწოდება. ვაპირებთ ჩვენი პოზიციის დაცვას და მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს უარყოფა მხოლოდ ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურისგან არ ხდება, უამრავი ა(ა)იპ -ია დაფუძნებული, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციებიც მიუწვდომელია ჩვენთვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის და გადავწყვიტეთ, რომ სამართლებრივად, სასამართლოს გზით მივიღოთ შესაბამისი ინფორმაციები\", – აღნიშნა ბრიფინგზე თამარ ნადირიძემ.
ლევან მგელაძეის თქმით, ქალაქის მერია ხშირად უგულებელყოფს საკრებულოს წევრებს:
`ქალაქის მერიის მხრიდან სისტემატური ხასიათი აქვს საკრებულოს წევრების უგულებელყოფას, გამოთხოვილ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტეთ სასამართლოში სარჩელის შეტანა.
მადლობა საზოგადოებას ამ თემაზე ჩართულობისა და აქტიურობისათვის. განსაკუთრებით, საინიციატივო ჯგუფს. მაქსიმალურად ვეცდებით, ერთად დავიცვათ კანონიერება. რაც შეეხება სკვერის გაჭრას, ეს არის დანაშაული. ესაა საზოგადოებისთვის ხელის შეშლა, იმ ფეხით მოსიარულეთათვის, ვისაც ამ რეკრეაციულ ზონაში შეუძლია გადაადგილება. არის კულუარული ინფორმაცია, თითქოს საკრებულომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დამერწმუნეთ, არც შესაბამის კომისიებში და არც საკრებულოს სხდომაზე, ეს საკითხი გატანილი არ იყო ამ ფორმით, როგორც აპელირებს ქალაქის მერი.
ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც გეტყვით ერთ მომენტს, მხოლოდ ტენდერის დოკუმენტაციაშია ნაჩვენები, რომ ა. წულაძის ქუჩას ემატება ერთი მონაკვეთი ამ სკვერის ხარჯზე. სხვათა შორის, ტოპონიმებიც დარღვეულია ოზურგეთში მთავრობის მხრიდან, ცხრა აპრილის სკვერი არის შემოქმედის ეპარქიის რეზიდენციის წინ მდებარე სკვერი. ამ სკვერს კი ჰქვია იური სიორიძის სახელობის სკვერი. კარგი იქნება, ეს შეცდომა თუ გასწორდება.
საეჭვოდ მიმაჩნია ტენდერის შედეგები, რომელიც ორჯერ ჩატარდა. ალბათ, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან ამ თემით. პირველში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ და ორივეს მიეცა დისკვალიფიკაცია. ოქმში კონკრეტული მიზეზები არ არის მითითებული. იმავე პროექტზე, მეორედ ჩატარებულ ტენდერში წინა ტენდერში მონაწილე ერთ–ერთი კომპანია ისევ მონაწილეობდა, მაგრამ რატომღაც კიდევ ერთხელ მიეცა დისკვალიფიკაცია და გაიმარჯვა ახალმა პრეტენდენტმა, რაც, ჩემი აზრით, ყურადსაღები ფაქტია\", – განაცხადა ლევან მგელაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი
`დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში~ საჯარო განხილვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენთან საუბრისას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, კატეგორიულად არ დაეთანხმა არასამთავრობო ორგანიზაციების _ `მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრისა~ და `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ დასკვნას, რომ ქალაქ ოზურგეთში, 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან:
`კატეგორიულად ვერ ვეთანხმები, ვინაიდან საკრებულოს სხდომაზე გამოტანილი იყო 9 ქუჩის პროექტი, აქედან ერთ-ერთი გახლდათ აპოლონ წულაძისა და ჭანტურიას ქუჩის დაკავშირება არსებული სკვერის ხარჯზე. ეს ყველაფერი მოცემულია პროექტში, პროექტის განმარტებით ბარათში, შავით თეთრზე წერია, რომ წულაძისა და ჭანტურიას ქუჩა უკავშირდებოდა ერთმანეთს არსებული სკვერის ხარჯზე.
ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეუთანხმებლადაც ვერ მოხდებოდა, ვინაიდან პროექტი ჯერ გადაიგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც მოიწონეს და გამოიყო შესაბამისი თანხა. ხსენებულ სამინისტროში შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო, პროექტი ვერანაირად ვერ დაფინანდებოდა~.
_ ბატონო გელა, ეს არასამთავრობოები უფრო მძიმე ბრალდებასაც უყენებენ ქალაქის მერიას, როცა ამბობენ, რომ 2016 წლის მარტში, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, საკრებულოსა და სამინისტროსგან ფარულად, ქალაქის მერიამ სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში, დაზიანებული ქუჩების მოასფალტებასთან ერთად, ჩაამატა წინადადება `არსებული სკვერის ხარჯზე, წულაძის ქუჩის მარცხენა ზოლისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა~.
`რას ამბობთ, როგორ შეიძლება არსებულ პროექტში თვითნებურად ჩამატების გაკეთება?! ეს გამორიცხულია. მომზადებული პროექტის ერთი პირი არის ჩვენთან, მეორე, მისი იდენტური კი, გადაგზავნილია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში~.
საჯარო განხილვა
საჯარო განხილვას, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ დაესწრო ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე. როგორც „ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ კოორდინატორმა და ღონისძიების წამყვანმა გრიგოლ მახარაძემ თქვა, მერმა აცნობა მას ამის შესახებ და ითხოვა საჯარო განხილვის ჩატარების გადადება, მაგრამ, რადგან საზოგადოება უკვე გაფრთხილებული იყო, ეს აღარ შეიძლებოდა. საზოგადოებრივი განხილვის მონაწილეებს ქალაქის მერის მიმართვა გააცნო მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა შარაძემ:
„საზოგადოების გარკვეული წრის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ვითარება და ყველა დეტალი, რომელიც შესაძლოა დაინტერესებულ პირთათვის მნიშვნელოვანი იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროექტის დამტკიცება და განხორციელება კანონის სრული დაცვით მოხდა.
არასამთავრობო სექტორს და დაინტერესებულ მოქალაქეებს მინდა მადლობა გადავუხადო აქტიურობისთვის, ქალაქის გულშემატკივრობისთვის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. იმედი მაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვითარებას სწორად შეაფასებენ,სამომავლოდ კი ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო დროულად ითანამშრომლებენ, განსხვავებით ამ შემთხვევისგან, როცა მათი პროტესტი სკვერში სამუშაოების დაწყების შემდეგ დაიწყო. მერწმუნეთ, ყველა ინიციატივა, რომელსაც ვახორციელებთ, გამჭვირვალეა და თუ რომელიმე მათგანზე განსხვავებული აზრი გექნებათ, ჯობს, ამის შესახებ დროულად გვაცნობოთ, რათა სამომავლოდ ერთობლივად ვიმსჯელოთ.
აღნიშნული ინიციატივა მომზადდა პროექტის სახით და 2016 წლის 11 თებერვალს წარედგინა საკრებულოს. არასწორია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს საკრებულოს წევრებმა ამისშესახებ არაფერი იცოდნენ. პროექტში, რომელსაც წარმოგიდგენთ, ნათლად წერია, რომ აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია მოხდებოდა სკვერის ხარჯზე. შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია 19 თებერვალს აიტვირთა და დღესაც დევს მისამართზე წწწ.სპა.გოვ.გე და არა მხოლოდ საკრებულოს წევრებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო ენახა.
ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებასა და განვითარებაზე,
ასევე, ხსენებული ქუჩის ავტოტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის შესახებ 2015 წლის 6 აგვისტოს ვიმსჯელეთ ოზურგეთელ არქიტექტორებთან შეხვედრაზე და აღნიშნული საკითხი, ასევე, განვიხილეთ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე, რომელიც 2015 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა. შესაბამისად, აბსოლუტურად მცდარია ბრალდება, თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ერთპიროვნულად მიიღო.
ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს სკვერი ნადგურდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ მას მოაკლდა მხოლოდ მცირე, არა მწვანესაფარიანი, არამედ ფილებდაგებული ნაწილი, ასევე, ტროტუარზე არსებული დეკორატიული მუხა, რომელიც გადარგული იქნა სხვა ტერიტორიაზე. სკვერს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია და თუ ამ სკვერით ჩვენი თანაქალაქელები ამ დრომდე ნაკლებად სარგებლობდნენ, ამიერიდან ის რეალურ ფუნქციას შეიძენს.
როგორც ოზურგეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები ხედავენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე, სავაჭრო ობიექტების სიმრავლის გამო, მუდმივად გადატვირთული მოძრაობაა. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების 100-ზე მეტი დარღვევა და 4 მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა. სწორედ ამიტომ გადაწყდა ორ პარალელურ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება. მათ დასაკავშირებლად კი საჭირო გახდა 9 აპრილის სახელობის სკვერის მცირე ნაწილის გამოყენება. ნამდვილად ამაყი ვარ, რომ გვაქვს ქალაქი, რომელიც სკვერებისა და პარკების სიმრავლით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და იგება უამრავი გზა, მერწმუნეთ, თითოეულ ამ საქმეს აზრი დაეკარგება, თუ არ გვექნება სარეკრეაციო ზონები და სიმწვანე.
მას შემდეგ, რაც ქალაქის მერი გავხდი, ოზურგეთში გამწვანების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე. დაირგო სხვადასხვა ჯიშის 300-ზე მეტი დეკორატიული მცენარე, გამწვანდა აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის ქუჩები და სადგურის მიმდებარე ტერიტორია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერს. და ბოლოს, მივმართავ ოპოზიციურ პარტიებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს: მესმის, რომ ასეთი ხმაურიანი თემები თქვენთვის სახარბიელოა, გასაგებია, რომ ერთმანეთს ასწრებთ, რომელი უფრო მწვავედ გააპროტესტებთ ქალაქის მერის „საშინელ გადაწყვეტილებას’’, მაგრამ გაიხსენეთ ზემოაღნიშნული 4 ავარია, მისი უსიამოვნო შედეგები და ნუ დაივიწყებთ, რომ ოზურგეთი მხოლოდ ბეგი სიორიძე არ არის და ჩემთან პოლიტიკური ბრძოლის მიზნით ქალაქის პროგრესს ნუ დაუპირისპირდებით“.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავკაცმა გელა კობალაძემ აღნიშნა, რომ ,მისი აზრით, ყველაფერი გაკეთებულია კანონის ფარგლებში, საფუძველმოკლებულად მიიჩნია გაჟღერებული ბრალდებები, წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაციები და მზადყოფნა გამოთქვა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
ამ დროს ყურადსაღები რეპლიკა გაისმა არასამთავრობოების მხრიდან, რომ ისინი გასაჯაროების მიზნით, სწორედ ამ დოკუმენტებს ითხოვდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის გამოსვლამ ცხადყო, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას თვითმმართველობებს მართებთ მეტი საჯაროობა და დემოკრატიულობა, შესაბამისი კანონების სრულყოფილად დაცვა.
„რაც ჩვენს სინამდვილეში მოხდა, არის ფუნქციური ზონების ცვლილება მაგ: სარეკრეაციო ზონის ცვლილება მოხდა სატრანსპორტო ზონით, მაგრამ იგი არ განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად: ამისთვის საჭირო იყო ჩატარებულიყო 2- ეტაპიანი ადმინისტრაციული წარმოება. I ეტაპი - დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად არაუმეტეს 20 დღე; და II ეტაპი - დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცება, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად -არაუმეტეს 30 დღე. დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს გამოსცემს საკრებულო. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მე-2, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ეტაპი არ განხორციელებულა. ასევე არ იყო დაცული საჯაროობის სხვა მოთხოვნებიც. მაგ., არ მომხდარა ადგილობრვი თვიმართველობის წინ, თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფაზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსება.
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსთან და მისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია, შეიქმნას სათათბირო ორგანო - „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“. იმ ფონზე, რომ ქ. ოზურგეთს არ გააჩნია ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების გეგმა, ზემოხსენებული საბჭოს არსებობა მრავალ პრობლემას გადაჭრის. მათ შორის საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტასაც.
ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსის მე-11 თავი განსაზღვრავს მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. კოდექსში ცალკე თავად ამ საკითხის გამოყოფა საზოგადოების მონაპოვარია და იგი საჯაროობის, მოქალაქეთა გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფას ემსახურება. თუ არ განხორციელდება ამ თავით მონიჭებული უფლებების რეალიზება, მართვის დემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია. თვითმმართველობა უნდა გამოვიდეს ინიციატივებით რათა აამოქმედოს დასახლებათა საერთო კრებები, უზრუნველყოს მრჩეველთა საბჭოს შექმნა, განიხილოს საზოგადოების მიერ ინიცირებული პეტიცია, წარდგეს ანგარიშით ამომრჩეველთა წინაშე, მოაწყოს საჯარო განხილვები.
თვითმმართველობის განხორციელებისას თუ იმუშავებს ყველა ზემოხსენებული კომპონენტი, მაშინ თამამად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართვეობა დემოკრატიული მართვის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს“.
`საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის თავმჯდომარემ“ წინა დღით, ბრიფინგზე გამოთქმულ თავის მოსაზრებას დაუმატა: `ამ პროცესს ნამდვილად აკლდა საჯაროობა, მოქალაქეთა ჩართულობა, რათა დროულად გაგვეგო, რასაც ხელისუფლება აპირებდა, თუმდაც იმ სარეკრეაციო თუ გამწვანების ზოლში. გარდა იმ ხარვეზებისა, რაც აქ გარკვეულწილ ხსენდა, კიდევ გავუსვამდი ხაზს საკითხს, რომელიც არა მხოლოდ ოზურგეთს, არამედ თვითმმართველობებს აწუხებს ქვეყნის მასშტაბით _ ეს არის პროგრამული ბიუჯეტირების საკითხი, მაშინ, როცა ფისკალური წლის დაწყებამდე ვამტკიცებთ ბიუჯეტს და ბიუჯეტი არ უნდა იყოს ციფრების გროვა. მასში უნდა იყოს რა პროგრამებს, ღონისძიებებს, შედეგებს, ამ შედეგების მიღწევების რა ინდიკატორებს იყენებს ხელისუფლება, რომ წლის ბოლოს ჩვენ შევაფასოთ იყო თუ არა წარმატებით შესრულებული ბიუჯეტი, მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს ერთგვარი სიურპრიზი რაღაც ღონისძიების გაკეთება. ამიტომ არის საჯაროობა აუცილებელი. Dდა საჯაროობა რომ ყოფილიყო, ეს დარბაზი ასე სავსე არ იქნებოდა, მოსახლეობას ეცოდინებოდა, რა გაკეთდებოდა და როგორ.
ასევე აუცილებელია ქალაქს ჰქონდეს თავისი განაშენიანების გეგმა, რათა ვიცოდეთ სად არის სარეკრეაციო და გამწვანების ზოლები, სად არის ბიზნესის ადგილები, სად უნდა აშენდეს სავაჭრო ცენტრები და სად ვაპირებთ ქალაქის ურბანულ განვითარებას.~
საჯარო განხილვაზე დამსწრე ქალაქის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისათვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა `მმართველობითი სისტემების განვითარების~ დირექტორის კოკა კიღურაძის სალექციო კურსის მსგავსი სიტყვა, რომელიც რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, ეს ვიცით, ცუდად რა გაკეთდა, ის გვითხარითო.
ცუდად ნაკეთების ფინალი კი ასეთი იყო: „..რეგიონული განვითარების სამინისტროში 4 თებერვალს, როცა უკვე გადაწყდა, დამტკიცდა ქუჩების მოასფალტება 17 თებერვლის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, სადაც ჩამოიწერა, ბოლო-ბოლო ეს ქუჩები, რომელი ქუჩების მოასფალტებაზეც იყო საუბარი, მთავრობის დადგენილებაში ზოგადად იყო და საკრებულომ დაამტკიცა კონკრეტულად, ამ ქუჩების მთავარი ნაწილის მოასფალტებაზე იყო საუბარი. შემდეგ სატენდერო დოკუმენტაციაში უკვე გამოჩნდა ჩანაწერი და ეს ჩანაწერი იყო შემდეგნაირი: რომ არსებული სკვერის ხარჯზე, წულაძისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა“.
არავის ადვოკატობას ვაპირებთ, მით უფრო, რომ ქვეყანაში ისედაც ვექილთცვენაა, მაგრამ სულ სხვა პათოსით ჟღერდა ეს აზრი წინა დღით გამართულ ბრიფინგზე, სადაც კონკრეტულად დასდეს ბრალი ქალაქის მერიას: „2016 წლის მარტში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, საკრებულოსა და სამინისტროსგან ფარულად, მერიამ სატენდერო დოკუმენტაცის ტექნიკურ დავალებაში დაზიანებული ქუჩების მოასფალტებასთან ერთად ჩაამატა წინადადება `არსებული სკვერის ხარჯზე, წულაძის ქუჩის მარცხენა ზოლისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა~ (იხილეთ ბრიფინგის პრესრელიზი).
ვერ დადასტურდა ბრალდება, რომ სკვერის გაჭრის საკითხი ერთპიროვნულად გადაწყდა, როგორც ამას ქალაქის მერიის ოპონეტები და არასამტავრობოები აცხადებენ. სხდომაზე დამსწრე არქიტექტორებმა აღნიშნეს, რომ ქალაქის მერმა ხსენებულ საკითხზე მათთან ერთად არაერთხელ იმსჯელა.
ასევე არ დაადასტურეს ფრაქცია „ოზურგეთის მომავლის“ წარმომადგენელის, დეპუტატ ლევან მგელაძის ინფორმაცია, რომ არც შესაბამის კომისიებში და არც საკრებულოს სხდომაზე სკვერის გაჭრის საკითხი არ ყოფილა გატანილი. ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მერაბ წივწივაძის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხზეც იმსჯელეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ კი გაიხსენა, რომ სწორედ ამ საკითხის ფინანსურ მხარეზე მაშინ რაღაც შეკითხვები გაუჩნდა და სხდომის შემდეგ შეხვდა და ესაუბრა მერაბ წივწივაძეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავკაცის ავთანდილ სურგულაძის თქმით, სკვერის გაჭრა მისი თავმჯდომარეობის დროსაც განიხილებოდა, ეს არ არის ახალი საკითხი და კარგია, რომ დადებითად გადაწყდა.
სკვერის გაჭრის ხარჯზე, წულაძის ქუჩის მარცხენა ზოლისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა მიზანშეწონილად და საჭიროდ მიიჩნიეს არქიტექტორებმა საყვარელ სალუქვაძემ და ნოდარ გოგუამ.
შეხვედრაზე რამდენჯერმე გაიჟღერა აზრმა,სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო განხილვა რომ ჩატარებულიყო, დღეს ასეთი დაპირისპირება არ შედგებოდა. საჯარო განხილვებისა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დაპირისპირება რომ არ მოხდებოდა, ეს მეეჭვება, რადგან რაც 16 აგვისტოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მოხდა, მას შეიძლება ყველაფერი დაერქვას, საჯარო განხილვის გარდა. 43 წელიწადზე მეტია მედიაში ვმუშაობ, აქედან 35 წელი - ოზურგეთში, რამდენ ღონისძიებას დავსწრებივარ, მაგრამ კამათის ასეთი დაბალი დონის კულტურა ნამდვილად არსად მინახავს, რაც ოზურგეთსა და ოზურგეთელებს არ ეკადრებათ. მაპატიეთ და, ეს იყო პოლიტიკური ბრძოლის ველური ფორმა. იმ ენერგიით, ემოციითა თუ ნერვების გლეჯით, რაც ამ შეხვედრაზე დაიხარჯა, ურთიერთსიძურვილის გამოვლენის, საპირისპირო აზრის მქონეთა მიმართ აშკარად გამოკვეთილი ხისტი დამოკიდებულების, პიროვნული კინკლაობის, სკანდალის ამგორებელთათვის ქირქილის საბაბის მიცემის ნაცვლად, გონიერი საზოგადოება არათუ ამ პრობლემებს გადაჭრიდა დროულად, არამედ მთასაც კი გადააბრუნებდა ქალაქისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
და ბოლოს, გასულ პარასკევს, როცა ამ წერილზე მუშაობას ვამთავრებდით, საკითხზე - მიზანშეწონილი იყო თუ არა 9 აპრილის სკვერის ხარჯზე წულაძისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა, ათიოდე მოქალაქე გამოვკითხეთ. რვამ დადებითად შეაფასა ეს გადაწყვეტილება, ერთმა, ქალბატონმა მოცლილი გვიწოდა, ერთიც თბილისელი აღმოჩნდა და თავი შეიკავა კომენტარისაგან. ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენ მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის ობიექტურობაში, შეგვიძლია მასთან ერთად გავიმეოროთ ეს პროცესი. ასე რომ, ჩემი, როგორც რიგითი ოზურგეთელის აზრით, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებული არგუმენტებით, ნამდვილად არ ღირდა ამ საკითხზე ამოდენა აურზაურის ატეხვა.