`განსხვავებით 2012 წელს ჩატარებული ღონისძიებისა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა~

დამატებულია: 2016-08-21
picture1

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში ფერიცვალების დღესასწაული კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნა. სხვადასხვა კუთხის ცხენოსანთა მონაწილეობით გაიმართა დოღი. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. შესრულდა ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი. ჩატარდა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში და გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი 2016“. მოეწყო გურული ფაცხები, სადაც ადგილობრივი სამზარეულო იყო წარმოდგენილი.

ფერიცვალების დღესასწაულზე ღონისძიების კულმინაცია დოღი იყო, რომელშიც 26 ცხენოსანი მონაწილეობდა. დოღში გამარჯვებული მხედრები, სპეციალური პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვდნენ. საპრიზო ფონდი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა დააწესა, 2 000 ლარს შეადგენდა. სხვადასხვა კატეგორიაში პირველ ადგილზე გასული ცხენოსნები 200 ლარით, მეორე ადგილზე 150-150 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული მხედრები 100-100 ლარით დაჯილდოვდნენ.

ბიზნესმენმა, საინვესტიციო კომპანია „ბრეფის“ პრეზიდენტმა, პირველ ადგილზე გასული მხედრისთვის ჯილდოდ 1 000 ლარი, მეორე ადგილზე 800 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულისთვის 500 ლარი დააწესა. ასევე, ფულადი ჯილდოები დააწესეს: მედიასახლმა „გურია ნიუსმა:, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალმა“, ინა ასანიძემ და ანა ბალამწარაშვილმა, ჟურნალისტმა როლანდ ხოჯანაშვილმა და ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ბეგი მამალაძის მეგობრებმა, რომლებმაც პრიზი ერთ-ერთ გამარჯვებულს გარდაცვლილი მეგობრის სახელით გადასცეს. დოღში მონაწილეებისთვის საჩუქრები სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც შეიძინეს.

კურორტ ბახმაროში ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ტურისტები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრეთაგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს, გამგებელს, ბატონ ირაკლი კუჭავას კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის, რომელიც უკვე წლებია ტრადიციულად ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს განსხვავებული და მრავალფეროვანი სანახობის გარდა, დოღს უამრავი მაყურებელი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით 2012 წელს ჩატარებული ღონისძიებისა, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა. უფრო მეტიც, საზოგადოების წარმომადგენლებს, მოსახლეობას და მათ შორის ოპოზიციას საშუალება ჰქონდათ კურორტზე ასულიყვნენ და ამ შესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასწრებოდნენ,“- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.