მწერლობა ერის სულის სარკეა

დამატებულია: 2016-08-27
picture1

ნომრის სტუმარი: დავით შემოქმედელი. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. გამომცემლობა ,,დავით-ის’’ დირექტორი.

სხვადასხვა დროს იყო: საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ ,,ლიტერატურა და ხელოვნების რედაქტორი, გამომცემლობა ,,ეროვნული მწერლობის’’ რედაქტორი, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, გაზეთ ,,ივერიის“ თანარედაქტორი. არის დავით აღმაშენებლისა და გალაკტიონ ტაბიძის (პოეზია), ნიკო ლორთქიფანიძის (პროზა) და ივანე მაჩაბლის (თარგმანი) პრემიის ლაურეატი. მისი წიგნები თარგმნილია უცხოურ ენებზე. პოეტური ნაწარმოებები შესულია უცხოურ ანთოლოგიებში. არის 15 წიგნის ავტორი. ქართული კულტურის დესპანი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე. გთავაზობთ ინტერვიუს დავით შემოქმედელთან.

_ ხომ არ გაიხსენებდთ, ბავშვობას, თქვენს სოფელს, ოზურგეთს?

_ ბავშვობა სიზმარივით მახსოვს, რომელმაც თითქოს კონოკადრებივით ჩაიარა ჩემ თვალწინ. არის ადამიანის ცხოვრებაში ეპიზოდი, რომელიც უპირველესად სულზე სტოვებს კვალს და შეუძლია ამ პიროვნების დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ კარდინალურად შეცვალოს. 10-12 წლის ბიჭი ვიქნებოდი, ჩემს მეზობელს ხელოსნები ჰყავდა მოწვეული სახლის სახურავი უნდა გამოეცვალა. იმ დღეს ვერ მოასწრეს გადახურვა. საშინლად მოიღრუბლა, თავსხმა წვიმას აპირებდა. შეღამდა. ღელავდა ეზოში შეკრებილი ხალხი. ამ დროს ეზოს წინ უცნობმა მაღალმა კაცმა ჩამოიარა, შეჩერდა, მიხვდა რაშიც იყო საქმე, შებრუნდა პირით, თავზე ნათელ გვირგვინდადგმულ შემოქმედის ტაძრისაკენ გაიხედა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა: _ ღმერთო, ამაღამ კარგი დარი გამოიყვანეო. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს ქვეყანაში მძიმე ათეისტური პერიოდია. მართლაც, არ გასულა ნახევარი საათი ღრუბლები გადაიკარგნენ და ცაზე ბრილიანტის მძივებივით ბრჭყვიალა ვარსკვლავები გამოჩნდნენ. ეს შემთხვევა ჩემი ცხოვრების გზის მაგალითი გახდა. მშობლიური მხარე არამარტო აწმყო და მომავალი, არამედ წარსულიცაა, ხსოვნის ანაბეჭდებია. იგი ოჯახის წევრების, ახლობლების და ჩემი უახლოესი მეგობრების ნანა ჩიგოგიძისა და ოთარ მეფარიშვილის საფლავებია. ანუ ყველა იმათი ვინც თვალს დააკლდნენ, მაგრამ სულს შეემატნენ. სამშობლოს სიყვარულის საოცარ ამბავს მოგვითხრობს თავზარდამცემი გენიოსი ჰომეროსი: ნიმფა კალიფსო ეუბნება ოდისევსს, დათმე სამშობლო და უკვდავებას მოგანიჭებო. ოდისევსმა უპასუხა:_ ითაკას კვამლი მირჩევნია თქვენს უკვდავებას.

_ თქვენ ირაკლი აბაშიძის, აკაკი ბაქრაძის, მურმან ლებანიძის... შემდეგ ჩაუდექით სათავეში დიდი ტრადიციების მქონე სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებას. იქნებ მოგვიყვეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

_ ჩვენ ფილიალები გვაქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათი საქმიანობა ჩვენი კულტურის სავიზიტო ბარათია უცხოეთში. საგაზეთო ფორმატით, თუნდაც მოკლედ, შეუძლებელია ჩვენი საქმიანობის შესახებ სრულყოფილად საუბარი. საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე მიწევს რუსთაველის საზოგადოების საქმიანობისა და ქართული კულტურის შესახებ საუბარი, ამიტომ მკითხველი, ალბათ, ამ მხრივ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია. ჩვენი საქმიანობის მხოლოდ ორიოდ საკითხს შევეხები. ვიტყვი, რომ ქართულ სინამდვილეში მოხდა ისტორიული მოვლენა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა სახელმწიფო ენის კანონი. ეს კანონი, რომ დამტკიცებულიყო დიდი შრომა გასწია რუსთაველის საზოგადოებამ და უპირველესად ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერებმა: (გიორგი გოგოლაშვილმა, (რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატურის კომიტეტის(თავმჯდომარე), ავთანდილ არაბულმა (ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი), ლევან ღვინჯილიამ, გუჩა კვარაცხელიამ. კანონში მკაფიოდ წერია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (იგულისხმება არაქართველებით დასახელებული რეგიონებიც) სახელმწიფოს ყველა ჩინოვნიკმა სავალდებულოა იცოდეს ქართული ენა. ბილბორდებსა და აბრებზე თუ მასზე იქნება მხოლოდ უცხოენოვანი წარწერა მოხდეს მისი დემონტაჟი. გაუქმებული ქართული ენის პალატის ნაცვლად აღდგეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. აი, ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა სრულიად შეუმჩნეველი დარჩათ ჩვენს პოლიტიკურად ზედმეტად ანგაჟირებულ სატელევიზიო და ბეჭდურ საინფორმაციო საშუალებებს. ახლა მთავარია მეორე ეტაპის განხორციელება, დროულად შეიქმნას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, კანონის აღსრულების მექანიზმი ჩამოყალიბდეს. რუსთაველის საზოგადოების საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა, კულტურის, მწერლობის, მეცნიერების და სხვა სფეროში მოღვაწე ერის თვალსაჩინო მოღვაწეებისათვის პრემიებისა და წოდებების მინიჭება. ჩვენი პრინციპია, მხოლოდ განსაკუთრებული მიღწევებისათვის დაჯილდოვდეს ესა თუ ის მოღვაწე. პირადად მქონდა პატივი, რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის სცენაზე ნონა გაფრინდაშვილს, ჯემალ ღააღანიძეს, სახელმწიფო ფილარმონიის სცენაზე, პაატა ბურჭულაძეს, ომარ მხეიძეს, ეთერ კაკულიას, მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის სცენაზე თენგიზ არჩვაძეს, ხოლო მწერლთა სასახლეში ნინო ანანიაშვილისათვის გადამეცა და მიმელოცა მნიშვნელოვანი პრემიებისა და წოდებების მიღება.

საქართველოში როცა პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მაღალი იყო, ხოლო პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჯერ სრულად შემოსული არ გახლდათ, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ, მაშინ ჩვენ მას, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს მივანიჭეთ დავით სარაჯიშვილის სახელობის პრემია.

_ წელს შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეო წელი არის, როგორ მიმდინარეობს იუბილესათვის მზადება.

_ ეს არ არის თუნდაც მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გენიოსის იუბილე, არამედ ჩვენ ახლა გვეძლევა ისტორიული შანსი, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ რუსთაველის და მისი წინარე ეპოქის მთელი ქართული კულტურისა და ცივილიზაციის ისტორია. აკადემიკოს გიგა ბათიაშვილთან ერთად ორჯერ შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. რის შემდეგ შეიქმნა სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით. იუბილის საკითხთან დაკავშირებით შევხვდი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ფინანსთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ყოველი მათგანი მიდასტურებდა, რომ იუბილე ღირსეულად ჩატარდებოდა. იუბილეს მაღალ დონეზე ჩატარებას ხელს უშლის წინა საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდები. მიმაჩნია, რომ არსებული ტემპი სასურველზე უფრო დაბალია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ამ იუბილეს ფარგლებში რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და კვლავაც განვახორციელებთ, მაგრამ ვაცხადებ ასეთი მაღალი, მსოფლიო მასშტაბის იუბილე ქართულმა სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს.

_ 13. აგვისტოს (15სთ. 30წთ) საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების’’ ეთერში განმეოებით აჩვენეს რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან თქვენი საიუბილეო საღამოს სრული ჩანაწერი, საღამოსი რომელშიც ქართული მწერლობისა და ხელოვნების ბევრი კორიფე მონაწილეობდა. 25 წელი გავიდა, რაც თქვენ მშობლიური რაიონი დატოვეთ, ოზურგეთელ მკითხველსა და მაყურებელს მოენატრა ოზურგეთის თეატრის სცენაზე თქვენთან შეხვედრა.

_ ვერ გეტყვით დანამდვილებით, მოენატრათ თუ არა ჩემს პოეზიასთან შეხვედრა. დრო გავიდა, ამ პერიოდში ახალი თაობა წამოვიდა. მიხარია, რომ ბევრი, მათ შორის ჩემთვის უცნობი, ადამიანი მაჩერებს ჩემი ქალაქის ქუჩაში და თბილად მხვდება. კი, ჰქონდათ სურვილი ჩემს მეგობრებს, როცა 55 წლის გავხდი ოზურგეთის თეატრის სცენაზე შემოქმედებითი ანგარიშით წარვსდგარიყავი ჩემი ხალხის წინაშე, მაგრამ მაშინდელმა გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა ჩემი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე უარი განაცხადა აღნიშნული საღამოს მოწყობაზე. მაპატიეთ, მაგრამ ამ თემაზე მეტი საუბრისაგან თავს შევიკავებ. მახსენდება, დიდი ხნის წინათ ერთ-ერთ რაიონში სახალხო დღესასწაულზე ვიყავით მიწვეულნი გოდერძი ჩოხელი, გურამ დოჩანაშვილი და კიდევ ორიოდე მწერალი. ღონისძიების დამთავრების შემდეგ რაიკომის პირველმა მდივანმა, რომელიც თვალებში მლიქვნელურად შესციცინებდა ცეკადან ჩამოსულ დიდი თანამდებობის ჩინოვნიკებს, თავი დახარა, ჩვენკენ არც გამოუხედავს, მიგვატოვა და მასპინძლობაზე უარი გვითხრა თბილისიდან ჩასულ მწერლებს. დიდი ხანია უკვე ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ. გვაქვს ტელე-სახელმწიფო, ტელე-ჯარი, ტელე-პოლიტიკოსი, ტელე-მწერალი. შეხედავ კაცს, რომელიც მწერალთა კავშირის რიგითი წევრიც ვერ გახდა, რადგან მიმღებმა კომისიამ უარი უთხრა, ტელე-კამერების წინ მოკალათდა და ქართული მწერლობის სახელით საქართველოს აბრუებს. ტიციან ტაბიძე წერდა: ,,ერის სული მწერლობაში ლაპარაკობსო’’. მიმაჩნია, რომ მწერლობა ერის სულის სარკეა. სიტყვა არის ღმერთი და მის წინაშე ღრმა მორწმუნესავით უცოდველი და მართალი უნდა ვიყოთ.

_ ჩვენი მკითხველისათვის საინტერესოა თქვენი აზრი ქართული კულტურის, ეროვნული სულისა და ზოგადად ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.

_ მრავლისმომცველი კითხვაა, საგაზეთო ფორმატის სიმცირე გვზღუდავს, მაგრამ დავიწყებთ იმით, რომ დიდი ინდოელი მოაზროვნე ვივეკანანდა ამბობს: ,,ყოველ ერს ისევე, როგორც ცალკეულ ადამიანს, სიცოცხლის საფუძვლად უდევს ერთადერთი თემა, ცენტრალური ბგერა, რომლის გარშემო ჰარმონიის ყველა დანარჩენი ბგერა იკრიბება, თუკი ერი მას უკუაგდებს, იგი უკუაგდებს საკუთარი ცხოველმყოფობის პრინციპს’’. ასეთი ცენტრალური ბგერა, ერის საყრდენი საფუძველი საქართველოსათვის არის ქართული კულტურა. დამაკნინებელი და უაღრესად დამამცირებელია ქართველი ერისათვის ის, რომ მსოფლიო კულტურის ისტორიაში ასეთი წვლილის შემტან ერს დღეს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს. არ შეიძლება სახელმწიფოს, თუ ის მართლა სახელმწიფოა, თავი მუდმივად ასე დახრილი ჰქონდეს და დაუნის სინდრომის როლში იყოს.

სოციოლოგიის ფილოსოფოსი თომას ჰობსი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში, ,,ლევიათანში’’ წერს, რომ ,,სახელმწიფო ეს არის მანქანა“. თუ ამ მეტაფორას გავიაზრებთ, გამოდის რომ, თუ მანქანისათვის მთავარი ნაწილი რომ დაიძრას არის ძრავი. სახელმწიფოსათვის ასეთი ძრავი არის პოლიტიკოსები და ინტელიგენცია. ჩვენ ბოლო 25-30 წელია გყვყავს ტელე და ბეჭდური მედიით შექმნილი ფსევდო პოლიტიკოსები და ფსევდო ინტელიგენცია. როგორც პლასტმასის ძრავით არ დაიძვრება მანქანა, ასევე ფსევდო პოლიტიკოსები და ფსევდო ინტელიგენცია სახელმწიფოს წინ ვერ დაძრავს, ამიტომაც გვაქვს სტაგნაცია.

საქართველოსთვის _ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის მისაბაძ, იდეალურ ნიმუშად იაპონია უნდა მივიჩნიოთ, სადაც თავიანთ ტრადიციულ სარწმუნოებაზე, სინტოიზმზე დაყრდნობით შეინარჩუნეს ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის ღრმად ორიგინალური თვითმყოფადობა. მათ შესაშურად დაიცვეს თავი ევროპეიზაციისა და ამერიკანიზაციის ბრმა გავლენისაგან _ ამასთან, თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზაციისა და ტექნიკის უმაღლეს საფეხურს დაეუფლნენ. ჩვენთან კი პირიქით, საკუთარ კულტურაზე უარს ვამბობთ მიმბაძველებად (სატელევიზიო პროექტი ,,ხ ფაქტორი და მრავალი სხვა) ვიქეცით და ამასთან სავალალოდ ჩამოვრჩით თანამედროვე მსოფლიო ინდუსტრიის განვითარების რიტმს, ფეოდალური ხანის ურმით მივჩანჩალებთ. ჩვენი ზნეობის, სულიერი ფასეულობების მთავარი საყრდენი, მაგისტრალური ხაზი უნდა გახდეს მართმადიდებლობა. ნებისმიერ სახელმწიფოს სამი აუცილებელი ნიშანი უნდა ჰქონდეს:

1. ტერიტორიული მთლიანობა. 2. ქვეყნის ერთიანი სტრატეგიული ხაზი. 3.თავისუფლება. ჩვენთან არცერთი ეს პირობა დაკმაყოფილებული არ არის. 1. ტერიტორია დანაკუწებულია. 2. ქვეყანას არ გააჩნია ერთიანი სტრატეგიული მიმართულება და მესამე _ უცხოეთის სპეცსამსახურების(კგბ, ცეერუ და სხვა) მიერ ხდება ქართული პოლიტიკის მართვის სადავეებზე ზეგავლენა.

სხვადასხვა აზრზე დგომა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ერს ერთიანი სტრატეგიული ორიენტირი არ გააჩნდეს. ჩვენთან ყველა თავისი ვიწრო პარტიკულარული ინტერესებით საზრდოობს და თავისი ერდოდან ყეფს, მეც მიმიჩინეთ ჩემი ღირსეული, საკადრისი ადგილი, თორემ სამშობლოს ვისაც გინდათ, იმ გადამთიელს მივუგდებ საჯიჯგნადო.

ქართველისათვის უმთავრესი აკვიატებული მიზანი ქართველის ძლევა. მისი დათრგუნვაა და მასზე გამარჯვებით მიღებული ტკბობაა. სანამ ჩვენში დაბუდებული ეს ნაკლი არ დაიძლევა, ჩვენი საშველი არ იქნება. ჩვენი ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით და რომელიმეს გამოყოფა ჭირს. რაც ქართველს ქართველის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალა და ენერგია დაუხარჯავს, ათ კრწანისს ეყოფოდა მოსაგებად. ჭირში ქართველი თავდაუზოგავია, მოყვასს განსაცდელსა და უბედურებაში თანაუგრძნობს, მაგრამ მასზე წინ ფეხწადგმულს, გალაღებულსა და ბედნიერ თანამოძმეს ვერ იტანს _ და მისკენ სამტროდ მიუწევს გული. ყველა ქვეყნის ისტორიაში მოიძიებთ გმირობისა და ღალატის მაგალითებს, მაგრამ საქართველო ამ მხრივაც გამონაკლისია. როცა ქეთევან დედოფალი შაჰის კარზე გმირულად ეწამებოდა რჯულისა და სამშობლოსათვის, ციციშვილი ერთ უნაგირში საკუთარ დედას სცვლიდა. იქნებ ჩვენი ხასიათის უკიდურესობის მიზეზი _ ჩვენივე გეოგრაფიული ლანდშაფტის სხვადასხვაობაში ძევს. გურული _ კრიმანჭულივით მიხვეულ-მოხვეული ბილიკების ზემოთ მთიდან დაშვებულ მდინარესავით ჩქარი და ფეთქებადი ხასიათისაა. კახელი _ თავისი სწორი თვალუწვდენელი ველებივით და ალაზანივით დინჯი და აუჩქარებელია. ეს პარადოქსული ნიშნით დაღდასმული ეკლექტურობა განსაზღვრავს სწორედ ქართულ ხასიათსა და ერთიან საარსებო სივრცეს. რუსი, გერმანელი ან იტალიელი თუ შეგვიძლია ერთი გამორჩეული ნიშნით დავახასიათოთ, ქართველისათვის ასეთი საზომი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს უნიტარული სახელმწიფო _ რათა შენარჩუნებულ იქნას ქართული სული. ჩვენ, ვისაც მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების წყვეტა გვაქვს, ფედერალიზმის პირობებში ერთიან სახელმწიფოს ვერ ჩამოვაყალიბებთ. ქართული სული ვახსენეთ და აქ არ შეიძლება არ გავიხსენო ეპიზოდი ჩვენი უახლოესი ისტორიიდან. ცნობილია, რომ მწვერვალ უშბას აქვს ერთი დაუძლეველი მონაკვეთი, რომელსაც ,,უშბის სარკეს’’ ეძახიან. ვერავინ ვერ შესძლო მისი დაპყრობა. მიხეილ ხერგიანმა თანასოფლელთაგან, ცნობილი ალპინისტებისაგან, შეარჩია გუნდი. როდესაც ,,უშბის სარკეს’’ მიაღწია, ხედავს რომ ნეკით ქიმს ჩაჭიდებულს აღარ შეუძლია მეტი გაძლოს, და მეგობრებს გასძახა: _ ჩასჭერით თოკიო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თითონ დაიღუპებოდა და სხვები გადარჩებოდნენ. მეგობრებმა უარით უპასუხეს. მეორედაც შესძახა ჩაჭერით თოკიო, ისევ უარი. მესამედაც რომ შესძახა, ის იყო წამიც და ხრამში უნდა გადაშვებულიყვნენ, რომ მისმა თანაგუნდელებმა სიმღერა ,,ლილე’’ დაიწყეს, მიხეილ ხერგიანი იღებს არამიწიერ ზე ძალას, ენერგიას, აკეთებს ნახტომს და ადის მწვერვალზე. ამ ნახტომს ,,ვეფხვის ნახტომი’’ შეარქვეს, საქართველომაც უნდა ასეთივე ვეფხვის ნახტომი გააკეთოს.

სახელმწიფოდ რომ ჩამოვყალიბდეთ, საჭიროა, ხელისუფლების ნება, პროფესიონალიზმი და მთელი ერის უდიდესი თავგანწირული ძალისხმევა. საქართველომ უნდა შესძლოს ნახტომი დროში.

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.