წინასაარჩევნო მარათონი და ოზურგეთელთა არჩევანი

დამატებულია: 2016-09-20
picture1

ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქში,საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის 9 კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს: ოპოზიცია“. ზაზა მამულაშვილი-„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“, ავთანდილ ჩხაიძე- „საარჩევნო ბლოკი-ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა“, დავით მჟავანაძე- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, შოთა გოგიბერიძე-„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ნინო გოგუაძე-„რესპუბლიკური პარტია“, დავით მამალაძე-„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, თემურ სალუქვაძე-„თავისუფალი დემოკრატები“,არჩილ თალაკვაძე-„ქართული ოცნება“, გოჩა ძიმისტარიშვილი-„საინიციატივო ჯგუფი“.დეპუტათა ხედვები რიგ შემთხვევებში ერთმანეთს ემთხვევა,მაჟორიტარი კანდიდატებისთვის პრიორიტეული აღმოჩნდა: სოციალური პრობლემები, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა. თუმცა საუბრობენ განსხვავებულ მიდგომებზეც.

„მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება, მოძიებული გვაქვს დარგები, რომლებიც ისტორიულადაც არსებობდა გურიაში. ჩვენ შეგვიძლია, მრავალფეროვნად განვავითაროთ ტურიზმი ზღვისა და მთის ფონზე.

ყველას ჰქონდა შანსი გაეუმჯობესებინა ხალხის მდგომარეობა, დაწყებული „ნაციონალური მოძრაობიდან“, დამთავრებული „ქართული ოცნებით“. წინა ხელისუფლებას ედავებოდნენ წართმეული ქონებების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ კი, ვერ შეასრულა დაპირება დაებრუნებინათ ეს ქონება. 20-30 წელი არავინ დაელოდება ამ პრობლემის მოგვარებას. ამისთვის საჭიროა ახალი ძალა.“- აცხადებს ზაზა მამულაშვილი.

„ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატის, ავთანდილ ჩხაიძის თქმით, არა მარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს განვითარებას ხელს შეუწყობს მათი პარტიის საარჩევნო პროგრამა: „ პრიორიტეტულია, საქართველო სამხედრო ბლოკის გარეშე. საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის, დასავლეთის ქვეყნების, ნატოს ჯარების გაყვანა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კეთილმეზობლური ურთიერთობა დავამყაროთ და აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან. ეს ხელს შეუწყობს ბაზრების გახსნას და პროდუქციის ექსპორტს, ასევე დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და საფუძველს ჩაუყრის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“დავით მჟავანაძე, მიუხედავად პირადი კონტაქტისა და მრავალგზის შეხსენებისა, ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა. „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატ ნინო გოგუაძეს, მიაჩნია, რომ პარტიის პრიორიტეტი თვითმმართველობის რეფორმის დასრულებაა: „ჩვენი დიდი წვლილია რეალური თვითმმართველობის მიღებაში, მაგრამ პროცესი დასასრულებელია. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ რეალურ ბიუჯეტზე. ეს არის ძლიერი სახელმწიფოს გარანტი. ჩენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური კურსი, იმ ეტაპზე, როცა გვიტევს რუსული რბილი ძალა, აუცილებელია, არჩევანი გავაკეთოთ დასავლური გზის არჩევაზე. რამდენ პროცენტს მოვიპოვებთ ვერ გეტყვით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველი ამომრჩეველი ნამდვილად მიუჩენს „რესპუბლიკურ პარტიას“ იმ ადგილს, რაც მას ეკუთვნის, რადგან ჩვენს პარტიას 38- წლიანი გამოცდილება გააჩნია.“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი,შოთა გოგიბერიძე პრიორიტეტულ პროექტებზე საუბრობს, რომელიც რეგიონის განვითარებასაც შეუწყობს ხელს: „ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პროექტი, მცირე, მიკრო და საშუალო ბიზნესის დაფინანსება სახელმწიფო ფონდიდან, რომელიც მოიცავს 3-4%-ს ძირითადი ბიუჯეტიდან, ამ ფონდით წელიწადში მინიმუმ რვა ათასი ბიზნესი დაფინანსდება. ეს შექმნის საშუალო ფენას. ჩვენ აქტიურად უნდა წარვადგინოთ ჩვენი რეგიონის პროექტები, მაქსიმალურად გავუწიოთ მათ ლობირება. გარდა ამისა, ჩვენთვის პრიორიტეტულია, უსახლკაროთა დახმარება. უნდა შეიქმნას სახემწიფო საბინაო ფონდი. ასევე ვგეგმავთ, საპენსიო ასაკის შემცირებას- მამაკაცებისთვის-60,ხოლო ქალბატონებისთვის -55 წლამდე სამუშაოს უფლების შენარჩუნებით. ასევე მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის დარგების დივერსიფიცირება, შესაბამისი სახელმწიფო კორპორაციების შექმნა. პარტიის მხარდაჭერა საზოგადოების გადასაწყვეტია, ამომრჩევლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატის გავლილ ცხოვრებას, დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ, ერუდირებას და პროფესიონალიმზს.“ კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიიდან“,დავით მამალაძე მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტზე ფასების დარეგულირება და ტურიზმის განვითარება ქვეყანის წინსვლის გარანტია: „პირველ რიგში, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს სოფლის მეურნეობის ისეთი სტრატეგიული დარგების განვითარება, როგორიცაა მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მეთხილეობა. აღნიშნული დარგების პროდუქციაზე გლეხს ეცოდინება ზუსტი ფასი. ასევე, ყველა სოფელში უნდა შეიქმნას ამ პროდუქციის მიმღები პუნქტები. უნდა განვითარდეს ტურიზმი, როგორც სამთო, ასევე საზღვაო. მე წარმოვადგენ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა ქართველი ხალხისათვის. „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ხალხს უფასო განათლების და სამედიცინო დახმარების საშუალება მისცა.“ „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის თემურ სალუქვაძის დაპირება ინტელექტუალურ პოტენციალს ეხება:„ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული ღირებულება, ეს არის ადამიანი. პროგრამა მორგებული უნდა იყოს თითოეული პიროვნების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.თუ კონკრეტულად გურიაზე ვისაუბრებთ, გურია გამორჩეულია მრავალფეროვანი, განსხვავებული ზნე-ჩვეულებებით, რომელიც აერთიანებს საქართველოს. გურიაში დევს საზოგადოების მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.

მეორე პრიორიტეტი ბუნებრივი სიმდიდრეა. გურიში საკმაოდ ბევრი ბუნებრივი რესურსია, რომელსაც შეუძლია შექმნას რეგიონის ეკონომიკა. წყალი, რომელიც დიდი რაოდენობით მოიპოვება, ტორფი – ენერგეტიკული საფუძველი, ტყის რესურსი. ეს ყველაფერი სწორად უნდა იყოს შეფასებული.“ გურია სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სექტორია, რომელიც უნდა განვითარდეს, „ქართული ოცნება“ არასწორად მიუდგა ამ საკითხს. სოფლის მეურნეობის განვითარება იქცა სოციალურ დახმარებად. ადამიანისთვის საჩუქრად მიცემული თანხა არ შექმნის დოვლათს. მე, როგორც სოფლის მეურნეობის სპეციალისტს, მაქვს როგორც სამეცნიერო, ასევე საწარმოო გამოცდილება, ამიტომ ჩვენ უნდა შევუქმნათ ადამიანს პირობა, რომ საკუთარი შრომით შექმნას ეს დოვლათი, რომელიც არამარტო საკუთარი ოჯახის წინსვლას, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ „ქართული ოცნების“ კანდიდატიარჩილ თალაკვაძე თვლის, რომ „ქვეყნის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, ოზურგეთში სამეწარმეო პროექტების ხელშეწყობა, კოოპერაციული მეწარმეობის მხარდაჭერა, ე.წ. “სტარტაპების” დაფინანსება, ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო რეფორმები, ტურისტული პროექტების ხელშეწყობა და დაფინანსება, ერთიანი ბიზნეს სივრცის შექმნა, საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა, მიწის რეფორმა და სხვა ინიციატივები; ასევე, სოციალური განვითარება, საპენსიო რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაძლიერება, სპორტის და ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება, განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირება და სხვა დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა: სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომი განვითარება, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა, გამოხატვის და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.“ ოზურგეთის საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფიდან კენჭს იყრის, გოჩა ძიმისტარიშვილი, რომლის ძირითადი დაპირება კეთილსინდისიერებასა და მუნიციპალიტეტისთვის განხორციელებულ პროექტებზეა ორიენტირებული: „უპირველეს ყოვლისა, გპირდებით კეთილსინდისიერად და პატიოსნად ვიმუშავებ ქვეყნისა და ოზურგეთელების სასიკეთოდ. ხელს შევუწყობ სასიცოცხლო პროექტების განვითარებას. პრიორიტეტული საკითხია, სოფელ მერიის და გურიანთის მხარეში წყლის პრობლემის მოგვარება. იქ არსებობს შემკრები ავზი, მხოლოდ გამოსაცვლელია მილები. დაახლოებით 1000-1500 ადამიანს შეგვიძლია აღვუდგინოთ წყლის მიწოდება. მინდა, ოზურგეთში გაიხსნას სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ გაიარონ უფასო გამოკვლევა.ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს მიეცეთ მინი კრედიტის გაცემის უფლება.“ რამდენად რეალურია დეპუტათა დაპირებები დაშეესაბამება თუ არა ისინი მათ შესაძლებლობებს, ამ საკითხებზე საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელს თამაზ ტრაპაიძე შემდეგ კომენტრას აკეთებს: „ჩემი აზრით, მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. სასურველია, იყოს მხოლოდ პროპორციული სიით არჩეული პარლამენტის წევრები. აქედან გამომდინარე, გაცილებით მარტივი იქნება საარჩევნო პროცესები, რაც მთავარია ეს პოლიტიკური პარტიების განვითარებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არსებობას პარლამენტში, ვერც ერთი დეპუტატი ვერ განახორციელებს დაპირებას, თუ კი მასთან ერთად მისი პოლიტიკური პარტიაც არ მოვიდა პარლამენტის უმრავლესობაში. როდესაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დებს პირობას, შესაძლოა, მისი შესრულება არა მარტო დეპუტატის, არამედ პარლამენტის ფუნქციაც არ იყოს. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც თითქმის ყველა ჩამოთვლილი კანდიდატი საუბრობს, რეალურად მთავრობის გასაკეთებელია. მთავრობას შესაბამის კანონმდებლობას პარლამენტი აწვდის და უქმნის ნორმატიულ ბაზას, რომლის შესაბამისად, უნდა გაკეთდეს ეს პროექტები. პარლამენტარი მონაწილეობს ამა თუ იმ კანონის მიღებაში, თუმცა ამას სჭირდება უმრავლესობა. ამიტომ უნდა მოხვდეს კანდიდატი თავის პარტიასთან ერთად პარლამენტში უმრავლესობით, სხვა შემთხვევაში მისი დაპირებები აზრს დაკარგავს.“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე

ავტორი: გიორგი ასათიანი ;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.