ხარვეზები საარჩევნო სიებში

დამატებულია: 2016-09-22
picture1

ახალი წესის თანახმად, სოფელ გაღმა დვაბზუს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხმას სოფელ დვაბზუს # 26-ე საარჩევნო უბანზე აძლევს. ამავე სოფლის ნაწილს კი, გაღმა დვაბზუს # 25-ე საარჩევნო უბანზე უხდებათ ჩასვლა.

#26 გაღმა დვაბზუს საარჩევნო უბანში 870 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გასულ საპარლამენტო არჩევნების დროს კი, გაცილებით მეტი – 900-მდე ამომრჩეველი იყო.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე თეონა თენიეშვილმა დაადასტურა, რომ გაღმა დვაბზუს მოსახლეობის ნაწილი სოფელ დვაბზუში აძლევს ხმას არჩევნებზე: “ასე იყო წინა რამდენიმე არჩევნებზეც.

სავარაუდოდ, 100-120 ამომრჩევლის მონაცვლეობააა ორივე მხრიდან. ამით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ბალანსი არ ირღვევა, მაგრამ ამომრჩეველი ღიზიანდება მეტ-ნაკლებად. ასეთი მონაცვლეობის მიზეზს ვერ გეტყვით, არ შედის ჩემს კომპეტენციაში. ისე, საოლქოს დონეზე დაყენებული გვაქვს ეს საკითხი~, – განმარტა თეონა თენეიშვილმა.

ამომრჩეველი გოგი იმნაძე ამ საარჩევნო უბნის მოპირდაპირედ ცხოვრობს. მას და მისი ოჯახის წევრებს კი ხმის მისაცემად, როგორც თვითონ ამბობს, ყოველ არჩევნებზე 3-4 კილომეტრში, მეზობელ სოფელში უხდებათ წასვლა:

“არ ვარ ჯერ იმ ასაკის, რომ სიარული მიჭირდეს, ტრანსპორტიც მყავს, მაგრამ ეს როგორია, იცით? მარჯვენა ყური რომ მოიფხანო თავზე მარცხენა ხელის გადატარებით. საარჩევნო უბანი, ასე ჰქვია, სახლში მაქვს და რა მინდა იქეთა დვაბზუში?! ასეთივე მდგომარეობაშია ჩემი რამდენიმე მეზობელი, შეგახვედრებთ თუ გინდათ. კი, ბატონო, დავწერთ განცხადებებს, მაგრამ მოგვაქცევენ ვითომ ყურადღებას? რომც მოგვაქციონ, მოასწრებენ ცვლილებების შეტანას?” – აცხადებს გოგი იმნაძე.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ანალოგიური მდგომარეობაა #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის რამდენიმე საარჩევნო უბანშიც.

ოზურგეთში, სერის დასახლებაში მდებარე #08 საარჩევნო უბანი ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელ ქალაქში (1406 ამომრჩეველი). ეს სწორედ ის საარჩევნო უბანია, სადაც გადაწყდა ბოლო რამდენიმე არჩევნების ბედი ოზურგეთში. როგორც საარჩევნო უბნის კომისიის მდივანმა და წევრებმა თეა გოგოტიშვილმა, ნატო ჩავლეიშვილმა, თამარ ეზიეშვილმა და დავით გულბიანმა გვითხრეს, ახალი საარჩევნო სია ძველისაგან, უპირველესად, იმით განსხვავდება, რომ მასში არ არის გარდაცვლილთა სახელ-გვარები. თუმცა, ამ უბანში ხმას აძლევს მომიჯნავე, ექადიის უბნის ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილიც. თავდაპირველად 10-15 ოჯახი დაგვისახელეს, მაგრამ, როცა სიას ერთობლივად გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ სერის უბანში 80-ზე მეტი ექადიის უბანში მცხოვრები ამომრჩეველია მიწერილი.

#10 ექადიის დასახლების 746 ამომრჩევლიან საარჩევნო უბანში კი 40-ზე მეტი სერელის (ყოფილი აბაშიძის და ქობულაძის ქუჩების მცხოვრებლები) გვარ-სახელებია დაფიქსირებული.

უბნიდან უბანში მონაცვლეობის გამო, უკმაყოფილოა ექადიელი ნარგიზი გაზაშვილი: “წინა არჩევნებზე #10 საარჩევნო უბანში ვიყავი, ახლა #8-ში აღმოვჩნდი. გაკვირვებულზე მეტად განაწყენებული ვარ, რატომ უნდა წავიდე ორ-სამ კილომეტრში ხმის მისაცემად, როცა საარჩევნო უბანი ჩემგან 50 მეტრშია?!” – აცხადებს გაზაშვილი.

საარჩევნო უბნების საზღვრების გაყოფისას, საინტერესოა როგორ აღმოჩნდნენ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები სხვადასხვა უბანზე. ასე მაგალითად: კარლო გობრონიძე და მისი ვაჟი იური, სერის საარჩევნო უბანში არიან რეგისტრირებული, ხოლო კარლოს მეუღლე და იურის დედა, ნანა ნიკოლაიშვილი – ექადიაზე, #10 საარჩევნო უბანში. თემურ გოგუაძე #10 საარჩევნო უბნის ამომრჩეველია, ხოლო მისი მეუღლე, მაყვალა გოგუაძე #8 საარჩევნო უბანშია რეგისტრირებული.

კარსანიძეების მრავალშვილიანი ოჯახიდან თამაზ, მზია, ლია და ნინო სერის უბნის ამომრჩევლებია, მალხაზი, ოლღა და ეკატერინე კი _ ექადიის უბნისა; ანასეულის საარჩევნო უბანშიც აღმოჩნდა საარჩევნოდ დანაწევრებული ოჯახი.

ოჯახის უფროსი კუკური სალუქვაძე ექადიის საარჩევნო უბანში გააკეთებს არჩევანს, ხოლო ოჯახის სხვა წევრები ანასეულში, ყოფილი ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანს მიაკითხავენ ამ მიზნით.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილმა განმარტა, რომ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებისას ქუჩების დაყოფას ნამდვილად ჰქონდა ადგილი: “ყველა საარჩევნო უბნიდან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ მოქალაქეთა განცხადებებს, რომელიც დაუყონებლივ მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შედეგადაც აღნიშნული ორგანოები აკეთებენ შესაბამის რეაგირებას.

2006 წლიდან ვხელმძღვანელობ ოლქს და მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებისას, ქუჩების დაყოფას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მე თვითონ ვიყავი რამდენიმე უბანზე, თუნდაც სერზე და ეს ყველაფერი საზღვრებში ჯდება. რაც შეეხება თქვენს მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებს, სანამ კონკრეტული პიროვნებების პირადობის მოწმობების მიხედვით არ შევამოწმებ, ვერაფერს გეტყვით. თუ რამე ხარვეზები იქნება, აუცილებლად გამოვასწორებთ. მთავარია, მოქალაქეებმა დროულად მოგვაწოდონ განცხადებები“- დასძინა მან.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე მიიჩნევს, რომ ცესკო-ს მიერ 2016 წლის 10 აგვისტოს მიღებული #55 დადგენილების ამოქმედება გარკვეულწილად აღმოფხვრის ჩვენ მიერ დანახულ პრობლემებს, თუმცა, შესაძლებელია იგი ხელშემწყობი ფაქტორიც აღმოჩნდეს ე.წ. “კარუსელებისთვის”: “2016 წლის 10 აგვისტოს ცესკო-მ მიიღო დადგენილება #55, რომლის შესაბამისად, პირებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შეეძლებათ, ხმა მისცენ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე საარჩევნო უბნებში. ეს იმ საკითხებს, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ, გარკვეულწილად გადაჭრისკენ წაიყვანს, მაგრამ პრინციპში რჩება პრობლემები, რასაც შესაძლებელია, მოჰყვეს “კარუსელებისა” და გაყალბების სხვადასხვა მექანიზმის ამოქმედება”, – აღნიშნავს თამაზ ტრაპაიძე.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.