რომელი ადგილობრივი ორგანიზაციები დააკვირდებიან საპარლამენტო არჩევნებს ოზურგეთის საარჩევნო ოლქში

დამატებულია: 2016-09-26
picture1

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გურიის სამივე საარჩევნო ოლქში დააკვირდებიან:

“მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ოზურგეთის #59/60 და ლანჩხუთი–ჩოხატაურის #61 ოლქებში საია 30 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.

წლების განმავლობაში, საია აკვირდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ატარებს წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგსაც. გამონაკლისი არც წინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო. საიას ოზურგეთის ოფისის მიერ ამ წელსაც დაფიქსირდა წინასაარჩევნო დარღვევები, რომლებზე საჩივარიც წარდგენილი იყო შესაბამის ორგანოებში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საიას ოზურგეთის ოფისის მიერ ჯერჯერობით, წარდგენილია 3 საჩივარი, ორი მათგანი დაკმაყოფილდა, მესამე კი განხილვის სტადიაშია.

საჩივრის დაწერა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, ჩვენთვის მთავარია, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არ მოხდეს კანონის უხეში დარღვევა”.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საარჩევნო პროცესებზე მონიტორინგს ახორციელებს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. აპარატის 8 რეგიონულ ოფისში მუშაობს რეაგირების 26 ჯგუფი, დანიშნულია 8 სასამართლო მონიტორი და ამდენივე რეგიონული კოორდინატორი.

სასამართლო მონიტორები შეისწავლიან საჩივრის განხილვის პროცესს საოლქო საარჩევნო კომისიებში და სარჩელების განხილვის პროცესს _ სასამართლოებში. არჩევნების დასრულების შემდეგ, მომზადდება სპეციალური ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

სახალხო დამცველის გურიის რეგიონული ოფისი, მონიტორინგს ახორციელებს ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემში, ასევე ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. პროექტის კოორდინატორია გურიის ოფისის მთავარი სპეციალისტი, ანა გახოკიძე. სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერია 14-81. გურიის რეგიონული ოფისის მისამართი: ქალაქი ოზურგეთი, აღმაშენებლის #9, საკონტაქტო ტელეფონები: 591 44 91 97; 0496 27 30 53.

`სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება~ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 აგვისტოს არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან შეუდგა. Mმონიტორინგი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარებისა და ფონდ `ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის~ მხარდაჭერით. ორგანიზაციამ უკვე მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დამკვირვებლების მიერ გამოვლენილია პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის, ფიზიკური დაპირისპირებების, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, წინასაარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის, სიძურვილის ენის გამოყენების, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილების, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის და სხვა ფაქტები.

`სამართლიანი არჩევნების~ დამკვირვებლები 8 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 439 შეხვედრას დააკვირდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდოდ, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, გამოვლენილია ოპოზიციური პარტიების ოფისებისა და სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტებიც…

როგორც “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მადონა ბერიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათი დაკვირვების ობიექტია ამ რეგიონში შემავალი ყველა საარჩევნო უბანი:

“ჯერჯერობით ვერ გეტყვით, დამკვირვებელთა საერთო რაოდენობას, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დამკვირვებელი ყველა ოლქში გვეყოლება, ასევე გვეყოლება მობილური ჯგუფი, რომელიც გადაადგილდება საარჩევნო ოლქებში, იმუშავებს იურიდიული ჯგუფიც, რომელიც გასწევს შესაბამის კონსულტაციებს საარჩევნო თემაზე”. ოზურგეთში და მთლიანად გურიაში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო”, რომელიც ახორციელებს “საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” მიერ დაფინანსებულ პროექტს “ჩვენი ხმა გადამწყვეტია”.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნათია გიგიაძემ თქვა, მათი მიზანია, საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით, პროექტის სამიზნე თემებში სამოქალაქო ცნობიერების და ინფორმირების დონის ამაღლება არჩევნებისა და ქვეყნის საპარლამენტო ინსტიტუტის შესახებ.

ნათია გიგიაძის თქმით, უკვე მუშაობს ჩამოყალიბებული და შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ახალგაზრდა “ლიდერთა ჯგუფი”: “ჩამოყალიბებულია და შესაბამისი უნარ–ჩვევებით აღჭურვილია ახალგაზრდა “ლიდერთა ჯგუფი”, რომელიც უკვე ატარებს “მრგვალ მაგიდებს” მოსახლეობასთან (აქცენტი აღებულია 18-25 წლის ახალგაზრდებზე). შეხვედრებზე ფასილიტატორები ხაზს უსვამენ არჩევნების გზით, ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობას, არჩევნების როლს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში, სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესს, მათ ფუნქციებს.

გურიის მხარის სამიზნე სოფლებში გაიმართება 60 “მრგვალი მაგიდა”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 1200 ახალგაზრდა ამომრჩეველი _ პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები. არაპირდაპირი ბენეფიციარებია ამ ახალგაზრდების გარემოცვა, მათი მშობლები, მეგობრები.

პროექტის მონაწილეები შეიძენენ შესაბამის ცოდნას, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, წინასაარჩევნო, ან უშუალოდ არჩევნების დღეს, მოახდინონ შესაძლო დარღვევების პრევენცია, მათზე რეაგირება. გარდა ამისა, ყველანაირად მომზადებული იქნებიან, რომ თვითონ არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები”. ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, ისევე, როგორც სხვა ოლქებში, სადამკვირვებლო მისიებს განახორციელებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი და ამ მიზნით ცესკო-ში რეგისტრირებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.