მოხვდნენ თუ არა ოლქის მიერ დანიშნულ წევრთა სიაში სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები

დამატებულია: 2016-09-26
picture1

8 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას შეუდგნენ. როგორც საარჩევნო კანონმდებლობით არის განსაზღვრული, კომისიებში ექვსი წევრი საარჩევნო ოლქიდან არის არჩეული, ხოლო დანარჩენი შვიდი, კვალიფიციურ პარტიებს წარმოადგენს. ოზურგეთის #59/60 საარჩევნო ოლქის 49 უბანში არჩეული იქნა კომისიის 294 წევრი. გასულ არჩევნებთან შედარებით, საარჩევნო უბნებისა და უბნებში კომისიის წევრთა რაოდენობის კლება, ფოთის და ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქებზე ოზურგეთიდან 10 უბნის გადაცემითაა განპირობებული.

ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, ხელისუფლება ცდილობს ოლქის მიერ არჩეულ წევრებად პარტიის აქტივისტების ჩართვას საუბნო კომისიებში. 06 და 08 საარჩევნო უბნებზე კომისიებში წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა, 2012 წლის საპარლამენტო და მომდევნო წლების არჩევნების პერიოდში იგივე რჩება. არის შემთხვევები, როცა ერთიდაიგივე პიროვნება ოლქის მიერ იყო არჩეული, მომდევნო, ან წინა არჩევნებზე კი, სხვადასხვა პარტიის მიერ დანიშნულ წევრს წარმოადგენდა.

ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, N 59/60 საარჩევნო ოლქის # 06 უბანზე კომისის თავმჯდომარე თამარ კიღურაძეა. იგი 2012 წელს სახელისუფლებო პარტიას – („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) წარმოადგენდა, ხოლო მომდევნო 2013-14-16 წლებში – კოალიცია „ქართული ოცნებას“ .

რაც შეეხება # 08 უბანს, 2012 წლის არჩევნებში კომისიის თავმჯდომარე თემურ ზღულაძე იყო, რომელიც მომდევნო არჩევნებში მარინა ნაკაიძემ ჩაანაცვლა.

ზემოთ აღნიშნული ორი უბნის მონაცემებით, მიმდინარე წლის არჩევნებში, ოლქის მიერ არჩეულ წევრთა პოლიტიკური აქტივობების სურათი ასე იკითხება:

#08 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი ნატო ჩავლეშვილი 2012 და 2016 წლის არჩევნებში ოლქიდან არჩეული წევრია, ხოლო 2014 წელს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა; მანანა გობრონიძე 2014 წლის არჩევნებში საუბნო კომისიაში პარტია „მრეწველები გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელი იყო, 2016 წელს იგი ოლქიდან დანიშნული წევრია; თეა გოგოტიშვილი და თამარ ეზიეშვილი 2012 წელს კომისიაში „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობიდან“ იყვნენ დანიშნული, 2014-2016 წლებში ოლქიდან არჩეული წევრები არიან; ლელა როყვა 2014 წელს ოლქის მიერ დანიშნული კომისიის წევრი იყო, 2016 წლისთვის პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დაინიშნა; გოჩა ჯაში 2012 წელს „კონსერვატიულ პარტიას“ წარმოადგენდა, 2014 წელს კი – „თავისუფალ დემოკრატებს“.

„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ სალუქვაძე თვლის, რომ ოლქის მიერ დანიშნულ წევრებს სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები წარმოადგენენ. „ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო პარტია შეეცდებოდა თავიანთი მხარდამჭერებით დაეკომპლექტებინა საოლქო კომისიის წევრები. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა და დანიშვნები ზუსტად ისე განხორციელდა. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ვაცნობეთ. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, პროცედურა ერთი მიმართულებით განხორციელდა. რეალურად, საოლქო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამისათვის 2012 წელს არ გვიბრძოლია,“- აცხადებს თემურ სალუქვაძე.

ოზურგეთის N 59/60 ოლქის თავმჯდომარე, ზვიად თენიეშვილი აცხადებს, რომ კომისიის წევრებად ძირითადად ის ადამიანები აირჩიეს, რომელთაც საარჩევნო გამოცდილება ჰქონდათ. „საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს წევრს კონკურსის წესით. მე შემიძლია გითხრათ სტატისტიკა: ჩვენ სულ ავირჩიეთ 294 კაცი, აქედან 250 კაცს ქონდა საარჩევნო გამოცდილება, რომლებიც წინა წლებში მუშაობდნენ კომისიებში. ეს ადამიანები სხვადასხვა სახელისუფლებო პარტიის დროს ოლქის მიერ იყვნენ არჩეული კომისიის წევრებად“, – განმარტავს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.

„საიას“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იურისტი თამაზ ტრაპაიძე საუბრობს ოპოზიციური პარტიის მიერ მიწოდებული სიისა და ოლქის მიერ არჩეული რამდენიმე წევრის თანხვედრაზე. „სანამ გაიმართებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, უბნებში კომისიის წევრთა არჩევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული საუბნო კომისიებში ოლქის მიერ დასანიშნ წევრთა ვინაობა. ჩვენ ვთხოვეთ ამ პარტიას, წარმოედგინა, მათ ხელთ არსებული იმ პირთა სია, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებად მოიაზრებოდნენ. მათ მოგვაწოდეს ეს სია. 49 უბანზე იქნა არჩეული კომისიის წევრები. კანონის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს ექვს წევრს. 48 საარჩევნო უბნიდან ათ უბანში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა მხოლოდ 6 კანდიდატი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უბნებზე კონკურენციის არარსებობის გამო, დარეგისტრირებული კანდიდატები ავტომატურად იქნებოდნენ არჩეული საოლქო კომისიის მიერ. დანარჩენ უბნებზე არ დაემთხვა არჩეულ წევრთა ვინაობა პარტიის მიერ მოწოდებულ მონაცემებს. ამ შემთხვევაში, რთულია, იმის მტკიცება, რომ ეს კანდიდატები წინასწარ იყვნენ შერჩეული, თუმცა ამის ეჭვი არსებობს“,

– აცხადებს იურისტი.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

ავტორი: გიორგი ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.