ასეთ ევაკუაციას ყველა თეატრი ინატრებდა

დამატებულია: 2016-09-30
picture1

პრესკონფერენცია

149-ე თეატრალური სეზონის დაწყების დღეს, 28 სექტემბერს ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ პრეკონფერენცია გამართა.

ბატონმა ვასომ აღნიშნა, რომ ახალი თეატრალური სეზონის წინ, თეატრის შენობის რესტავრაციასთან დაკავშირებით, ევაკუაციურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ასეთ ევაკუაციას ყველა თეატრი ინატრებდა. როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ფონდ `ქართუს~ დაფინანსებით, აქ უკვე დაიწყო რესტავრაციისწინა სამუშაოები. აქვე გაირკვა, რომ ბატონ ბიძინას ეს გადაწყვეტილება ოზურგეთის თეატრში ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან შეხვედრაზე, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ არ მიუღია, არამედ ამ შეხვედრის დაწყებამდე, სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტში თეატრის თავკაცთან საუბრისას:

`აგერ, ამ ოთახში ვიჯექით მთელი 40-45 წუთი, უფრო სწორად, ორივე ფეხზე ვიდექით ბატონი ბიძინას დაცვის უფროსთან და პრესმდივანთან ერთად. მან გულწრფელად მოიხადა ბოდიში. მითხრა, ეტყობა, გამომრჩაო, არა, თქვენ ხომ თქვით, რომ ბათუმის თეატრის შემდეგ დაიწყებდით-მეთქი, ვუთხარი. ცოტა გაღიზიანდა, რა შუაშია ბათუმის თეატრი, მე ეს უნდა დამეწყო ადრე, ბლექსი არენა არ უნდა გახსნილიყო, სანამ ოზურგეთის თეატრი არ დამთავრდებოდაო. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ხალხო, ოზურგეთის სათეატრო შენობა უნდა გახდეს ბლექსი არენას ფარმა შენობა. გადარეკა, გადმორეკა, გაარკვია, მომიბრუნდა და მითხრა, მეც მომეხადა ბოდიში, რომ არ შევახსენე. ჩამომითვალა, სამჯერ ხომ შევხვდით ერთმანეთს, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად ხომ ვისაუბრეთ, მაშინ ხომ უნდა გეთქვაო? ვუთხარი, არ უნდა მეთქვა, ჩემს თავს ვერ მივეცი ამის უფლება და მგონი, არც ვიქნებოდი მართალი-მეთქი~. – აღნიშნა პრეკონფერენციაზე ვასილ ჩიგოგიძემ.

მანვე ვრცლად ისაუბრა, ამ სარესტავრაციო სამუშაოების გამო, თეატრის შემოქმედებითი გეგმების კარდინალურად შეცვლის თაობაზე, რომ ახალ თეატრალურ სეზონს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (ერთი საარჩევნო უბანი თეატრის შენობაშია განთავსებული) მცირე დარბაზში განაგრძობენ, რომ ახალ თეატრალურ სეზონს გიზო ჟორდანიას `ბოშებით~ და `ფიფქია და შვიდი ჯუჯათი~ ხსნიან, რომლის რეჟისორია ქალბატონი ლალი თაბაგარი, მხატვარი _ ლომგულ მურუსიძე, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი – ვასილ ჩიგოგიძე.

როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, `სარესტავრაციო სამუშაოები ორწელიწადნახევარს მაინც გასტანს.

ყველაფერი ხდება ჩვენი სურვილის გათვალისწინებით. მოკლედ, ოზურგეთის თეატრს ექნება ხმის ჩამწერი სტუდია, ტანც-კლასები, თავისი სარკეებიანი დარბაზით, მსახიობთა ტრენაჟორები, დიდი მუზეუმი. გაიხსნება ის მესამე ჩაკეტილი სართული, გაკეთდება ამფითეატრი თავისი ბენუარის ლოჟებით, განათება, გახმოვანება ჩამოვა პირველ იარუსზე, საამისოდ იქნება სპეციალური ჭრილი.

ოზურგეთის თეატრს სხვენზე გაუჩნდება მესამე სცენა. იქნება მინიმუმ სამი სასტუმრო ოთახი, ორი ლუქსი საგრიმიორო, 6 ახალი საგრიმიორო. მოხდება ორი სართულის მოშენება 8 მეტრი სიგრძით, რომლის პირველ სართულზე განთავსდება სადეკორაციო – სადურგლო განყოფილება, დეკორაციის შესანახი. ახალ ელფერს და ფუნქციას შეიძენს თეატრის გვერდით მდებარე პარკი~.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.