ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
ლანჩხუთი-ჩოხატაური არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.რეგიონმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ნინო წილოსანსა და დამოუკიდებელ კანდიდატ აკაკი ჩხაიძეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
„არ დეიზარო“ - გურულებისადმი ამ მოწოდებით დაიწყო მეორე ტურის საარჩევნო კამპანია ნინო წილოსანმა, რომელსაც პირველ ტურში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.
- ქალბატონო ნინო, მეორე ტურის წინ ახალი რა გაქვთ სათქმელი იმ ამომრჩევლისთვის, ვინც პირველ ტურში თქვენს ოპონენტებს დაუჭირა მხარი?
- პირველ რიგში, მინდა,დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღო არჩევნებში... და ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის მისცა ხმა.რა თქმა უნდა, მე ვარ ამაყი, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დამიჭირა.
მე თავიდანვე ვაცნობიერებდი, თუ რას ნიშნავს, იყო პარლამენტის წევრი და, მით უმეტეს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოადგენდე ლანჩხუთს, ჩოხატაურს და ოზურგეთს. მოგეხსენებათ, ლანჩხუტი-ჩოხატაურის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფელი შედის. ცოტა გურული იუმორით ვიტყვი, რომ ოზურგეთელებს ნამეტანი გაუმართლათ, რადგან პარლამეტში, ერთის ნაცვლად,ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებთ - ოზურგეთში უკვე გამარჯვებული არჩილ თალაკვაძე და მე.ჩვენ ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას ვაპირებთ.
- ანუ თქვენ 30 ოქტომბერს გამარჯვებას ელოდებით?
- იცით, პირველ ტურში ჩემმა შედეგმა უკვე ბევრი გააოცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ გვიანჩავერთე საარჩევნო კამპანიაში. გურულები ბრძენი ხალხია და მათ არ გაჭირვებიათ იმის გაანალიზება, ვინ უკეთშეძლებს მათი პრობლემების მოგვარებას, ვის უფრო შესტკივა მათზე გული და ვინ უკეთ მიიტანს მათ სათქმელსადგილობრივ, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
მე პირველ ტურში მიღწეული შედეგი, მინიმუმ, უნდა გავიმეორო და მჯერა, რომ მეორე ტურში უკეთესი რეზულტატი იქნება. ამასთან, ახლა ჩვენ უფრო მეტ კონკრეტულ პროექტს და ინიციატივას წარვუდგენთ ამომრჩეველს და ეს არ იქნება ზოგადი დაპირებების კამპანია. ახლა მეტ ყურადღებას დავუთმობ ამომრჩევლამდე ჩემი სათქმელის, ჩემი გზავნილების უკეთ მიტანას.
- როგორ ოპონირებას გაუწევთ მეორე ტურში თქვენს ერთადერთ კონკურენტს?
- ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იდეებისა და ინიციატივების შეჯიბრი იყოს, თუმცა, სამწუხაროდ, მთლად ასე არ გამოვიდა. ძირითადი ოპონენტები არ ერიდებოდნენ „აკრძალული ილეთების“ გამოყენებას და, ვფიქრობ, ამ მხრივ არც მეორე ტური იქნება გამონაკლისი. თუმცა, პირადად მე პირობას გაძლევთ, რომ ჩემი გუნდი არ აჰყვება მსგავსი სტილის დაპირისპირებას. თუმცა მე მზად ვარ, ღია დებატებში ნებისმიერ დროს და ადგილას შევხვდე ჩემს ოპონენტს და ერთმანეთს იდეებითა და პროექტებით შევეჯიბროთ. ეს უფრო სამართლიანი იქნება.ხალხმა უნდა იცოდეს, როგორ იმუშავებს და რას მოუტანს რეგიონს მათი რჩეული.
- და რას მოუტანს თქვენი დეპუტატობა რეგიონს?
- სანამ ჩემი, როგორც დეპუტატის საქმიანობის პრიორიტეტებზე გეტყვით, მინდა, აღვნიშნო, რომ მე მზად ვარ, პარლამენტში ყოფნის პერიოდში მაქსიმალურად გამაკონტროლოთ და ხშირად გამახსენოთ ჩემი დაპირებები.
ახლა, რაც შეეხება ჩემს პრიორიტეტული მიმართულებებს... სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარება, სხვა საკითხებთან ერთად, ის ძირითადი სფეროებია, სადაც კონკრეტული პროექტების განხორციელებას, ჩემს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად შევუწყობ ხელს.
სოფლის მეურნეობის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გადამწყვეტი პირობა იქნება რეგიონის კეთილდღეობისთვის. ჩვენ ადგილობრივი ფერმერებისთვის შევქმნით სპეციალურ რესურსცენტრს, სადაც გავაცნობთ სიახლეებს და მივაწვდით ინფორმაციას იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებითაც ნებისმიერ გლეხს შეუძლია სარგებლობა.
ამასთან, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან“ ერთად, შევქმნით ბიზნეს-ინკუბატორს, სადაც მოვიწვევთ წარმატებულ ბიზნესმენებს, გვექნება გადამზადების და ტრენინგების პროგრამა, რაც ასევე, ძირითადად, ფერმერული მეურნეობის და წვრილი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
განათლების კუთხით მნიშვნელოვანია ალტერნატიული საშუალებებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ინფორმაციის მიღების სივრცეების შექმნა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ, დისტანციურად ისწავლონ, გაიარონ პოპულარული ონლაინკურსები და შეძლონ საკუთარი იდეებისა და პროექტების სხვებისთვის გაზიარება. ამასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს.
ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ გამოწვევად რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობას, გაზიფიკაციის ქსელის განვითარებაზე ზრუნვას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც უკვე გათვალისწინებულია 2017 წლის ბიუჯეტში.
პარლამენტში ლანჩხუთსა და ჩოხატაურს ჩემი სახით ისეთი ხმა ექნება, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ.
ტურიზმის მიმართულებითაც ბევრი სამუშაოა. წინ გვაქვს ბახმაროს რეაბილიტაცია. იგი მსოფლიო დონის, ოთხი სეზონის კურორტად უნდა ვაქციოთ, რაშიც მე აქტიურ მონაწილეობას მივიღებ.
ასევე, გურიის ტერიტორიაზე არსებობს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების შესანიშნავი ძეგლები, რომლებსაც მეტი მოვლა და ერთიან ტურისტულ რუკაზე დატანა სჭირდება. ლანჩხუთი და ჩოხატაური, პირველ რიგში, ქართველ და შემდეგ უკვე უცხოელ ტურისტებს ახალი კუთხით უნდა დავანახოთ.
ეს ჩემი, როგორც პარლამენტარის, საქმიანობის ზოგადი მიმართულებებია.
- სამწუხაროდ, რეგიონი თავის ზოგიერთ რჩეულს არჩევნების მეორე დღიდან ვეღარ ხედავს მომდევნო არჩევნებამდე...
- გარწუნებთ, ჩემთვის არჩევნების მეორე დღეც ისეთივე დაძაბული და საქმიანი იქნება, როგორიც იყო ნებისმიერი დღე კენჭისყრამდე. უკვე ახლა ვემზადები ჩემს გუნდთან ერთად, რათა მყარი გარანტიები მოვიპოვო იმ პროექტების და იდეების ხორცშესასხმელად, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში წარვუდგინეთ ლანჩხუთელებს, ჩოხატაურელებს, ოზურგეთელებს. მე უნდა შევასრულო ამ ხალხისთვის მიცემული დაპირებები და სრულად ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემთვის მთავარი აქტივი, მთავარი ღირებულება ხალხია, ვისიც ყველაზე მეტად მეიმედება. ამ პერიოდში ჩემ გარშემო უძლიერესი გუნდი შეიკრიბა - შტაბის წევრები, კოორდინატორები, მხარდამჭერები, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდაა და მე შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ ხალხთან ერთად, ბოლომდე მზად ვარ პარლამენტის წევრობისთვის.