ენვერ (ალექსი) ნიკოლაიშვილი _ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში (დაბლა ვანისქედი, ნიკოლაიშვილების უბანი) დაიბადა. დაამთავრა სოფელ ნაგომრის საშუალო სკოლა, შემდეგ _ინსტიტუტი.
მამა _ტიხო ნიკოლაიშვილი კარგი მეურნე და ცხენოსანი იყო. ცხენის სიყვარული შვილებსაც დაურჩა. გარეგნობამ და მხედრულმა ნიჭმა ენვერ ნიკოლაიშვილი კინისტუდია „ქართულ ფილმში“ მიიყვანა. იგი იგონებს: _ კინოსტუდია „ქართული ფილმი“ თბილისში, მაშინდელ პლეხანოვზე იყო. ახალგაზრდების ჯგუფი ქუჩაში ვიდექით და ვსაუბრობდით. გამოიარა გიორგი შენგელაიამ. კარგი მსახიობი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ რეჟისორი თუ იყო -არა.
_ბიჭებო, ცხენზე ჯდომა იცით?_ შეგვეკითხა.
_ცხენზე არ დავბადებულვარ, თორემ ისე როგორ არ ვიცი_ ვუპასუხე. _ჰოდა, ძალიან კარგი. ხვალ, კინოსტუდიაში „მაცი ხვიტიას“ გადამღებ ჯგუფთან მოხვალო_მითხრა.
მე იმ პერიოდში ცნობილ #31 ქარხანაში ვმუშაობდი. სამსახურში მოკლე შვებულება ავიღე და კინოსტუდიაში მივედი.გიორგი შენგელაიამ ამხედ-დამხედა, სახელდახელოდ წვერი დამაკრეს და ფოტოები გადამიღეს. ფოტოგადაღებას რომ მორჩნენ, მირჩიეს წვერი მომეშვა და კინოსტუდიის საცხენოსნო ბაზის მწვრთნელს თემო ჩაჩავას დაავალეს ჩემი მხედრული ნიჭის შემოწმება.
ეს კლუბი ერთი წლის ( 1965 წ.) შექმნილი იყო. კარგი მხედარი ვიყავი და პირდაპირ ჩამსვეს ფილმში ეპიზოდურ როლებში ცხენოსნად. ძირითად სამუშაოებს მასიურ სცენებში ჩვენ ვასრულებდით. ამას მოჰყვა ფილმები „ლონდრე,“ „შეხვედრა მთაში,“ „არაჩვეულებრივი გამოფენა.“( აქ ცხენოსანი არ ვარ, ეპიზოდურ როლს ვასრულებ), და ა.შ. თბილისში აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდია „დეფა“-ს გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. 60-70-იან წლებში, ეს კინოსტუდია იღებდა სათავგადსავლო ფილმებს ინდიელებზე, ექს-იუგოსლაველი ვარსკვლავის გოიკო მიტიჩის მონაწილეობით: ამ ფილმების მიხედვით, სიკვდილის საფრთხის წინაშე მყოფ ინდიელებს მხსნელად უსათუოდ თეთრკანიანი დამცველი გამოუჩნდებოდა ხოლმე. ამჯერად მათ მხატვრული ფილმი „შევარდენის კვალი“ისევ ინდიელებზე, უნდა გადაეღოთ. ჩეხი კინოხელოვანების მიერ გადაღებული ქართულ-ჩეხური კინოსტუდიების ერთობლივი ფილმის, „შეწყვეტილი სიმღერა“ შემდეგ, ეს მეორე პრეცენდენტი იყო, როცა საქართველოში უცხოური კინოსტუდია იღებდა ფილმს. ამ ფილმის დიდი ნაწილი საქართველოში, კერძოდ ხევსურეთში, ხევში (ყაზბეგის რაიონი), მთიულეთში (ფასანაური, ქვეშეთი) და სოფელ დიღმის მიდამოებში გადაიღეს.
ფილმში გოიკო მიტიჩის გარდა საქართველოდან არაერთი სახელოვანი მსახიობი იყო დაკავებული: ოთარ კობერიძე, კობა ქობულაშვილი, ახალგაზრდა ლეილა მესხი და სხვები. მე დუბლიორი ვიყავი .მაშინ კასკადიორს არ უწოდებდნენ დუბლიორს, თორემ ურთულესი ტრიუკები უნდა შეგვესრულებინა.
75-კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში დაბანაკდა. ფილმის მთავარი რეჟისორი ბოტფრიდ კოლდიცი იყო. 4 თუ 5 თვე მიმდინარეობდა გადაღებები. ჩემმა მხედრულმა ნიჭმა გოიკოსთან დამაახლოვა. ფილმის გადაღების ხარისხზე კარგად აისახა ჩეხი მილანის (გვარი არ მახსოვს) შრომა. იგი ბრატისლავას სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ფიზკულტურის კათედრის გამდე იყო -კულტურიზმის სპეციალისტი. იგი საოცარ ვარჯიშებს ატარებდა. რეჟისორს და საერთოდ „დეფას“ კინოსტუდიის წარმომადგენლებს ძალიან მოეწონათ ჩვენი მთის ბუნება. მათ ფილმი „შეხვედრა მთაში“ ჰქონდათ ნანახი და ძალიან მოსწონდათ ხევსურეთი. ერთ-ერთი გადაღებისას როშკის ჩანჩქერთან ცხენიდან ქართველი მსახიობი ლეილა მესხი გადმოვარდა და დაშავდა. შემდეგ იყო ასეთი სცენა: ცხენზე მჯდომი გოიკო ლასოს ესვრის მეორე ცხენს, ვერ ამაგრებს მუშები ცხენს და გოიკო კისრისტეხით ვარდება ცხენიდან. ძალიან რთული ნომრების შესრულება გვიწევდა ცხენოსნებს...
ამ გადაღებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა თუ რაოდენ ლამაზია ჩვენი ქვეყნის ბუნება, ხოლო უხოელებს გარდა ბუნებისა_ ქართული სტუმართმოყვარეობა. ფილმმა პოპულარობა მოგვიტანა და ერთგვარი მეგობრობის ხიდი გაიდო ჩვენსა და გერმანელებს შორის.ძალიან დასამახსოვრებელი წლები იყო...
_ამის შემდეგ თქვენ კიდევ რამდენიმე ფილმში გადაგიღეს...
_ამას მოჰყვა „დიდოსტატის მარჯვენა,“ „წყალდიდობა.“ „დიდოსტატის მარჯვენაში“ ქართული თეატრისა და კინოს მთელი კოჰორტა იყო დაკავებული:რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი და დევი აბაშიძე; მსახიობები: ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, აკაკი ვასაძე,ვასო გოძიაშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ლიანა ასათიანი, ლეილა აბაშიძე, ლალი ბადურაშვილი, დოდო აბაშიძე, გოგი გელოვანი,..კოტე დაუშვილი, ზურაბ ქაფიანიძე... ფილმის გადასაღებ მოედანზე ხშირად მოდიოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია.
მე ამ ფილმში ეპიზოდურ როლს ვასრულებდი, მაგრამ გადასაღებ მოედანზე თითქმის ყველა დღე მიწევდა ყოფნა. .ფილმში შორენას როლს მსახიობი ლალი ბადურაშვილი ასრულებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში შორენა ვეფხვებთანაა და ვეფხვი ახტება მკერდზე. დუბლიორი ვერ გამოიყენეს. მე-4 თუ მე-5 დუბლი იყო, ვეფხვი ლალის წინ ორ ფეხზე აღიმართა... ხალხმა ამოიგმინა. წყალიო -დაიძახეს.
საბედნიეროდ წყალი შემკრთალმა შორენა-ლალიმ დალია მხოლოდ. ეს ფილმი 1970 წელს გამოვიდა ეკრანზე...
_ რატომ ჩამოსცილდით „ქართულ ფილმს?“
_დავოჯახდი და უფრო მყარი შემოსავლის წყაროზე უნდა მეფიქრა. 1971 წელს „ტრანსგაზში“ დავიწყე მუშაობა, 1998 წლიდან გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ვარ. 45 წელია ამ სისტემაში ვმუშაობ.ამჟამად ამ კომპანიაში საგურამოს ფილიალის მთავარი დისპეტჩერი ვარ.
_თქვენ აფხაზეთში იბრძოდით...
_პირველად ცხინვალში მომიწია შესვლა. ჩემი ძმისშვილი, სოსო ნიკოლიაშვილი ოზურგეთიდან სხვა პოლიციელებთან ერთად ცხინვალში იყო. ძმამ დამირეკა _ნახე, როგორ არის ჩემი შვილიო. ჩავაკითხე. მის მეგობრებთან ერთად პურს ვჭამდით, სროლა რომ ატყდა. ბოევიკები დაგვესხენ თავს. პირველად იქ ვიყნოსე დენთის სუნი. სოსო იქ კი გადარჩა, მაგრამ 3 წლის შემდეგ სოფელ ბაღდადთან, კრიმინალებთან შეტაკებისას დაიღუპა...
აფხაზეთშიც ძმისშვილთან ზურაბთან და დისშვილთან სერგო მჟავანაძესთან (აცხონოს სერგო უფალმა) ერთად ვიბრძოდი. ფრონტზე 1992 წლის 3 ოქტომბერს წავედი, ერთი კვირის შემდეგ დამჭრეს და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. გამოჯანმრთელების შემდეგ ოჩამჩირის 23-ე ბრიგადას დავუბრუნდი.
ომზე რა უნდა მოგიყვეთ. 1993 წლის 10 ივლისს ტამიშთან დესანტი გადმოსხეს და ეს ბრძოლა მოვიგეთ. იქ ფეხებში დამჭრეს, მაგრამ საველე ჰოსპიტალში ვიმკურნალე და ბოლომდე ფრონტზე ვიყავით. სოხუმის დაცემის შემდეგ, საკენის ცნობილი უღელტეხილით გადმოვედით სვანეთში. მოვდიოდით დამარცხებული მებრძოლები, საკუთარი ეზო-კარიდან აყრილი ძირძველი მოსახლეობა. ძნელი გასახსენებელია...
შემდეგ კვლავ მომიწია სვანეთში ჩასვლა. ლენტეხის გზით ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიტანეთ მესტიაში.
_ თქვენი ცხენოსნობა შემდეგ არ დაგჭირვებიათ..
_ 1994 წლის 26 მაისს პარადის გახსნაზე თეთრი ჩოხითა და წაბლა ცხენით გამოვედი. ცალ ხელში საქართველოს დროშა მეკავა...მაშინ ჯერ კიდევ გვჯეროდა, აფხაზეთის დაბრუნება მოკლე დროში იყო შესაძლებელი....
- თქვენი მეუღლე რეპრესირებული ოჯახიდანაა....
_მეუღლე, ლამარა ჩინჩალაძე, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი წლების განმავლობაში ასწავლიდა საქართველოს სამხედრო აკადემიაში. წინა ხელისუფლების „ყურადღების“ ქვეშ აღმოჩნდა და მათთვის „მიუღებელ“ სხვა ლექტორებთან ერთად სასწავლებელი დატოვა. მისი მამა სიმონ ჩინჩალაძე 1922 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას 1924 წელს შორაპანთან. სიმონმა 30 წელი გაატარა პატიმრობაში.(მეტეხის, ბუტირსკის, კრასნოიარსკის, ენისეისკის, აჩინსკის, კენგირის ციხეები). საქართველოში დაბრუნებულმა დაწერა მემუარების მრავალტომეული, რომლის შემოკლებული ვარიანტი „ეკლიანი გზის“ ჩანაწერები (1924-1956 წლები) 2004 წელს გამოიცა.( ჩემმა მეუღლემ მოამზადა გამოსაცემად).
მყავს ორი შვილი შორენა და ირინა და სამი შვილისშვილი ლექსო, ანდრია, ნიკოლოზი. უფროსი ქალიშვილი შორენა ლექსოსთან ერთად ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
წელს დაბადებიდან 70 წელი შემისრულდა. რა თქმა უნდა ვიხსენებ ჩემს მეგობრებს, იმ ძვირფას ადამიანებს, რომლებიც კინოსტუდიაში მუშაობის დროს გავიცანი. გიოკო მიტიჩზეც ვგებულობ ხოლმე, მაგრამ მაინც უმეტესად დაღუპულ ფრონტელ მეგობრებს ვიხსენებ, ვინც იმ ჯოჯოხეთს გადაურჩა, ვნახულობ...ომმა ჩემი სხვა მოგონებები თითქმის გადაფარა..
_ და მაინც, რას უსურვებდით მომავალ თაობას..
- ჩვენ ძალიან რთული 9 წლიანი მმართველობის უღელი გადავიტანეთ. ამ წლებმა ბევრი ცუდი მოგვიტანა. ახალგაზარდებს მინდა სამშობლოს სიყვარული ვუსურვო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და უნდა იფიქრონ როგორ შეინარჩუნონ იდენტობა, რომელიც დიდმა ილიამ ასე ჩამოაყალიბა: „მამული, ენა, სარწმუნოება!“-ამის ერთგული უნდა დარჩნენ. ეს არ ნიშნავს იმას, დასავლური ღირებულებები არ გაითვალისწინონ, მაგრამ ამოსავალი ილიას განსაზღვრება უნდა იყოს.