დაბა ნასაკირალის ორივე საარჩევნო უბანში, საპარლამენტო არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურში ამომრჩეველზე უფრო „ალმედია“ აქტიურობს.
პირველ ტურს აქ ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60/60 მაჟორიტარი საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანში, საუბნო კომისიის მდივნის, ასმათ ირემაძის თქმით, ალმედიის“ 5 წარმომადგენელი (?!) აკვირდებოდა: _„8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს უბანს დამკვირვებლები ნამდვილად არ აკლდა. მათგან რაოდენობრივად გამოირჩეოდა „ალმედია,“ რომელმაც 5 წარმომადგენელი მოავლინა. აქედან 3 თბილისიდან იყო, ორი კი _ადგილობრივი.“
„ალმედიის“ ორი წარმომადგენელი დაგვხვდა ნასაკირალის #16 საარჩევნო უბანში: ნათელა დიასამიძე-ბერიძე და თეონა ძირკვაძე. თეონა ძირკვაძე პროფესიით მასწავლებელია და ასწავლის ნასაკირალის საჯარო სკოლაში. როგორც ტვითონ ამბობს, მედიაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია:
_„პროფესიით ვარ მასწავლებელი. ვასწავლი დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას. მთხოვეს და დავთანმხდი ვყოფილიყავი „ალმედიის“ წარმომადგენელი. მედიაში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, რა ეს აუცილებელია?“
ნასაკირალის #16 საარჩევნო უბანზე, როგორც კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ბერუჩაშვილმა გვითხრა, დილის საათებში ამორჩეველთა დიდი აქტიურობა არ შეინიშნებოდა:
_„დილით მოსალოდნელზე ნაკლები ამომრჩეველი მოვიდა. შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და დღის 15 საათისათვის 864 ამომრჩევლიდან 248 გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. სავარაუდოდ, ამომრჩევლების რაოდენობა ნაშუადღევს იმატებს.“
ამომრჩეველთა აქტიურობა ასევე დაბალი იყო ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანში. 16 საათისათვის აქ 1226 ამომრჩევლიდან 350-მა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში ორივე საარჩევნო უბანში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ნინო კვიტაიშვილს მხარი დაუჭირა 584 ამომჩეველმა: 461 ხმა მოიპოვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა. მეორე ტურში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატს აკაკი ჩხაიძეს მხოლოდ 103 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.