ინტერვიუ არჩილ თალაკვაძესთან

დამატებულია: 2016-11-06
picture1

_ ცოტაც და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი თავის პირველ სხდომას გამართავს. რას საქმიანობს პარლამენტის კარების შეღებამდე დარჩენილ მცირე დროში ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გამარჯვებული კანდიდატი, აწ უკვე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე?

_ განვაგრძობ ურთიერთობას მოსახლეობასთან ქალაქსა და სოფლებში. გარდა ამისა, უკვე გავმართე სამუშაო შეხვედრები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ჩვენი რაიონის საჭიროებებთან დაკავშირებით. უკვე განიხილება რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება მეწარმეობის და ბიზნესის განვითარების, ასევე ტურისტული ლოკაციების მოწყობის და კულტურის სფეროებში.

მეორე ტურის მიმდინარეობისას ვიდექი ჩემი მეგობრების გვერდით და მინდა მივულოცო ყველა კოლეგას ბრწყინვალე გამარჯვება.

_ 30 ოქტომბერს თქვენმა ამომრჩეველმა და ჟურნალისტებმა ძიმითის საარჩევნო უბანში გიხილათ, როგორც `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი. რა იყო ეს _ პარტიული დავალება, თანაპარტიელისა და კოლეგისადმი გამოხატული თანადგომა თუ გარკვეული დროით რიგითი მოქალაქის ამპლუაში ყოფნა?

_ პირველ რიგში, ეს იყო ძიმითის და ძიმითელების გვერდით დგომა. არაერთხელ მითქვამს და სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ლანჩხუთსა და ჩოხატაურს ჰყავს ძალიან პოზიტიური, წარმატებული და თანამედროვე ადამიანი მაჟორიტარად, ნინო წილოსანი, რომელმაც არჩევნების ორივე ტურში ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა. მჯერა, ერთად ბევრი საქმის გაკეთებას შევძლებთ და ერთმანეთს დავეხმარებით შემდეგი წლების განმავლობაშიც.

_ ქალაქის მერმა 1 ნოემბერს საზოგადოებისათვის ჩაბარებულ ანგარიშში განაცხადა, რომ მალე შესაძლებელი გახდება ოზურგეთში ჩ პეტატითით დაავადებულთა მკურნალობა. აღნიშნა, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ თქვენ. ეს მაჟორიტარი დეპუტატის პირველი ნაბიჯია თუ...

- ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ საქართველოს ორასი ათასამდე მოქალაქეს დაუბრუნა სიცოცხლის შანსი და განკურნების შესაძლებლობა. მკურნალობა რომელიც 80 000 დოლარზე მეტი ღირს, დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის უფასოა და რამდენიმე ათასი ადამიანი უკვე განიკურნა. ამ პროგრამით, რა თქმა, უნდა ოზურგეთელებიც სარგებლობენ. იმისათვის, რომ მეტი პაციენტი ჩაერთოს და პაციენტებს არ მოუწიოთ კვლევების ჩასატარებლად და მედიკამენტის მისაღებად სხვა ქალაქებში სიარული _ განიხილება და მალე გაიხსნება ამ პროგრამის ახალი წერტილი ოზურგეთში. ამაზე ქალაქის მერს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.

_ ბატონო არჩილ, საზოგადოების ერთი ნაწილი განსაკუთრებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები შიშობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით, მმართველი პარტია მოახდენს ხელისუფლების უზურპაციას და, დემოკრატიის ნაცვლად, მივიღებთ დიქტატურას. ამ საკითხზე თქვენი აზრი დიდად საინტერესოა, რადგან, რამდენადაც ცნობილია, სანამ საქართველოს პარლამენტის წევრი გახდებოდით, მოღვაწეობდით ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ სტრუქტურებში.

_ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენთვის არის მეტი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა სწრაფი განვითარებისთვის. ვიღაცას უნდა ეს საფრთხედ წარმოაჩინოს, თუმცა საზოგადოებას არ დავიწყებია, რომ ახლანდელი კონსტიტუცია ნაცინალური მოძრაობის ხელისუფლებამ გადააკეთა და მოირგო საკუთარ თავზე იმისთვის, რომ ძალაუფლების მონოპოლიზება მოეხდინა. 4 წელია ქვეყანა ამ კონსტიტუციით ცხოვრობს და თუ ჩვენ მისი ბოროტად გამოყენება გვინდოდა - ზუსტად ახლანდელი კონსტიტუცია იძლეოდა ამის საშუალებას _ როგორც ხედავთ, 4 წელი ჩვენმა გუნდმა ძალადობის და რეპრესიების გარეშე მართა ქვეყანა. ამიტომ, ახლა ყვირილი, რომ „ქვეყანა საფრთხეშია“ ნაკლებად დამაჯერებელია.

სინამდვილეში, არჩევნებში ასეთი უპირატესობით გამარჯვებამ ჩვენს ოპონენტებს მოუხსნა შესაძლებლობა, რომ ყველა საკითხზე გვევაჭრონ, ხელი შეგვიშალონ საქმის კეთებაში და ქვეყნის ინტერესების დაზიანებით საკუთარი გეგმები შეასრულონ. ეს არის ხალხის არჩევანი და დღეს ქვეყანას ჰყავს სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, დემოკრატიული ინსტიტუტები, აქვს თავისუფალი არჩევნების გამოცდილება და ეს არის მექანიზმები, რომელიც გააკონტროლებს, რომ რაიმეს გამოყენება არ მოხდეს არასათანადოდ.

_ რა მისიები დაეკისრებათ ხალხის რჩეულებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ეს ალბათ, ცნობილი გახდება პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. თქვენი არჩევანი რომ იყოს, პარლამენტის რომელ კომიტეტში ისურვებდით მუშაობას?

_ ამჟამად მიმდინარეობს შიდაპრტიული კონსულტაციები იმ ფუნქციებსა და პოზიციებზე, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩვენმა თანაგუნდელებმა უნდა დაიკავონ. 2-3 დღეში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და ბატონი კახი კალაძე საზოგადოებას გააცნობენ თუ ვინ რა პოზიციაზე იმუშავებს ახალ პარლამენტში. შემიძლია გითხრათ, რომ საჭირო ხალხი იქნება საჭირო ადგილებზე და საზოგადოებას ყველაზე ოპტიმალურ კონფიგურაციას შევთავაზებთ.

ჩემი გამოცდილება მმართველობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და ახალგაზრდულ პოლიტიკას უკავშირდება - გადაწყვეტილებას ამის შესახებ მალე მივიღებ და გაგაცნობთ აუცილებლად. მთავარი ჩემთვის არის იმ ადამიანების იმედები და მოლოდინები, ვისაც საარჩევნო კამპანიის დროს შევხვდი ყველა სოფელში და ქალაქ ოზურგეთში - გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოსახლეობის არჩევანი გამართლდეს.

_ და ბოლოს, თქვენი საყვარელი ფრაზა თუნდაც საკუთარი შემოქმედებიდან.

„ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?!

ესაუბრა

თემურ მარშანიშვილი

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.