დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათთან ერთად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ქალაქში ადაპტირებული გარემოს გაუმჯობესებაზე იმსჯელა.
საუბარი შშმ პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნას შეეხო. აღნიშნულთან დაკავშირებით ეტლით მოსარგებლე მოქალაქემ ის კონკრეტული პრობლემები გამოკვეთა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ქალაქში გადაადგილების დროს ექმნებათ. როგორც ბეგლარ სიორიძემ განმარტა, ქალაქის მერიის მიერ ინიცირებულ ინფრასტუქტურულ პროექტებში ადაპტირებული გარემოს შექმნა გათვალისწინებულია. აქვე აღნიშნა, რომ შექმნილი ბარიერების გადასაჭრელად, ქალაქის მერია შშმ პირებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა.
,, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ქალაქი ამ ადამიანებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გავხადოთ. დღეს შევთანხმდით, რომ ხვალ ქალაქის ყველა ბარიერულ ადგილს ერთად მოვინახულებთ და ადგილზე დავგეგმავთ, რისი შეცვლა იქნება შესაძლებელი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ თითოეულ მათგანს და მათი სატკივარი რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ.“ -განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
ნონა სადრაძე: ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი:
,, ქალაქის მერთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, დასმული პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად დავსახეთ. მიხარია, რომ ქალაქის მერია ყოველთვის ღიაა მსგავსი ტიპის თანამშრომლობისთვის.’’ აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება შშმ პირთათვის განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობაზე გაკეთდა.